საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შესახებ
საქმე №759აპ-24 თბილისი
ვ. გ., 759აპ-24 17 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ. ვ.ს ბრალად დაედო ყაჩაღობა, ესე იგი, თავდასხმა, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი არაერთგზის.
2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 20 იანვარს, დაახლოებით, 03:00 საათზე, თ-ში, ------ში მდებარე შპს „გ-ის“ კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში, 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით სხვისი ქონების ქურდობისათვის ნასამართლევი გ. ვ., სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავს დაესხა ამავე მაღაზიის ოპერატორებს – ფ. რ-სა და თ. ს-ეს, რა დროსაც დანის გამოყენებით სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით დაემუქრა და მოითხოვა ნავაჭრი თანხის გადაცემა. თავდამსხმელის მხრიდან მომდინარე იმწუთიერი აგრესიის გათვალისწინებით, დაზარალებულებმა მუქარა აღიქვეს რეალურად და დახმარებისათვის პოლიციას მიმართეს.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენით:
§ გ. ვ-ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა ამავე კოდექსის 150-ე მუხლის პირველ ნაწილზე;
§ გ. ვ., - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით შეფარდებულმა სასჯელმა შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 11 დეკემბრის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი – ჯარიმა – 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ. ვ.ს განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 20 იანვრიდან. მასვე, სასჯელის ვადად ჩაეთვალა პატიმრობის დრო.
4. განაჩენის მიხედვით, გ. ვ.ს მსჯავრად დაედო იძულება – ადამიანისათვის ქმედების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა, ესე იგი, მისი ფსიქიკური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის შესრულება ან რომლის შესრულებისაგან თავის შეკავება მისი უფლებაა.
5. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით: 2023 წლის 20 იანვარს, დაახლოებით, 03:00 საათზე, თ-ში ----ში მდებარე შპს „გ-ის“ კუთვნილ სასურსათო მაღაზიაში შევიდა გ. ვ. და მოლარე-ოპერატორს, თანხის სანაცვლოდ, სთხოვა, ჩაებარებინა არაყი, რისთვისაც უარი მიიღო. მიუხედავად უარისა, გ. ვ. დაზარალებულს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და მოსთხოვა თანხა. გ. ვ-ის მხრიდან განხორციელებული ქმედებით დაზარალებულებმა განიცადეს ფსიქიკური იძულება, შეესრულებინათ მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისაგან თავის შეკავება მათ უფლებას წარმოადგენდა და საკუთარ თავზე განიცადეს თავიანთი ნება-სურვილის საწინააღმდეგო ქმედება.
6. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სოფიო ბარაბაძემ, რომელმაც მოითხოვა: გასაჩივრებული განაჩენის შეცვლა; გ. ვ-ის დამნაშავედ ცნობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენით პროკურორის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 6 ოქტომბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 29 თებერვლის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – სოფიო ბარაბაძემ, რომელიც ითხოვს: გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას; გ. ვ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამ დანაშაულის სიმძიმისა და ხასიათის შესაბამისი საპატიმრო სასჯელის განსაზღვრას.
9. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
10. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. წარმოდგენილი საჩივრისა და საქმის შესწავლის შედეგად, არ არსებობს გარემოება, რის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, რადგან მსგავს სამართლებრივ საკითხებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომლის შეცვლის სამართლებრივი საფუძველი არ იკვეთება.
11. საკასაციო პალატა არ იზიარებს პროკურორის მოსაზრებებს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო, უკანონო და დაუსაბუთებელია, ეთანხმება და იზიარებს სააპელაციო პალატის სამართლებრივ შეფასებას და აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეაფასა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, რის შედეგადაც, გ. ვ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით. ამასთან, საკასაციო პალატა სრულად ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ, ამომწურავად დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, მათ შორის კვალიფიკაციასთან მიმართებით, ხოლო გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული არგუმენტაციის გამეორებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. ამავე დროს, სასამართლო ითვალისწინებს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას. აღნიშნული ზედა ინსტანციის სასამართლოებს უფლებას აძლევს, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „ჰირვისაარი ფინეთის წინააღმდეგ“ (Hirvisaari v. Finland, ECtHR, №49684/99, §30, 25/12/2001). მოკლე მსჯელობა საჩივრის დაუშვებლად ცნობის შესახებ – ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე: „გოროუ საბერძნეთის წინააღმდეგ“ (Gorou v. Greece (№2) ECtHR, №12686/03, §37, §41, 20/03/2009).
12. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთხელ დაადგინა, რომ სამართლის საკითხებთან დაკავშირებით, სასამართლოში წარდგენილ საჩივრებთან მიმართებით დასაშვებობის კრიტერიუმების დანერგვა და გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად შესრულების ლეგიტიმურ მიზანს (ბორისენკო და შპს „ერევანიანი ბაზალტი“ სომხეთის წინააღმდეგ (დეკ.), №18297/08, 2009 წლის 14 აპრილი). ევროპულმა სასამართლომ შენიშნა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლო, განსხვავებით ქვედა ინსტანციის სასამართლოებისგან, საქმეს სრულად არ განიხილავს, როგორიცაა – ფაქტებისა და მტკიცებულებების შეფასება; უზენაესი სასამართლოს მიერ საქმის განხილვა შეზღუდულია გარკვეული სამართლებრივი საკითხებით (Kuparadze v. Georgia, №30743/09, §76, ECtHR, 21/09/2017). ასეთ ვითარებაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ მიიჩნევს, რომ საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება – უარი ეთქვა აპლიკანტის საჩივრის განხილვაზე, მისაღწევი ლეგიტიმური მიზნის არაპროპორციული იყო. უფრო მეტიც, ევროპულმა სასამართლომ განაცხადა: როდესაც საკასაციო სასამართლო უარს აცხადებს საქმის განხილვაზე საქმის განხილვის სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო, კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები შეიძლება დაკმაყოფილდეს მცირე დასაბუთებით. სასამართლოებს არ მოეთხოვებათ, წარადგინონ განმცხადებლის თითოეულ არგუმენტზე პასუხი; ეს ვალდებულება გულისხმობს, რომ სასამართლო პროცესის მონაწილეებს შეუძლიათ, მიიღონ კონკრეტული და მკაფიო პასუხები იმ არგუმენტებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია სამართალწარმოების შედეგისთვის (იხ.: Tchankotadze v. Georgia, №15256/05, §103, 21/06/2016, აგრეთვე – Moreira Ferreira, §84 და Deryan v. Turkey, №41721/04, §33, 21/07/2015).
13. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
14. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ სოფიო ბარაბაძის საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე