3კ-807-02 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მემკვიდრეებად ცნობა, რეალური წილის გამოყოფა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ხელშეშლის აღკვეთა (ძირითადი სარჩელი); მემკვიდრედ ცნობა (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. რ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა აწ გარდაცვლილი ქმრის, ჭ. ს.-ის დანაშთი ქონების მემვიდრეებად მისი და მისი შვილების ცნობა, რეალური წილის განსაზღვრა, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და აღკვეთის ხელშეშლა შემდეგ გარემოებათა გამო: 1991 წლიდან ფაქტობრივ ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში იმყოფებოდა ჭ. ს.-თან. 1997 წლიდან მოახდინეს ქორწინების რეგისტრაცია. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: ს. და გ. 2000 წელს გარდაეცვალა მეუღლე ჭ. ს.-ი, რომელსაც დარჩა ქონება მცხეთის რაიონის სოფ. ძეგვში _ საცხოვრებელი სახლის 1/2½ და მიწის ნაკვეთი.
ვ. ს.-მ და გ. ა.-მ შეგებებული სარჩელი შეიტანეს სასამართლოში და მოითხოვეს შვილის დანაშთ ქონებაზე მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: 1969წ. 26 სექტემბერს მცხეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის გადაწყვეტილებით ვ. ს.-ის მამას, გ. ს.-ს, ნება დაერთო ჭ. ა.-ის შვილად აყვანაზე. ვ. ს.-ის სურვილით მას შვილის მიმართ შეუნარჩუნდა მშობლის უფლება-მოვალეობები. რაც შეეხება მოპასუხე ნ. რ.-ის მემკვიდრედ ცნობის საკითხს, მოსარჩელეები განმარტავენ, რომ ნ.რ.-ს სამკვიდროს გახსნამდე ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა ქორწინება ჭ. ს.-თან. ისინი ცხოვრობდნენ ცალ-ცალკე. ამდენად, სკ-ს 1341-ე მუხლის შესაბამისად ნ. რ.-ს უნდა ჩამოერთვას მემკვიდრეობა, ხოლო მემკვიდრეებად მიჩნეულნი იქნენ აწ გარდაცვლილი ჭ. ს.-ის მშობლები.
მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. რ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ნ. რ.-ი, ს. ს.-ი და გ. ს.-ი ცნობილ იქნენ ჭ. ს.-ის მემკვიდრეებად და მცხეთის რაიონის სოფ. ძეგვში მის სახელზე აღრიცხული სახლის და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებად. მოსარჩელეებს უარი ეთქვათ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვასა და ხელშეშლის აღკვეთაზე. არ დაკმაყოფილდა ვ. ს.-ის და გ. ა.-ის შეგებებული სარჩელი _ უარი ეთქვათ ჭ. ს.-ის მემკვიდრედ ცნობაზე და ნ. რ.-ისათვის მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ნ. რ.-ი, მისი შვილები ს. და გ. ს.-ები სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად წარმოადგენენ პირველი რიგის მემკვიდრეებს, ამიტომ სასამართლომ მიიჩნია ისინი სადავო სახლისა და მიწის ნაკვეთის მემკვიდრეებად. სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის უფლება აქვს მხოლოდ მესაკუთრეს, რომელიც სკ-ს 183-ე მუხლის თანახმად რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში. შესაბამისად მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის ამ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. რაც შეეხება ვ. ს.-ის მოთხოვნას, სასამართლომ ჩათვალა, რომ მას როგორც გამშვილებელს, ნაშვილების ან მისი შთამომავლების გარდაცვალების შემდეგ 1336-ე მუხლის თანახმად აღარ ეკუთვნის კანონისმიერი მემკვიდრეობა.
მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, როგორც ვ. ს.-მ, ასევე _ ნ. რ.-მ.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. რ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ვ. ს.-ისა და გ. ა.-ის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა მცხეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის ნაწილობრივი გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ნ. რ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ს. ს.-ი, დაბადებული 1993 წელს და გ. ს.-ი, დაბადებული 1995 წელს, ცნობილ იქნენ ჭ. ს.-ის სახელზე რიცხული სახლისა და მიწის ნაკვეთის მემკვიდრეებად და მესაკუთრედ. სააპელაციო სასამართლომ ვ. ს.-ის მოთხოვნა, ჭ. ს.-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობაზე, სკ-ს 1260-ე მუხლის თანახმად უსაფუძვლოდ მიიჩნია. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ ნ. რ.-ი ჭ. ს.-ის გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე არ ასრულებდა სკ-ს 1151-ე მუხლით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს, ფაქტობრივად შეწყვეტილი ჰქონდა ცოლ-ქმრული ურთიერთობა, რაც სასამართლომ სკ-ს 1341-ე მუხლის შესაბამისად მიიჩნია კანონით მემკვიდრეობის უფლების ჩამორთმევის საფუძვლად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ვ. ს.-მა და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და შვილის, აწ გარდაცვლილი ჭ. ს.-ის, მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: მისი შვილი იშვილა მხოლოდ ერთმა პირმა – გ. ს.-მ. სკ-ს 1260-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად კი ერთი პირის მიერ ბავშვის შვილად აყვანის შემთხვევაში ნაშვილები ინარჩუნებს პირად და ქონებრივ უფლებებსა და მოვალეობებს დედის სურვილით, თუ მშვილებელი მამაკაცია. აქედან გამომდინარე, მას შეუნარჩუნდა ჭ. ს.-ის მიმართ მშობლის უფლება-მოვალეობები.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი ასევე შეიტანა ნ. რ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის საოლქო სასამართლოში დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს გაითვალისწინა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ნათესავების ჩვენებები და არა _ მეზობლების განმარტებები. კასატორი მიიჩნევს, რომ მისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის მოთხოვნის უფლება სკ-ს 1312-ე მუხლის თანახმად მხოლოდ ჭ. ს.-ის პირველი რიგის მემკვიდრეებს ჰქონდათ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების მოტივები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება, რომ მცხეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით დამტკიცდა განათლების განყოფილების 1969წ. 3 სექტემბრის დადგენილება და გ. ს.-ს ნება დაერთო, ეშვილებინა არასრულწლოვანი ჭ. ა.-ი. შვილად აყვანის სააქტო ჩანაწერის მიხედვით ჭ. ა.-ის შვილად აყვანის შემდეგ იგი ჩაიწერა ჭ. ს.-ად. სააქტო ჩანაწერში მშვილებლებად მითითებული არიან გ. ს.-ი და ა. ს.-ი. შვილება მოხდა როგორც გ. ს.-ის, ისე _ ა. ს.-ის მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორ ვ. ს.-ის მოსაზრებას, რომ მისი შვილი იშვილა მხოლოდ მამამისმა გ. ს.-მ, დედად კვლავ ითვლებოდა თვითონ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სააპელაციო სასამართლომ სკ-ს 1260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სწორად უთხრა უარი ვ. ს.-ს ჭ. ს.-ის დანაშთი ქონების მემკვიდრედ ცნობაზე, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად ნაშვილები კარგავს პირად და ქონებრივ უფლებებს და თავისუფლდება მოვალეობებისაგან თავისი ღვიძლი მშობლების და წარმოშობით ნათესავების მიმართ.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორ ნ. რ.-ის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ იგი აწ გარდაცვლილ ჭ. ს.-თან ერთად აღარ ცხოვრობდა ბოლო სამიწ. მანძილზე, რაც გახდა მისთვის მემკვიდრეობის ჩამორთმევის საფუძველი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული გარემოების დადგენისას სასამართლომ დაკითხა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის ნათესავები და დაინტერესებული პირები. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დაადგინა სასამართლო პროცესზე მოწმეთა დაკითხვის შედეგად. აღნიშნული მოწმეები წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარე ს.-მ, ხოლო კასატორმა ვერ შეძლო წარმოედგინა მოწმეები ან სხვა მტკიცებულებები. წარმოედგინა მოწმეები ან სხვა მტკიცებულებები, კასატორმა ვერ შეძლო. სსკ-ს 103-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მტკიცებულებებს წარუდგენენ მხარეები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად თითოეულმა მხარემ თვითონ უნდა ამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ნ. რ.-მ სასამართლოს ვერ წარუდგინა მტკიცებულებები იმის დასადასტურებლად, რომ გარდაცვალებამდე, ბოლო სამიწ. მანძილზე, ის ჭ. ს.-თან ერთად ცხოვრობდა. აქედან გამომდინარე, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში სკ-ს 1341-ე მუხლის საფუძველზე სწორად ჩამოართვა მემკვიდრეობა ნ. რ.-ს, რადგან აღნიშნული მუხლის თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებით მეუღლეს შეიძლება ჩამოერთვას კანონით მემკვიდრეობის უფლება, თუ დადასტურებული იქნება, რომ ქორწინება მამკვიდრებელთან სამკვიდროს გახსნამდე არანაკლებ სამი წლისა ფაქტობრივად შეწყვეტილი იყო და მეუღლეები ცალ-ცალკე ცხოვრობდნენ.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ. ს.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
არ დაკმაყოფილდეს ნ. რ.-ის საკასაციო საჩივარი. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.