Facebook Twitter

¹ 3კ-811-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

მ. ახალაძე,მ. ცისკაძე

დავის საგანი: უკანონო ნაგებობიდან რეალური წილის - ფართისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ.თბილისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი, როგორც უკანონო ნაგებობა, ირიცხებოდა აწ გარდაცვლილი გ. დ.-ის სახელზე. ამჟამად სახლში ცხოვრობენ მისი შვილები თ. და ს. დ.-ები, ხოლო მესამე შვილი ნ. დ.-ი დროებით ცხოვრობს ქ. მოსკოვში.

ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. დ.-ის წარმომადგენლებმა ა. და ნ. დ.-ებმა მოპასუხეების, ს. დ.-ის და თ. დ.-ის, მიმართ და მოითხოვეს სარგებლობის უფლებით ზემოთ აღნიშნული სადავო სახლიდან 1/3 რეალური წილისა და მიწის ნაკვეთის გამოყოფა.

ს. დ.-მა შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა სადავო სახლიდან 1/3 რეალური წილის გამოყოფა.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა როგორც სარჩელი, ასევე, შეგებებული სარჩელი და მოსარჩელეებს თითოეულს ცალ-ცალკე, სადავო საცხოვრებელი სახლიდან და მიწის ნაკვეთიდან გამოეყო 1/3 რეალური წილი.

თ. დ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა აღნიშნული გადაწყვეტილება და მოითხოვა მისი გაუქმება იმ საფუძვლით, რომ ქონება, რომელიც რეალურად გაიყო, არ არსებობს როგორც სამკვიდრო ქონება, რადგან სახლი უკანონო ნაგებობაა; სასამართლომ ასევე არ მიუთითა გამოყოფილი 1/3 რეალური წილის გამოყოფისას თუ რა ფართს წარმოადგენს თითოეული მათგანი.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილებით თ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ს. და ნ. დ.-ების სარჩელს 1/3-1/3 წილების სარგებლობის უფლებით რეალურად გამოყოფის შესახებ ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება იმას, რომ უკანონო ნაგებობა არ წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტს და აქედან გამომდინარე, სასამართლო ვერ იმსჯელებს წილის რეალურად გამოყოფაზე მანამ, სანამ სადავო ნაგებობა არ დაკანონდება.

ს. და ნ. დ.-ების წარმომადგენელმა გ. ნ.-მ საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება და მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება საპროცესო ნორმების დარღვევითაა გამოტანილი. სასამართლომ ასევე გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, ხოლო გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული.

კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნები. სასამართლოს მითითება უკანონო ნაგებობის დაკანონებაზე სამართლებრივად და ეკონომიკურად საფუძველს მოკლებულია.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას საოლქო სასამართლო გასცდა თავის ფარგლებს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საკასაციო საჩივარს, საქმის მასალებს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ სადავო ნაგებობა, მდებარე ... ქ. თბილისში, ირიცხება მოდავე მხარეების, ძმების: თ., ს. და ნ. დ.-ების მამის, გ. დ.-ის, სახელზე, როგორც უკანონო ნაგებობა.

პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სსკ-ს მე-2 და მე-4 მუხლების მოთხოვნები, ვინაიდან მან სასარჩელო მოთხოვნების დაკაყოფილებაზე უთხრა უარი მოსარჩელეს და არა მართლმსაჯულების განხორციელებაზე.

სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა, რომ უკანონო ნაგებობა, რომელიც კანონით დადგენილი ფორმით არ არის რეგისტრირებული, არ შეიძლება იყოს სამოქალაქო ბრუნვის ობიექტი და შესაბამისად არ წარმოადგენს სამკვიდრო ქონებას. პალატა თვლის, რომ რეალური წილის გამოყოფის საკითხი საზიარო უფლების გაუქმების შემდეგ შეიძლება გადაწყდეს.

სასარჩელო მოთხოვნების განხილვა დავის საგნის მიმართ მხოლოდ უკანონო ნაგებობის დაკანონების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ეს უკანასკნელი კი სასამართლოს კომპენტენციას სცილდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. და ნ. დ.-ების წარმომადგენლის გ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 აპრილის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.