ბს-239-184-კ-05 29 ივნისი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ჯ. გახოკიძე
დავის საგანი: კეთილსინდისიერ მფლობელად აღიარება, ხელშეშლის აღკვეთა (სარჩელით); საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა, უკანონო მფლობელობის აკრძალვა და გამოსახლება (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
შპს “ს.-მ” სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ტექნიკური უნივერსიტეტის ცხინვალის ფაკულტეტის და მესამე პირის _ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების გორის რეგიონალური ინსტიტუტის მიმართ და მოითხოვა ქ. გორში, ... მდებარე შენობის მეორე სართულის კეთილსინდისიერ მფლობელად აღიარება, ხელშეშლის აღკვეთა და მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ პედაგოგთა დახელოვნების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის გორის ფილიალთან 2002წ. 5 აგვისტოს გააფორმა საიჯარო ხელშეკრულება ქ. გორში, ... მდებარე მეიჯარის ბალანსზე არსებული შენობის მეორე სართულზე. იჯარის ხელშეკრულება დაიდო 10 წლის ვადით _ 2012 წლამდე. ხელშეკრულების დადებისას სიტყვიერი თანხმობა მისცა ტექნიკური უნივერსიტეტის გორი-ცხინვალის ფილიალის დეკანმა, ხოლო ერთი წლის შემდეგ მის მიმართ დაიწყო ძალმომრეობითი ქმედებები აღნიშნული შენობიდან გაძევების მიზნით, რის შედეგადაც მიადგა ზიანი 12400 ლარის ოდენობით.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 26 სექტემბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაება ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გორის სახელმწიფო ქონებისა და პრივატიზების სამმართველო. სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შპს “ს.-ისა” და III პირის _ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების გორის ... ინსტიტუტის მიმართ და მოითხოვა საქართველოს პედაგოგთა დახელოვნების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის გორის ფილიალსა და შპს “ს.-ს” შორის 2002წ. 5 აგვისტოს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობა და შპს “ს.-ის” გამოსახლება ტექნიკური უნივერსიტეტის გორის ფილიალის შენობიდან.
შეგებებულ სარჩელში მოსარჩელე მიუთითებდა, რომ ქ. გორში, ... მდებარე შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 1966 წლიდან ირიცხება ტექნიკური უნივერსიტეტის სახელზე. საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 17 იანვრის ¹46 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უვადო სარგებლობაში გადაეცა ბალანსზე რიცხული ძირითადი ფონდები და სხვა ქონება, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. გორის საკრებულოს 1999წ. 12 მაისის ¹34 გადაწყვეტილებით ... მდებარე შენობა უკანონოდ გადაეცა ¹... სახლმმართველობას. გორის საკრებულოს მიერ კანონდარღვევით ჩამორთმეული შენობა განათლების მინისტრის 2000წ. 4 აპრილის ¹96 ბრძანებით დაუბრუნდა მის კანონიერ მფლობელს.
შპს “ს.-სა” და საქართველოს პედაგოგთა დახელოვნების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის გორის ფილიალს შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება ეწინააღმდეგება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონსა და საქართველოს ქონების მართვის მინისტრის 1999წ. 27 მაისის ¹1-9/274 ბრძანებით დამტკიცებულ “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით მართვის (გადაცემის) წესის შესახებ” დებულების მოთხოვნებს.
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის” სარჩელი უსაფუძვლობის მოტივით. დაკმაყოფილდა ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 2002წ. 5 აგვისტოს გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულება და შპს “ს.-ე” გამოსახლდა ქ. გორში, ... მდებარე შენობის მის მიერ დაკავებული ფართიდან. სასამართლომ მიიჩნია, რომ საიჯარო ხელშეკრულება დაიდო სკ-ის 581-ე და 599-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, შპს “ს.-ე” ვერ ჩაითვლებოდა სადავო ფართის კეთილსინდისიერ მფლობელად. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ სკ-ის 161-ე მუხლის საფუძველზე უსაფუძვლო იყო მოთხოვნა ხელშეშლის აღკვეთისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, რადგან სადავო ფართზე არ წარმოადგენდა კეთილსინდისიერ მფლობელს.
სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ტექნიკური უნივერსიტეტის სარჩელი საიჯარო ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და შპს “ს.-ის” დაკავებული ფართიდან გამოსახლების შესახებ და მიუთითა, რომ ქ. გორში, ... მდებარე შენობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს მიღებული აქვს სახელმწიფოსაგან უვადო სარგებლობაში. გასაჩივრებული საიჯარო ხელშეკრულება დაიდო იმ პირის მიერ, რომელსაც არ გააჩნდა უფლებამოსილება სადავო ფართზე. სკ-ის 58-ე მუხლის თანახმად, იგი წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, ვინაიდან მეიჯარეს _ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების გორის რეგიონალურ ინსტიტუტს არ გააჩნდა საკუთრების უფლება ქონებაზე და არც ტექნიკური უნივერსიტეტისაგან ჰქონდა თანხმობა საიჯარო ხელშეკრულების დასადებად, ამიტომ დარღვეულია კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. შესაბამისად, გასაჩივრებული ხელშეკრულება დადებისთანავე წარმოადგენდა ბათილ გარიგებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ის 172-ე მუხლის საფუძველზე უნდა დაკმაყოფილებულიყო მოთხოვნა შპს “ს.-ის” დაკავებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა შპს “ს.-მ”, რომელმაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და თავისი სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა იჯარის ხელშეკრულების არაუფლებამოსილი პირის მიერ დადების თაობაზე და მიუთითა, რომ “იჯარის შესახებ” კანონის მე-4 მუხლის თანახმად, იჯარით ქონების გამცემი (მეიჯარე) შეიძლება იყოს მესაკუთრე ან მისგან უფლებამოსილი პირი. ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებული იყო, კერძოდ, განათლების სამინისტროს 2000წ. 4 აპრილის ¹96 ბრძანებით და ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს გორის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 30.10.2003წ. ¹281 წერილით, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. გორში, ... მდებარე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გორის ფილიალის შენობა, ამიტომ პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების ინსტიტუტის გორის ფილიალი არ იყო უფლებამოსილი, ფართი გაეცა იჯარით. შესაბამისად, გასაჩივრებული ხელშეკრულება წარმოადგენდა ბათილ გარიგებას, სკ-ის 54-ე მუხლის საფუძველზე. სასამართლომ მიუთითა, რომ, ვინაიდან არ დასტურდებოდა სადავო ფართზე შპს “ს.-ის” მართლზომიერი მფლობელობა, ამიტომ ტექნიკური უნივერსიტეტის მოთხოვნა საფუძვლიანი იყო შპს “ს.-ის” დაკავებული ფართიდან გამოსახლების თაობაზე.
შპს “ს.-ის” დირექტორი საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას. კასატორს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული დარღვევებით. სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებები დადგენილია არასწორად და მიეცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. საოლქო სასამართლომ განათლების სამინისტროს 2000წ. 4 აპრილის ¹96 ბრძანებისა და გორის სახელმწიფო აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 30.10.03წ. ¹281 წერილის საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნია, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა ქ. გორში, ... მდებარე შენობა და არ გაითვალისწინა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 26.04.2004წ. ¹172 ბრძანება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი 04.04.2000წ. ¹96 ბრძანება, შესაბამისად, ბათილია ამ ბრძანების საფუძველზე გაცემული ყველა დოკუმენტი.
შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიაზე შპს “ს.-ის” დირექტორმა თ. უ.-მ უარი განაცხადა საკასაციო საჩივარზე ზარალის ანაზღაურების ნაწილში და მოითხოვა ამ ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტა. საკასაციო სასამართლომ 2005წ. 11 აპრილის განჩინებით დააკმაყოფილა შპს “ს.-ის” დირექტორის შუამდგომლობა ზარალის ანაზღაურების ნაწილში საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ამ ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება.
საკასაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შპს “ს.-ის” დირექტორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს, მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, თავისი სარჩელის დაკმაყოფილება და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელმა არ ცნო საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა-კანონიერების შემოწმებისა და საკასაციო საჩივრის მოტივების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს “ს.-ის” დირექტორ თ. უ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინება.
სსკ-ის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონდარღვევით. სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა ან არასწორად განმარტა კანონი, გადაწყვეტილება იურიდიულად იმდენად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
შპს “ს.-ე” საკასაციო საჩივარში არ მიუთითებს სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებითY გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველზე. კასატორი მიუთითებს სააპელაციო სასამართლოს მიერ მტკიცებულებების არასრულფასოვნად შეფასება-გამორკვევასა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების არასწორად დადგენის შესახებ, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არ უნდა იქნეს გაზიარებული, ვინაიდან წარმოდგენილი არ არის დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ ქ. გორში, ... მდებარე შენობა და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი, ფართით 1124 კვ.მ, ქ. გორის ტექაღრიცხვის ბიუროს, გორის რაიონის მიწის მართვის სამმართველოს და საქართველოს პოლიტექნიური ინსტიტუტის ძირითად საშუალებათა აღრიცხვის საინვენტარიზაციო ბარათის მონაცემებით, 1966 წლიდან ირიცხება საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბალანსზე.
“საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების სტატუსის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992წ. 17 იანვრის ¹46 დადგენილების საფუძველზე, საქართველოს პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს უვადო სარგებლობაში გადაეცა მის ბალანსზე არსებული ძირითადი ფონდები და სხვა ქონება, რომლებიც წარმოადგენდა სახელმწიფოს საკუთრებას. საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 28 ივლისის ¹299 ბრძანებულებით დამტკიცებული “ტექნიკური უნივერსიტეტის წესდების” მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სახელმწიფოსგან უსასყიდლო უზრუნველყოფით გადაეცა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბალანსზე რიცხული ქონება. ასევე დადგენილია, რომ ქ. გორში, ... მდებარე შენობის სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმით გადაცემა არ მომხდარა და უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულება არ გაფორმებულა, იგი მომზადების სტადიაშია, მაგრამ აღნიშნული გარემოება არ წარმოადგენს შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს, ვინაიდან საქმის მასალებით არ დასტურდება და ვერც კასატორმა მიუთითა იმ საფუძველზე, რომლითაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება გადავიდა მუნიციპალურ საკუთრებაში და გორის ქალაქის გამგეობა უფლებამოსილი იყო, განეკარგა ... მდებარე შენობა. შესაბამისად, სადავო შენობა წარმოადგენს რა სახელმწიფოს საკუთრებას, მისი განკარგვის უფლებამოსილება არ გააჩნდა გორის ქალაქის გამგეობას და არასწორად მოხდა მისი გადაცემა ჯერ ¹... საბინაო სამმართველოსთვის, შემდეგ კი საქართველოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამოღებისა და გადამზადების გორის ... ინსტიტუტისათვის.
აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტისას გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი.
სკ-ის 161-ე მუხლის თანახმად, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთვა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშალა ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლია მოითხოვოს ხელშეშლის აღკვეთა. ვინაიდან დადგენილია, რომ საქართველოს პედაგოგთა დახელოვნებისა და გადამზადების ინსტიტუტის გორის ფილიალს ქონების მესაკუთრისგან _ სახელმწიფოსგან არ გააჩნდა სადავო ქონებით სარგებლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამიტომ იგი ვერ ჩაითვლება ქონების მესაკუთრისგან უფლებამოსილ პირად, რომელსაც ამ ქონებაზე გააჩნდა საიჯარო ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება, რაც, თავის მხრივ, გამორიცხავს შპს “ს.-ის” სადავო ფართზე მართლზომიერ მფლობელობას და ამის საფუძველზე ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნის საფუძვლიანობას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სასამართლომ სწორად დააკმაყოფილა ტექნიკური უნივერსიტეტის შეგებებული სარჩელის მოთხოვნა, რადგან სკ-ის 59-ე მუხლის შესაბამისად, ბათილია ნების გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისთვის საჭიროა ნებართვა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქ. გორში, ... მდებარე შენობა წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას და ქონების მესაკუთრეს არ გამოუხატავს თავისი ნება 2002წ. 5 აგვისტოს საიჯარო ხელშეკრულების დადებაზე, ასევე, ხელშეკრულების დასადებად არ მიუცია თანხმობა პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების გორის ... ინსტიტუტისათვის. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა, უსაფუძვლობის მოტივით, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალები არასრულყოფილად გამოიკვლია და საქმის გარემოებები არასწორად დაადგინა და მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია მატერიალური და საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშე, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
'
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს “ს.-ის” დირექტორ თ. უ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 17 დეკემბრის განჩინება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.