3კ-812-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
მ. ცისკაძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. თ.-ი მუშაობდა შპს “...-ის” დირექტორის თანამდებობაზე. შპს “...-ის” გენერალური დირექტორი ჯ. კ.-ის 2001წ. 18 მაისის ¹4 ბრძანების თანახმად გ. თ.-ი განთავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მან გაფრთხილების მიუხედავად მონაწილეობა არ მიიღო საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში, არ წარმოადგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია, იგნორირება გაუკეთა ხელმძღვანელობის კანონიერ მოთხოვნებს და არ დაემორჩილა, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს მის მიერ “...-ის” მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მითვისებაზე. აღნიშნულის გამო მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გააგრძელა თვითნებობა.
გ. თ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს “...-ის” გენერალური დირექტორის, ჯ. კ.-ის, მიმართ და მოითხოვა მისი სამუშაოდან განთავისუფლების ბრძანების გაუქმება.
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. თ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა: გაუქმდა შპს “...-ის” გენერალური დირექტორის ჯ. კ.-ის. 2001წ. 16 მაისის ბრძანება ¹4 გ. თ.-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ; გ. თ.-ი აღდგენილ იქნა შპს “...-ის” დირექტორის თანამდებობაზე.
შპს “...-ის” გენერალურმა დირექტორმა ჯ. კ.-ემ სააპელაციო საჩივარი შეიტანა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2002წ. 27 მარტის განჩინებით შპს “...-ის” სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა: უცვლელი დარჩა მოცემულ საქმეზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ნოემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნიორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნაზე, გამოწვევაზე, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტაზე. მოცემულ შემთხვევაში საზოგადოების წესდება განსხვავებულ წესებს არ შეიცავს.
სააპელაციო პალატის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს “...-ის” გენერალურმა დირექტორმა ჯ. კ.-მ, მან მოითხოვა განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელზე უარის თქმა. საკასაციო საჩივრის მოტივს წარმოადგენს ის, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლი, არ გაითვალისწინა საზოგადოების წესდების 21.4-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს გენერალური დირექტორის კომპეტენციას, გ. თ.-ის სამუშაოდან განთავისუფლებისას დაცულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის 34-ე მუხლის “გ” პუნქტი.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების განხილვის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ შპს “...-ის” გენერალური დირექტორის, ჯ. კ.-ის, საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, გ.თ.-ი შპს “...-ის” დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლდა 2001წ. 18 მაისს შპს “...-ის” გენერალური დირექტორის, ჯ.კ.-ის, ¹4 ბრძანებით, რომელიც დამტკიცებულ იქნა საქართველოს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ვ.ა.-ის მიერ. მისი სამსახურიდან დათხოვნის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ მან გაფრთხილების მიუხედავად მონაწილეობა არ მიიღო საინვენტარიზაციო კომისიის მუშაობაში, არ წარმოადგინა საბუღალტრო დოკუმენტაცია, იგნორირება გაუკეთა ხელმძღვანელობის კანონიერ მოთხოვნებს და არ დაემორჩილა, რაც სერიოზულ ეჭვს ბადებს მის მიერ “...-ის” მატერიალური ფასეულობებისა და ფულადი სახსრების მითვისებაზე. აღნიშნულის გამო მას გამოეცხადა სასტიკი საყვედური უკანასკნელი გაფრთხილებით, მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გააგრძელა თვითნებობა.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის არასწორად გამოიყენა “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტი. ამ ნორმის თანახმად, თუ საზოგადოების წესდება სხვა წესებს არ შეიცავს, მაშინ პარტნორთა კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნაზე, გამოწვევაზე, მათთან შრომითი ხელშეკრულებების დადებასა და შეწყვეტაზე. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემული საზოგადოების წესდება არ შეიცავს განსხვავებულ წესებს იმის შესახებ, რომ საზოგადოების გენერალურ დირექტორს უფლება აქვს, გაანთავისუფლოს იმავე საზოგადოების დირექტორი.
სააპელაციო პალატამ არ იმსჯელა საზოგადოების წესდების მე-18.2 მუხლის თაობაზე, რომლის თანახმად საზოგადოების გენერალური დირექტორი და დირექტორები აირჩევა (ინიშნება) კავშირის თავმჯდომარის მიერ გამგეობასთან შეთანხმებით; არანაირი შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ გ.თ.-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანება დამტკიცებულია საქართველოს კომპოზიტორთა საერთო ეროვნული შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე ვ.ა.-ის მიერ; სააპელაციო სასამართლომ გ. თ.-ის დირექტორის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანება ისე ჩათვალა უკანონოდ, რომ სამართლებრივი შეფასება არ მისცა მისი სამუშაოდან დათხოვნის ბრძანებაში მითითებულ საფუძვლებს. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო პალატის განჩინება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “...-ის” გენერალური დირექტორის, ჯ. კ.-ის, საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 მარტის განჩინება მოცემულ საქმეზე გაუქმდეს და ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.