Facebook Twitter

3კ-814-02 20 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისში, ... მდებარე კორპუსში არსებული ¹30 ბინა წარმოადგენდა ზ. მ.-ს საკუთრებას. 1995წ. 9 მარტს ზ. მ.-სა და ნ. ქ.-ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება.

ზ. მ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე ნ. ქ.-ის მიმართ და მოითხოვა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ ეს გარიგება მოტყუებით იყო დადებული, რასაც მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ზ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

ზ. მ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ზ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 1507-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სკ ვრცელდება მხოლოდ იმ ურთიერთობებზე, რომლებიც წარმოიშვა ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ, ხოლო ამავე მუხლის მესამე ნაწილის მიხედვით, სკ-ს ამოქმედების გამო ძალადაკარგული ნორმატიული აქტების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობების მიმართ გამოიყენება ეს ნორმატიული აქტები, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ურთიერთობის მონაწილეებს სურთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ამ კოდექსით მოაწესრიგონ. სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს, მოპასუხის წარმომადგენლის მოთხოვნით, მხარეთა შორის დავა გადაწყდა 1964წ. სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმების გამოყენებით. სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა, მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმეში არსებული ნასყიდობის ხელშეკრულების ასლი სასამართლომ იმის დასტურად მიიჩნია, რომ ზ. მ.-სათვის თარგმნილი იყო ხელშეკრულების შინაარსი, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მან სააპელაციო პალატას ვერ წარმოუდგინა. მ.-მ დაადასტურა ხელშეკრულებაზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. ამასთან, ვერც იმის მტკიცებულება წარმოადგინა, რომ იგი წერა-კითხვის უცოდინარია, როგორც სარჩელში მიუთითებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ზ. მ.-მ იცოდა, თუ რა გარიგებას აწერდა ხელს. სსკ-ს 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია, განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ამავე კოდექსის 80-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზ. მ.-სათვის გარიგების დადების მომენტში ცნობილი იყო, რომ იგი აწერდა ხელს ხელშეკრულებას ბინის ნასყიდობის შესახებ და არა ანდერძს, როგროც იგი სარჩელში მიუთითებს. ასე რომ არ ყოფილიყო, ხელშეკრულების ერთი ეგზემპლარი ზ. მ.-ს ხელთ იყო და მისი შინაარსი ნებისმიერ დროს შეეძლო გადაემოწმებინა სხვისი დახმარებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელისათვის 1995წ. 9 მარტს ცნობილი უნდა ყოფილიყო, რომ იგი მოატყუეს და სამიწ. მანძილზე უფლებამოსილი იყო, მიემართა სასამართლოსათვის სარჩელით დარღვეული უფლებების აღდგენის მოთხოვნით, რაც მას არ გაუკეთებია. ზ. მ.-მ მიმართა სასამართლოს 2001წ. 12 აპრილს, ანუ უფლებების დარღვევიდან თითქმის 6 წლის შემდეგ. სააპელაციო პალატამ, სსკ-ს 84-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასარჩელო ხადნაზმულობის ვადის გასვლა სარჩელის წარდგენამდე სარჩელზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია.

ზ. მ.-ს წარმომადგენელმა გ. გ.-ემ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის არსებითად განხილვისათვის დაბრუნება საოლქო სასამართლოში იმ საფუძვლით, რომ მოცემული გადაწყვეტილება იმდენად წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. ქ.-ესა და ზ. მ.-ს შორის 1995წ. 9 მარტს გაფორმდა თბილისში, ... მდებარე ¹30 ბინის ნასყიდობის ხელშეკრულება.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოტივს, რომ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა, რომ საანდერძო განკარგულებას იძლეოდა და, გამომდინარე აღნიშნულიდან, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ გაუშვია. იმის შესახებ, რომ ნოტარიუსის თანდასწრებით ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მოუწერია ხელი, მისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ 2001წ. მარტში, საიდანაც უნდა აითვალოს ხანდაზმულობის ვადა.

სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოებები, რომ ხელშეკრულების შინაარსი ზ. მ.-ს ეთარგმნა ნოტარიუსის მიერ, რის შესახებაც გაკეთებულია მინაწერი ხელშეკრულბის მეორე გვერდზე. ზ. მ.-ო ადასტურებს თავის ხელმოწერას როგორც ხელშეკრულებაზე, ისე _ ზემოაღნიშნულ მინაწერზე. დადასტურებულია ის გარემოება, რომ სანოტარო დოკუმენტი მხარეებმა, მათ შორის კასატორმა, გარიგების გაფორმებისთანავე ჩაიბარეს. ხელშეკრულების ხელმოწერის დღეს, 1995წ. 9 მარტს, ზ. მ.-მ სანოტარო წესით განაცხადა თანხმობა მის სახელზე რიცხული ტელეფონის ნ. ქ.-ისათვის გადაფორმებაზე.

სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული.

სსკ-ს 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აწევს. მას არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულებანი, რომლითაც დაადასტურებდა, რომ მისთვის უცნობი იყო იმის შესახებ, რომ საჯარო რეესტრში ბინა მოპასუხეზე იყო აღრიცხული და თვითონ ახორციელებდა მესაკუთრისა და ბინის მფლობელის უფლებამოსილებებს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ დავის გადასაწყვეტად სწორად გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის ნორმები. აღნიშნული კოდექსის 75-ე მუხლის თანახმად, საერთო ვადა უფლების დაცვისა იმ პირის სარჩელით, რომლის უფლებაც დარღვეულია (სასარჩელო ხანდაზმულობა), განისაზღვრება სამი წლით, ხოლო ამავე კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან; სარჩელის უფლება წარმოიშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლებების შესახებ პალატას, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სწორედ ხელშეკრულების გაფორმების მომენტში ან სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაში უნდა შეეტყო იმის თაობაზე, თუ რა დოკუმეტს მოაწერა ხელი ნოტარიუსის თანდასწრებით და შეეტანა სარჩელი დარღვეული უფლების აღდგენის მოთხოვნით. ზ. მ.-მ კი სარჩელი სადავო გარიგების გაფორმებიდან 6 წლის შემდეგ შეიტანა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ზ. მ.-ს წარმომადგენელ გ. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 11 აპრილის გადაყვეტილება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.