Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№813აპ-24 თბილისი

წ. დ., 813აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენზე თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ გრიგალაშვილის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, დ. წ-ას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით – სხვაგვარი ძალადობისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2021 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე, თ-ში, --ს №--ში მდებარე კაფე-ბარ “ლ---ში“, ფართის მესაკუთრე დ. წ-ასა და ბარის მფლობელ ფ. ს. რ-ს შორის ფართიდან გამოსახლების თაობაზე წამოჭრილი კონფლიქტის დროს, დ. წ-ამ ფ. ს. რ-ს სახეზე ერთხელ დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 იანვრის განაჩენით დ. წ-ა, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 მაისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ნუგზარ გრიგალაშვილმა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 14 მაისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმება, დ. წ-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.

6. გამართლებული დ. წ-ა და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი მ. ძ-ი შესაგებლით ითხოვენ, რომ არ დაკმაყოფილდეს პროკურორის საკასაციო საჩივარი.

7. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

8. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16, №393აპ-24, №505აპ-24). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაშიც, კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის დებულებებზე, რომლებიც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

9. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა დ. წ-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვითაც, საქმეში წარმოდგენილ მხოლოდ ერთი მტკიცებულებაზე – დაზარალებულ ფ. ს. რ-ის ჩვენებაზე – დაყრდნობით შეუძლებელია გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა. მოწმეებმა: შ. ა-ემ და უ. ა-ემ – სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ აღმასრულებლების მოსვლამდე, ფ. ს. რ-ის უნებართვო ქმედებების აღსაკვეთად, ფართის მესაკუთრეებმა გადაწყვიტეს შესასვლელი კარის საკეტის შეცვლა, რის გამოც დაზარალებული გახდა უკონტროლო და აგრესიული, თავს დაესხა ჯერ ერთ-ერთ დამფუძნებელს – უ. ა-ეს, რომელსაც საკეტი გააგდებინა, შემდეგ კი მიწაზე დაგდებული საკეტის დეტალის ასაღებად მთელი სიძლიერით სხეულით შეეჯახა (დაახტა) დახრილ დ. წ-ას, რომელმაც მოსაგერიებლად ხელის ბიძგებით შეაკავა, გასწია თავდამსხმელი. მოწმეებმა კატეგორიულად გამორიცხეს დ. წ-ას მხრიდან ფ. ს. რ-იზე ფიზიკური ძალადობა. ანალოგიური დაადასტურეს მოწმე ზ. ჩ-მა და ბრალდებულმა დ. წ-ამ.

10. მოწმეებმა – გ. ტ-ამ და ლ. ლ-მა – თავიანთი ჩვენებებით ცალსახად განმარტეს, რომ არ დაუნახავთ დ. წ-ას მხრიდან ფ. ს. რ-იზე ფიზიკური ძალადობის ჩადენა. მოწმე გ. ტ-ამ სასამართლოში დაკითხვისას შეცვალა გამოძიებაში მიცემული ჩვენება და განაცხადა, რომ ფ. ს. რ-ის სახის არეში ძალადობის კვალი არ ემჩნეოდა, მოგვიანებით მან უთხრა, რომ დ. წ-ას მისთვის ხელი არ დაურტყამს, და დაემუქრა, სიმართლე არსად გაემჟღავნებინა, თორემ, დ. წ-ას მსგავსად, მასზეც იძიებდა შურს და დააბრალებდა დანაშაულის ჩადენას. ფ. ს. რ-ი მოწმეს აშანტაჟებდა პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გავრცელებით; მისი ფსიქოლოგიური შანტაჟი იმდენად გაუსაძლისი გახდა, რომ პოლიციას მიმართა და ფ. ს. რ-ის მიმართ შემაკავებელი ორდერიც გამოაცემინა და არაერთი საჩივარი შეიტანა სამართალდამცავ ორგანოებშიც. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის თანახმად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. მოწმე გ. ტ-ამ ახსნა მის მიერ გამოძიებასა და სასამართლოში მიწოდებულ ინფორმაციებს შორის სხვაობის მიზეზი. შესაბამისად, სასამართლოს შეფასებით, ბრალდებულისა და მოწმეების ჩვენებები ერთმანეთთან სრულად თანხვდენილია, რის გამოც შეუძლებელია მხოლოდ დაზარალებულ ფ. ს. რ-ის ჩვენების გაზიარება დ. წ-ას მხრიდან მასზე ძალადობის თაობაზე.

11. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს დ. წ-ას მიერ მის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

12. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

13. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორ ნუგზარ გრიგალაშვილის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე