¹ 3კ-818-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა.
აღწერილობითი ნაწილი:
ე. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ორგანიზაციაში შპს “პ. ბ.” .... თანამდებობაზე აღდგენა შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული ბაზრის დირექტორად მუშაობს 1988 წლიდან. მუშაობის პერიოდში არანაირი შენიშვნა და დარღვევა არ ჰქონია. ადმინისტრაციამ ერთხელ გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე 2000წ. 2 ივნისის ბრძანებით კვლავ დაინიშნა .... თანამდებობაზე. მოსარჩელის განმარტებით, 2001წ. აგვისტოში იგი კვლავ გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. განთავისუფლება მოხდა კანონის დარღვევით მისი საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის დროს. გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული კონკრეტულად რა დარღვევის გამო და შრომის კანონთა კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზეა გათავისუფლებული თანამდებობიდან.
მოპასუხე საქართველოს ცეკავშირის “საქ. კოოპ. დამზადება-მომსახურების” დეპარტამენტმა სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: გ-ი ვერ ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობებს, საქმიანობას ეწეოდა უხეში დარღვევით, რაც აისახა ორგანიზაციის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზიის 2001წ. 12 ივლისის აქტში.
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 4 თებერვლის გადაწყვეტილებით გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ შპს “პ. ბ.” დამფუძნებელმა ორგანიზაციამ მოპასუხე საქართველოს ცეკავშირის “ს.. კ. დ.-მ.” დეპარტამენტმა შპს “პ. ბ.” 2001წ. ივლისში ჩაატარა საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის დოკუმენტური რევიზია, რომლის შედეგების მიხედვით დირექტორის საქმიანობა ჩაითვალა უარყოფითად და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება დირექტორის განთავისუფლების შესახებ. შპს, რომლის დირექტორიც იყო მოსარჩელე გ., არის სამეწარმეო საქმიანობის ერთ-ერთი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს კანონით “მეწარმეთა შესახებ”. ამ კანონის 47.3 მუხლის “პ” პუნქტის თანახმად შპს-ს დირექტორის დანიშვნა და გამოწვევა არის საზოგადოების დამფუძნებელთა კომპეტენცია. საქმეში წარმოდგენილი შპს “პ. ბ.” დებულების მე-5 თავის თანახმად საზოგადოების დირექტორს ნიშნავს და ათავისუფლებს “საქ. კოოპ. დ.-მ.” დეპარტამენტი. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადო შესრულება. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 49.2 მუხლის თანახმად დირექტორებმა თავიანთი ამოცანები უნდა შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებით, სასამართლომ ასევე ჩათვალა, რომ აღნიშნული კანონის 47.3 მუხლის თანახმად დირექტორის გამოწვევაზე პასუხისმგებლები არიან დამფუძნებლები და დირექტორის მიერ მოვალეობის ხარისხის შეფასება დამფუძნებლების კომპეტენციაა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ე. გ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინებით გ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელის განთავისუფლებას საფუძვლად დაედო სამსახურებრივი მოვალეობების არასათანადო შესრულება, მის მიერ საქმიანობის წარმართვა რიგი საფინანსო-სამეურნეო დარღვევებით, რამაც ასახვა ჰპოვა რევიზიის აქტში. ის, რომ აქტის საფუძველზე არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, არ ნიშნავს იმას, რომ იგი მოვალეობებს ასრულებდა კეთილსინდისიერად, რადგან სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულება ყოველთვის არ ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. პალატამ მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის თანახმად მოპასუხე უფლებამოსილი იყო, გაეთავისუფლებინა მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ე. გ-მა, რომლითაც ითხოვს განჩინების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა იმ გარემოებას, რომ იგი იყო შპს “პ. ბ.” დირექტორი და “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის თანახმად, მისი განთავისუფლების საკითხი უნდა განეხილა პარტნიორთა კრებას. მისი გათავისუფლების ბრძანებას კი ხელს აწერს “საქ. კოოპ. დ.-მ.” დეპარტამენტის დირექტორი ვ. ს-ი. სასამართლომ არ გაითვალისწინა ის, რომ გლდანი-ნაძალადევის რაიონის პროკურორის წერილით დადასტურებულია, რომ მას დანაშაულებრივი დარღვევები არ ჩაუდენია.
სამოტივაციო ნაწილი:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება, რომ კასატორი გ-ი დაკავებული თანამდებობიდან განთავისუფლებულ იქნა სამსახურებრივი მოვალეობის არასათანადოდ შესრულების, მის მიერ საფინანსო-სამეურნეო დარღვევებით საქმიანობის წარმართვის გამო. კასატორი გ-ის დარღვევებმა ასახვა ჰპოვა რევიზიის აქტში და სააპელაციო სასამართლომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის თანახმად ჩათვალა, რომ მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე უფლებამოსილი იყო, აღნიშნული დარღვევის გამო გაეთავისუფლებინა კასატორი დაკავებული თანამდებობიდან. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში დავის გადაწყვეტის დროს გამოყენებული უნდა იყოს “მეწარმეთა შესახებ” კანონი. აღნიშნული კანონის 49.2 მუხლის თანახმად, დირექტორები მოვალენი არიან, მათზე დაკისრებული მოვალეობები შეასრულონ ჩვეულებრივი კომერსანტის გულისხმიერებითა და კეთილსინდისიერებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, 47.3 მუხლის თანახმად პარტნიორთა კრება უფლებამოსილია, გაათავისუფლოს შპს-ს დირექტორი. მოცემულ შემთხვევაში კასატორი გ-ი მუშაობდა შპს “პ. ბ.” დირექტორად. აღნიშნული შპს-ს დამფუძნებელი არის მოპასუხე “საქ. კოოპ. დ.-მ.” დეპარტამენტი. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოპასუხე “საქ. კოოპ. დ._მ.” დეპარტამენტის ..., რომლის ბრძანებითაც იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, მისი განთავისუფლების უფლება არ ჰქონდა. ამის უფლებამოსილება ჰქონდა მხოლოდ პარტნიორთა კრებას. მართალია, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის თანახმად, პარტნიორთა კრება წყვეტს დირექტორის დანიშვნისა და განთავისუფლების საკითხს, მაგრამ მოცემულ სიტუაციაში, ვინაიდან მოპასუხე ორგანიზაცია არის ერთადერთი დამფუძნებელი შპს “პ. ბ.”, მისი დირექტორის ბრძანება კასატორი სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ განხილული უნდა იქნეს როგორც პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ “მეწარმეთა შესახებ” კანონის 47.3 მუხლის თანახმად, პარტნიორი უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს დირექტორი, თუ იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობებს არაჯეროვნად ასრულებს. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ე. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.