3კ-819-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძეE(თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: სამკვიდრო ქონების მართვა.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. კ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ქ. ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: აღნიშნული სადავო საცხოვრებელი სახლი ააშენა ლ. კ.-ს დედამ, ლ. ჯ.-მ 1945-1946 წლებში. სადავო სახლში ცხოვრობდნენ დედამისი ლ. ჯ.-ა, მოსარჩელე ლ. კ.-ა და მისი ძმა რ. კ.-ა. 1959 წელს რ. კ.-მ გაურკვეველ ვითარებაში, დედის თანხმობისა და სანოტარო დამოწმების გარეშე, დედის საცხოვრებელი სახლი გადაიფორმა თავის სახელზე. 1979 წელს გარდაიცვალა ლ. ჯ.-ა, ხოლო 1999 წელს გარდაიცვალა მოსარჩელის ძმა რ. კ.-ა. მოსარჩელე ლ. კ.-მ სკ-ს 1337-ე მუხლის თანახმად, როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ, მოითხოვა დედის დანაშთი ქონების ნახევარი.
მოპასუხე რ. კ.-ს შვილმა ნ. კ.-მ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. ზუგდიდში, 1959 წლიდან ირიცხებოდა მისი მამის, რ. კ.-ს სახელზე და სკ-ს 1336-1337 მუხლების საფუძველზე აღნიშნული სახლი საკუთრების უფლებით ეკუთვნის მას და მის დებს: ნა. და ნო. კ.-ს.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ლ. კ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ქ.ზუგდიდში, ... მდებარე რ. კ.-ს სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლი მიეკუთვნა მოპასუხე ნ. კ.-ს და გადაფორმდა მის სახელზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ 1959 წლიდან სადავო საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა მოსარჩელის ძმის, რ. კ.-ს სახელზე. მოსარჩელე ლ. კ.-ს არ მოუთხოვია სადავო სახლის ძმის, რ. კ.-ს სახელზე გადაფორმების გაუქმება არც 1964-1965 წლებში, როდესაც შეიტყო დედის კუთვნილი სახლის ძმის სახელზე გადაფორმების შესახებ და არც დედის გარდაცვალების შემდეგ _ 1979 წელს. ამდენად, სასამართლომ სკ-ს 1328-ე მუხლის შესაბამისად სადავო სახლი რ. კ.-ს სამკვიდრო ქონებად მიიჩნია და ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად ბინის მესაკუთრედ ცნო მისი შვილი ნ. კ.-ა.
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. კ.-მ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებით ლ. კ.-ს საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2001წ. გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ. კ.-ს სარჩელს ქ. ზუგდიდში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლის 1/2 ნაწილის მიკუთვნებაზე უარი ეთქვა უსაფუძვლობისა და სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელე ლ. კ.-მ გაუშვა სამკვიდროს წილის მოთხოვნის სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა, რადგან არ გახადა სადავოდ ეს საკითხი არც მაშინ, როცა მისმა ძმამ გადაიფორმა სადავო საცხოვრებელი სახლი და არც მაშინ, როცა გარდაიცვალა დედა ლ. ჯ.-ა. სასამართლომ მიიჩნია, რომ სკ-ს 1336-1337-ე მუხლების საფუძველზე სადავო სახლის კანონისმიერი მემკვიდრეა არა მოსარჩელე ლ. კ.-ა, არამედ _ ნი. კ.-ა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ლ. კ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ გამოიტანა უკანონო გადაწყვეტილება, რადგან გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სკ-ს (1964წ.) 556-ე და 75-ე მუხლებით მაშინ, როცა ამის საფუძველი სასამართლოს არ ჰქონდა, რადგან მოსარჩელე სამკვიდრო ქონებას ფლობდა მისი გახსნის დღიდან და სასამართლოს მიმართა მაშინ, როცა შეიტყო თავისი უფლებების დარღვევის შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელი უნდა დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი საკუთრების უფლებით ირიცხებოდა რ. კ.-ს სახელზე. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას, რომ მისმა ძმამ უკანონოდ გადაიფორმა სადავო სახლი. დღეისათვის სადავო სახლი რეესტრის მონაცემებით ირიცხება რ. კ.-ს სახელზე. სკ-ს 312-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა. აქედან გამომდინარე, სადავო სახლი არის არა კასატორის დედის, ლ. ჯ.-ს, არამედ რ. კ.-ს საკუთრება და სადავო სახლი არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც კასატორის დედის ლ. ჯ.-ს დანაშთი ქონება.
სააპელაციო სასამართლომ სწორად იხელმძღვანელა სკ-ს 1336-1337-ე მუხლებით და არ დააკმაყოფილა ლ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი. სკ-ს 1336-ე მუხლის თანახმად პირველი რიგის მემკვიდრეები არიან გარდაცვლილის შვილები, ხოლო მეორე რიგის-გარდაცვლილის დები. ამავე კოდექსის 1337-ე მუხლი კი წინა რიგის ერთ-ერთი მემკვიდრის არსებობის შემთხვევაში გამორიცხავს შემდეგი რიგის მემკვიდრეობას. საქმის მასალებიდან კი ჩანს, რომ რ. კ.-ს დარჩა პირველი რიგის მემკვიდრეები-ქალიშვილები.
პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ ლ. კ.-ს მოთხოვნა ხანდაზმულია, რადგან მან გაუშვა სამკვიდროს წილის მოთხოვნის სასარჩელო ვადა და არ მოითხოვა სამკვიდრო წილი სამკვიდროს გახსნის დღიდან 6 თვის ვადაში. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სწორად მიიჩნია ლ. კ.-ს სააპელაციო საჩივარი ხანდაზმულად და არ დააკმაყოფილა იგი.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩეს:
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ლ. კ.-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 27 თებერვლის გადაწყვეტილება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.