საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№835აპ-24 თბილისი
კ. მ., 835აპ-24 17 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენზე თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მ. კ-ეს ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151- მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) – გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით ოჯახში ძალადობისათვის, ე.ი. ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის, რამაც გამოიწვია ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სსკ-ის 117-ე, 118-ე ან120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარისათვის, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ (3 ეპიზოდი).
2. აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· ო. ა-ა და მ. კ-ე 2021 წლის 26 მარტიდან დღემდე დაქორწინებულები არიან და ცხოვრობენ თ-ში,-----ში. თანაცხოვრების პერიოდში, 2022 წლის ივლისიდან მ. კ-ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს – ო. ა-ას, აგინებდა, უკონტროლებდა ჩაცმას, სატელეფონო საუბრებს. აღნიშნული ქმედებების შედეგად ო. ა-ა განიცდის ფსიქოლოგიურ ტანჯვას.
· ო. ა-ა და მ. კ-ე 2021 წლის 26 მარტიდან დღემდე დაქორწინებულები არიან და ცხოვრობენ თ-ში,-----ში. თანაცხოვრების პერიოდში, 2022 წლის აგვისტოს დასაწყისში, მ. კ-ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, როდესაც მისი მეუღლე მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა მეგობარს, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, დაემუქრა მეუღლეს – ო. ა-ას – სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· ო. ა-ა და მ. კ-ე 2021 წლის 26 მარტიდან დღემდე დაქორწინებულები არიან და ცხოვრობენ თ-ში,-----ში. თანაცხოვრების პერიოდში, 2022 წლის აგვისტოს მეორე ნახევარში, მ. კ-ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, როდესაც მისი მეუღლე – ო. ა-ა – ასეირნებდა არასრულწლოვან შვილებს, უკონტროლებდა ჩაცმას და ქცევას, აიძულებდა, ჩაერთო მობილური ტელეფონის ვიდეოთვალი, რის შემდეგაც, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მეუღლეს – ო. ა-ას, რა დროსაც დაზარალებულს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
· ო. ა-ა და მ. კ-ე 2021 წლის 26 მარტიდან დღემდე დაქორწინებულები არიან და ცხოვრობენ თ-ში,-----ში. თანაცხოვრების პერიოდში, 2022 წლის ივლისიდან მ. კ-ე, ეჭვიანობის ნიადაგზე, გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, სისტემატურად შეურაცხყოფდა მეუღლეს – ო. ა-ას, აგინებდა, ეჭვიანობის ნიადაგზე უკონტროლებდა სატელეფონო საუბრებს, ჩაცმას, ქცევას, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, რის შედეგადაც ო. ა-ა განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. 2022 წლის 11 დეკემბერს, ღამის საათებში, როდესაც ო. ა-ას მეუღლეს – მ. კ-ეს – განუცხადა, რომ აღარ სურდა მასთან თანაცხოვრება, აღნიშნულით განაწყენებული მ. კ-ე მეუღლეს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რა დროსაც ო. ა-ას გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 20 მარტის განაჩენით მ. კ-ე, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში. გამართლებულს განემარტა საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი მაია ჟვანია ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 3 ივნისის გამამართლებელი განაჩენის გაუქმებას და მ. კ-ის დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა დაიშვას განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხილეთ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №1349აპ-22, №1259აპ-22).
8. საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგინდა მ. კ-ის მხრიდან მისთვის ინკრიმინირებული დანაშაულების ჩადენა, სააპელაციო სასამართლომ კი გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. სასამართლო აღნიშნავს, რომ, ერთი მხრივ, გადაწყვეტილება გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, ხოლო, მეორე მხრივ, განაჩენში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ დადგინდა მ. კ-ის მიერ მისთვის ბრალად შერაცხილი ქმედებების ჩადენა, კერძოდ:
9. დაზარალებულმა ო. ა-ამ, მართალია, სასამართლოს მისცა ჩვენება, მაგრამ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასრულყოფილია, რეალურად იგი საუბრობს მუქარის მხოლოდ ერთ ეპიზოდზე, რომლის თარიღსაც ვერ აკონკრეტებს; ასევე არ ჩანს, კონკრეტულ დღეებში მუქარა თუ რით გამოიხატა – ჟესტებით თუ ვერბალურად ან რა შინაარსისა იყო. შესაბამისად, შეუძლებელია მუქარის ფაქტების თარიღების მიხედვით იდენტიფიცირება ფაქტობრივი მონაცემებითაც. არადამაჯერებელია დაზარალებულის მტკიცება შიშის განცდის შესახებ იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლის აგვისტოში მუქარის ორი ფაქტის თაობაზე სამართალდამცავ ორგანოებში განაცხადა მხოლოდ 2022 წლის დეკემბერში. გარდა ამისა, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის 2023 წლის 1 ნოემბრის -- დასკვნით (რომელიც მხარეთა მიერ უდავოდაა მიჩნეული), ო. ა-ას ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით არ ვლინდება ფსიქოლოგიური ტანჯვის მდგომარეობა. ქმედების ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის კი აუცილებელია ისეთი ობიექტური ნიშნის არსებობა, როგორიცაა დაზარალებულის მიერ ტანჯვის განცდა, ურომლისოდაც სახეზე არ არის განსახილველი დანაშაული.
10. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ბრალდების მხარემ ვერ შეძლო სასამართლოსთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაემტკიცებინა მ. კ-ის მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ელი ნაწილითა და 111,151- მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (3 ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობა. პირველი ინსტანციისა და სააპელაციო სასამართლოებმა დაასაბუთეს, თუ რატომ მიანიჭეს უპირატესობა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არ გაიზიარეს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, ხოლო პროკურორის საკასაციო საჩივარი არ წარმოაჩენს ისეთ გარემოებას, რომელიც სასამართლოებმა ყურადღების მიღმა დატოვეს ან სამართლებრივად სათანადოდ არ შეაფასეს.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ერთიან სტანდარტს გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის, დანაშაულის კატეგორიისა და სახის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა; ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის იმპერატიული დანაწესის თანახმად კი – გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს.
12. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იყოს ცნობილი, რადგან ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა საყოველთაოდ აღიარებული პრინციპის – „In dubio pro reo-ს“ გათვალისწინებით, ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულის სასარგებლოდ და მ. კ-ის მიმართ დაადგინეს გამამართლებელი განაჩენი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“). ამდენად, არ არის მიზანშეწონილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა ბრალდების მხარის იმ არგუმენტების ხელახლა შესაფასებლად, რომლებზეც სააპელაციო პალატამ უკვე იმსჯელა და რასაც საკასაციო პალატაც ეთანხმება.
13. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, ECtHR, no49684/99, §30, 25/12/2001). „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
14. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
15. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორ მაია ჟვანიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე