3კ-823-02 30 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
კასატორების მოთხოვნა: კომლის ქონებიდან წილის გამოყოფა; ნივთების დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე სახლის მესაკუთრეა ე. ბ.-ე. ამავე სახლში ცხოვრობდა და იყო რეგისტრირებული ე. ბ.-ის დისშვილი ვ. ყ.-ი.
სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უძრავი ნივთების შესაძენად აუცილებელია სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. რეგისტრაციისათვის განცხადების შეტანა შეუძლია როგორც გამსხვისელებს ისე შემძენს.
1995წ. 2 ოქტომბერს ვ. ყ.-ი ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა მ. ქ.-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი ზ. და მ. ყ.-ები. ვ. ყ.-ი გარდაიცვალა 2000წ. 14 სექტემბერს. 2001წ. ივნისში მ. ქ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ე. ბ.-ის მიმართ კომლის ქონებიდან წილის გამოყოფისა და ნივთების დაბრუნების შესახებ.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 14 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მ. ქ.-ის მცირეწლოვან შვილებთან ერთად საკუთრების უფლებით გამოეყო ე. ბ.-ის სახელზე რიცხული სახლის, დამხმარე ნაგებობის საკარმიდამო ნაკვეთიდან 2500 კვ.მ მიწის ფართობი. მასვე დაუბრუნდა სადავო ნივთების ნაწილი. მოსარჩელეს უარი ეთქვა იმ ნივთების დაბრუნებაზე, რომლებიც არ აღმოჩნდა მოპასუხესთან.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა ე. ბ.-მ. საცხოვრებელი სახლიდან წილის მიკუთვნების და ნივთების დაბრუნების ნაწილში სააპელაციო წესით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილებით ბ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბ.-ე საცხოვრებელი სახლიდან, დამხმარე ნაგებობიდან, საკარმიდამო მიწის ნაკვეთიდან ფართის გამოყოფის ნაწილში და ამ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელზე. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
მ. ქ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელზე უარის თქმის ნაწილში, იმ საფუძვლით, რომ იგი შვილებთან ერთად წარმოადგენდა ე. ბ.-ის კომლი წევრს, რის გამო უნდა მიეღო საკუთრების უფლებით კომლის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის დამხმარე ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთის ნაწილი. ე. ბ.-ე ითხოვს სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმებას ნივთების ნაწილში იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეს არ ეკუთვნოდა სადავო ნივთები.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ მ. ქ.-ი 1995წ. 2 ოქტომბერს გატარდა ქორწინების რეგისტრაციაში ვ. ყ.-თან, რომელმაც მიიყვანა იგი საცხოვრებლად ოზურგეთის რაიონის სოფ. ...-ში მცხოვრები ე. ბ.-ის ოჯახში. ერთად ცხოვრების პერიოდში მეუღლეებს შეეძინათ ორი შვილი ზ. და მ. ყ.-ები.
საკარმიდამო მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობები ე. ბ.-ის სახელზე ირიცხებოდა ჯერ კიდევ მ. ქ.-ს ქორწინებამდე. ის გარემოება, რომ მოსარჩელე მცირეწლოვან შვილებთან ერთად ჩაწერილი იქნა საკომლო წიგნში არ წარმოადგენს იმის მტკიცების საფუძველს, რომ იგი ჩაითვალოს ე. ბ.-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის, სახლის და დამხმარე ნაგებობების თანამესაკუთრედ. “მიწის რეფორმების განხორციელების, სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობის და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოთა რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1992წ. 21 ოქტომბრის დეკრეტის და “სახელმწიფო მეურნეობის, კოლმეურნეობებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის 1992წ. 22 ოქტომბრის ¹944 დადგენილების საფუძველზე 1993 წლიდან კოლმეურნეობებმა შეწყვიტეს ფუნქციონირება, ხოლო საკოლმეურნეო კომლი იურიდიულად დაკავშირებული იყო კოლმეურნეობასთან. კოლმეურნეობების გაუქმებასთან ერთად საკოლმეურნეო კომლებმაც შეწყვიტეს არსებობა.
1996წ. 20 აგვისტოს შედგენილი მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად მიწის რეფორმის კომიის მიერ გამოყოფილი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაეცა ე. ბ.-ს და არა კომლს. სადავო ქონებაზე არ ვრცელდება სკ-ს 173-ე მუხლი, რადგან ეს ქონება არ წარმოადგენს საერთო (თანაბარწილად საკუთრებას) საერთო საკუთრება წარმოიშვება კანონის ძალით ან გარიგების საფუძველზე. მოცემულ შემთზვევაში არ არსებობს ამ ნორმის გამოყენების არცერთი პირობა.
საბინაო წიგნში ჩაწერა (რეგისტრაცია) არ შეიძლება გაიგივებული იქნეს კომლის სრულუფლებიან წევრობასთან. სასამართლო ვერ გაიზიარებს მ. ქ.-ის მოთხოვნას დავის გადასაწყვეტად სსრ კავშირის დროინდელი კანონის გამოყენების თაობაზე.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ჩათვალა სადავო ნივთების კუთვნილების ფაქტი სსკ-ს 407-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია მ. ქ.-ის მიერ არ ყოფილა წამოყენებული დამატებითი და დასაბუთებელი საკასაციო პრეტენზია.
სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და გამოიტანა კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ქ.-ის და ე. ბ.-ის საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 10 მაისის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.