Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

№850აპ-24 თბილისი

ა. კ., 850აპ-24 17 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენზე ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, კ. ა-ას ბრალად დაედო სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღით სარგებლობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ელი ნაწილი).

2. აღნიშნული ქმედება გამოიხატა შემდეგით:

· 2022 წლიდან 2023 წლის 26 აგვისტომდე ზ-ის რაიონის სოფელ ჯ-ში (ფ-ის ტერიტორიაზე), მდინარე ჭ-ის ჭ. კალაპოტიდან შპს “გ----ის“ დირექტორმა კ. ა-ამ ექსკავატორის გამოყენებით, ნაცვლად სალიცენზიო პირობებით გათვალისწინებული 27 192 მ3 ქვიშა-ხრეშისა, მოიპოვა 37 726 მ3 ქვიშა-ხრეში. შპს “გ----ის“ დირექტორ კ. ა-ას ქმედების შედეგად გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 52 870 ლარი, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 26 იანვრის განაჩენით კ. ა-ა, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ელი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში; მასვე განემარტა, რომ უფლება აქვს, აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

4. აღნიშნული განაჩენი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 11 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. პროკურორმა ფელიქს ჯალაღანიამ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 11 ივნისის განაჩენის გაუქმება, კ. ა-ას დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 299-ე მუხლის 1-ელი ნაწილით და მისთვის შესაბამისი, კანონიერი სასჯელის განსაზღვრა.

6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად მიიჩნევა, ასეთებია:

ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;

ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;

გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;

დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;

ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.

7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება რომელიმე ზემოაღნიშნული საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (სუსგ №218აპ-17) და არც საკასაციო პალატის მიერაა მოსალოდნელი ამ საქმეზე პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება. საკასაციო პალატამ თავის არაერთ განაჩენში პირის გამართლებას საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ ბრალდების მხარეს საქმეზე არ ჰქონდა წარმოდგენილი აშკარა, დამაჯერებელ, საკმარის და უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა პირის მსჯავრდებისათვის (მაგალითისთვის იხ. სუსგ: №440აპ-14; №561აპ-15; №404აპ-16; №837აპ-19). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაშიც კასატორი თავის საჩივარში ვერ უთითებს განაჩენის ისეთ დებულებებზე, რაც გახდებოდა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობისა და განხილვის საფუძველი.

8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ ბრალდების მხარემ წარმოადგინა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა კ. ა-ას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან სასამართლოს გადაწყვეტილებაში ამომწურავად არის მითითებული იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც უტყუარად ვერ დადასტურდა კ. ა-ას მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 299-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. საკასაციო პალატა იზიარებს და ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომლის მიხედვით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ შპს “გ----ის“ დირექტორ კ. ა-ას წიაღით სარგებლობისათვის გააჩნდა სათანადო წესით გაცემული ლიცენზია; წიაღისეულის მოპოვებისას იგი არ გასცდენია იმ ტერიტორიის ფარგლებს, რაც დადგენილი ჰქონდა ლიცენზიით, პირიქით, დაუმუშავებელი ჰქონდა კიდევ 3 696 მ2 ფართობი, ასევე ჰქონდა წიაღისეულის უფრო მეტი ოდენობით მოპოვების ლიცენზია, ვიდრე რეალურად მოიპოვა (ლიცენზიის პირობების თანახმად, უფლება ჰქონდა, მოეპოვებინა ჯამურად – 38 280 მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეში, რეალურად კი მოპოვებული ჰქონდა 37 726 მ3 მოცულობის ქვიშა-ხრეში). კ. ა-ას ასევე არ დაურღვევია ლიცენზიის პირობა 3 მეტრ სიღრმემდე მუშაობასთან დაკავშირებით. საკასაციო სასამართლოს ასევე დარღვევად არ მიაჩნია ერთი და იმავე ადგილიდან წიაღის მოპოვება მაშინ, როდესაც ამის თაობაზე არც „წიაღის შესახებ“ კანონშია არაფერი მითითებული და არც – ლიცენზიაში.

9. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ეჭვი არ გაქარწყლებულა სანდო და დამაჯერებელი სამხილების ერთობლიობით. ასეთ შემთხვევაში, საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დებულებით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების მიხედვით, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ხოლო იმავე კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. განსახილველ შემთხვევაში კი, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებს კ. ა-ას მიერ მისთვის ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

10. ამდენად, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.

11. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორ ფელიქს ჯალაღონიას საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;

2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე