Facebook Twitter

3კ-828-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი

დავის საგანი: ვალდებულების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი:

ო. მ.-მ სარჩელით მიმართა ბაღდათის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მის სასარგებლოდ ნ. და გ. ნ.-ეებისათვის 17477 ლარის დაკისრება.

ვანის რაიონული სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდნენ მოპასუხეები ნ. და გ. ნ.-ეები, რომელთაც უწყება ჩაბარებული ჰქონდათ სსკ-ით დადგენილი წესით. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ო.მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ 17477 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს მოპასუხეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება იმ მოტივით, რომ ერთ-ერთი მოპასუხე გახდა ავად, რაც არ შეეძლოთ დროულად ეცნობებინათ სასამართლოსათვის იმის გამო, რომ საქმე იხილებოდა მათი საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებით.

ვანის რაიონული სასამართლოს 2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებით უარი ეთქვა გ. და ნ. ნ.-ეების საჩივარს დაკმაყოფილებაზე და ძალაში დარჩა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს გ. და ნ. ნ.-ეებმა და მოითხოვეს 2001წ. 15 ოქტომბრის განჩინებისა და 2001წ. 7 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 19 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეები ვანის რაიონული სასამართლოს მიერ 2001წ. 27 ივნისს აღნიშნულ პროცესზე გამოძახებული იქნენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის, კერძოდ, საქართველოს სსკ-ს 70-76-ე მუხლების მოთხოვნათა სრული დაცვით.

სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. და ნ. ნ.-ეების მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოდგენილი სამედიცინო ცნობა, რომელიც გაცემულია 2000წ. 5 ივლისს ნ. ნ.-ის ავადმყოფობის შესახებ არ წარმოადგენს მტკიცებულებას, რომლითაც მხარეს შეუძლია დაამტკიცოს, რომ იგი ნამდვილად იყო ავად.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში აპელანტების მიერ წარმოდგენილი ვერც ახალი სამედიცინო ცნობა და მასში ასახული შენიშვნა ადრინდელ გაცემულ ცნობაზე სათანადო რეკვიზიტების არარსებობის გამო, ვერ ჩაითვლება სათანადო სამედიცინო დოკუმენტად, რის გამოც მასზე ფიქსირებული ინფორმაცია სასამართლოს მიერ გაზიარებული ვერ იქნება. ცნობა არსად არ არის რეგისტრირებული. ცნობის გამცემმა პირმა ამაღლობელმა აპელანტის ადვოკატს სასტიკი უარი განუცხადა სასამართლოსათვის სრულყოფილი ახსნა-განმარტების მიცემაზე, განმარტების ნოტარიალურად დამოწმებაზე და სასამართლოში მოწმის სახით დაკითხვაზე.

სააპელაციო პალატა თვლის, რომ ვანის რაიონულ სასამართლოში 2001წ. 27 ივნისს მოპასუხეების გამოუცხადებლობა სინამდვილეში გამოწვეული იყო არა ნ. ნ.-ის ავადმყოფობით, არამედ მათი ადვოკატის სასამართლო პროცესზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობით.

საოლქო სასამართლოს განჩინება გასაჩივრდა მოპასუხეთა მიერ. მათ მიაჩნიათ, რომ საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება არასწორია და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 230-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა არა იმავე ნომინალისა და რაოდენობის ფულის ნიშნებს 30000 რუსულ რუბლს, არამედ 17477 ლარს. აღნიშნულ მოთხოვნას იურიდიულად არ ამართლებს დადგენილად ცნობილი გარემოებები. აღნიშნულ გარემოებებს სააპელაციო სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა.

კასატორი მიუთითებს, რომ რაიონულ სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია ერთ-ერთი მოპასუხის ნ. ნ.-ის ავადმყოფობის ფაქტი და აღნიშნულის შესახებ წარდგენილი სამედიცინო ცნობა. რაიონულმა სასამართლომ მიუთითა, რომ ავადმყოფობა წარმოადგენს სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს, მაგრამ მოპასუხე ვალდებული იყო ამის შესახებ დროულად ეცნობებინა სასამართლოსათვის. სააპელაციო სასამართლომ კი დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხეთა გამოუცხადებლობა გამოწვეული ყოფილა ნ. ნ.-ის ავადმყოფობით.

დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის მოპასუხეთა მიერ გაცემული მინდობილობა ძალაში არ იყო და არც სასამართლოს გაუგზავნია შეტყობინება ადვოკატისათვის საქმის განხილვის დროის და ადგილის შესახებ. ასეთ ვითარებაში, სააპელაციო სასამართლოს დასკვნა, რომ ადვოკატი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და ეს იყო მოპასუხეთა სასამართლოში გამოუცხადებლობის მიზეზი, არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო.

საქართველოს სსკ-ს 230-ე მუხლის თანახმად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა მოპასუხე, რომელსაც გაეგზვნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

აღნიშნული ნორმის თანახმად დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიმღებმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს თუ არა სასარჩელო მოთხოვნას.

პირველი ინსტანციის სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ სკ-ს 623-624-ე მუხლის თანახმად სარჩელში მითითებული გარემოებები ამართლებენ იურიდიულად მოსარჩელის მოთხოვნას.

პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვდა არა იმავე ნომინალისა და რაოდენობის ფულის ნიშნებს – 30000 მანეთს, არამედ 17477 ლარს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოება 30000 რუსული რუბლის სესხების შესახებ არც სკ-ს 623-ე და არც 627-ე მუხლების შესაბამისად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას 17477 ლარზე. არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ მიუთითებია იმ სამართლებრივ მექანიზმზე, თუ ასეთი არსებობს, რომლითაც 30000 მანეთის სესხი დაფარული უნდა იყოს 17477 ლარით.

საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, რამდენად ამართლებს იურიდიულად 30000 მანეთში 17477 ლარის მოთხოვნა.

ასევე, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მიერ ექიმის მიერ გაცემული ცნობის არასათანადო დოკუმენტად მიჩნევა, მაშინ, როდესაც აღნიშნული ცნობის ნამდვილობა შემოწმებული არ არის, არც მისი გამცემი პირი არის მოწმედ დაკითხული და დოკუმენტის სიყალბე დადასტურებულია სსკ-ით დადგენილი წესით.

აღნიშნული გარემოებების გამო პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. და ნ. ნ.-ეების საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.