საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
№878აპ-24 თბილისი
ფ-ი რ., 878აპ-24 18 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენზე თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. ბრალდების შესახებ დადგენილებების მიხედვით, რ. ფ-ს ბრალად დაედო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ე.ი. სხეულის დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის, ხოლო რ. ა-ს – დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ ჩადენილია მძიმე დანაშაული). აღნიშნული ქმედებები გამოიხატა შემდეგით:
· 2021 წლის 30 მარტს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ში, -----ში არსებულ შპს “დ---ას“ ავტოსადგომზე, რ. ფ-მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით ე. მ-ს ავტომანქანაში მიაყენა მარცხენა ბარძაყის, მუხლქვეშა და წვივის დონეზე, მუხლქვეშა არტერიის, მცირე წვივის ნერვის, ბარძაყის და წვივის კუნთების დაზიანებით ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობები, რომლებიც ჯანმრთელობის დაზიანების მძიმე ხარისხისაა და სახიფათოა სიცოცხლისათვის.
· 2021 წლის 30 მარტს, დაახლოებით, 18:30 საათზე, თ-ში, -----ში არსებულ შპს “დ---ას“ ავტოსადგომზე, რ. ფ-მა მჩხვლეტავ-მჭრელი საგნის გამოყენებით ე. მ-ს მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ რ. ა-ი შეესწრო მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, არ შეატყობინა შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 26 ივლისის განაჩენით რ. ფ-ი, - ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
3. იმავე განაჩენით რ. ა-ი, -- ნასამართლობის არმქონე, ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში. გამართლებულებს განემარტათ მიყენებული ზიანის ანაზღურების უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა ბრალდების მხარემ. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი ლაშა გამყრელიძე ითხოვს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 14 ივნისის განაჩენის გაუქმებას, რ. ფ-ის – საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო რ. ა-ის – საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით დამნაშავეებად ცნობას და მათთვის სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
6. საკასაციო პალატამ შეისწავლა საკასაციო საჩივარი და დაასკვნა, რომ იგი არ აკმაყოფილებს საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც, არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამომწურავად იძლევა იმ საფუძველთა ჩამონათვალს, რომელთა არსებობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ჩაითვლება, ასეთებია:
ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას;
ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია;
გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება;
დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს;
ზ) კასატორი არასრულწლოვანი მსჯავრდებულია.
7. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება არცერთი ზემოაღნიშნული საფუძველი. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას (მაგალითისათვის იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება: №87აპ-13, №355აპ-20, №1344აპ-22, №862აპ-19, №397აპ-24, №115აპ-24).
8. საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება პროკურორის მითითებას, რომ სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა ბრალდებულთა მიერ მათთვის ინკრიმინირებული ქმედებების ჩადენა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში მითითებულია იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მოტივებზე, რომელთა საფუძველზეც სასამართლომ მიიჩნია, რომ რ. ფ-ისა და რ. ა-ის მსჯავრდებისათვის არ არსებობდა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი.
9. დაზარალებულმა ე. მ-მა სასამართლოს განუმარტა, რომ 2021 წლის 30 მარტს, უშუალოდ დაჭრამდე რამდენიმე წუთის წინ და არც წარსულში კონფლიქტი არავისთან ჰქონია, არ დაუნახავს, რა საგნით დაიჭრა, რამდენი ჭრილობა მიაყენეს, რა ვითარებაში დაჭრეს, არ იცის, ვინ დაჭრა, არ იცნობს ბრალდებულებს; დაჭრის ფაქტს არ უკავშირებს რ. ფ-ს.
10. მოწმე გ. ბ-ემ (რომელიც ფაქტის თვითმხილველია) გამოძიებაში გამოკითხვისა და ამოცნობის ოქმებში დაასახელა დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირები – რ. ფ-ი და რ. ა-ი, თუმცა სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს კატეგორიულად უარყო გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია და განაცხადა, რომ 2021 წლის 30 მარტს ჩხუბის დაწყებამდე დატოვა “დ---ა“ და მისი მიმდებარე ტერიტორია, ძალადობისა და დაჭრის ფაქტს არ შესწრებია, ხოლო მომხდარის თაობაზე მეორე დღეს შეიტყო პოლიციელებისაგან; გამოკითხვის ოქმი არ წაუკითხავს, ისე მოაწერა ხელი, რადგან მასზე ფსიქოლოგიურად იძალადა გამომძიებელმა, ხოლო ამოცნობამდე გამომძიებელმა წინასწარ აჩვენა ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი და დაკავების მუქარით დაიყოლია, ამოეცნო ის პირი, ვისზეც მიუთითა.
11. მეორე თვითმხილველმა მოწმე ზ. კ-ემ, რომელმაც გამოკითხვის ოქმში ასევე აღწერა სავარაუდო დანაშაულის ფაქტი და ფიგურანტები, სასამართლოში არ დაადასტურა ეს ინფორმაცია და განმარტა, რომ შემთხვევას არ შესწრებია, რადგან ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა ტერიტორია; მომხდარის შესახებ მეორე დღეს შეიტყო პოლიციელებისაგან და გამოკითხვის ოქმს, გაცნობის გარეშე, დაკავების მუქარით შეშინებულმა, მოაწერა ხელი.
12. მოწმე გ. ნ-ის სასამართლოში მიცემული ჩვენების მიხედვით, გამოკითხვის ოქმს გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი.
13. დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნითა და ექსპერტ რ. კ-ის ჩვენებით ვერ გაეცა პასუხი კითხვას, თუ რა ვითარებასა და გარემოებებში შეიძლებოდა, გადასულიყო რ. ა-ის თითის კვალი დაზარალებულის მანქანაზე; ექსპერტმა ასევე ვერ გამორიცხა ბრალდებულის ვერსია მანქანაზე მიყრდნობით კვალის გადასვლასთან დაკავშირებით; ასევე არ ჩატარებულა კვლევა ხანდაზმულობაზე, თუ რა ვადით შეიძლება დარჩეს თითის კვალი ობიექტზე. “დ---ას“ ვიდეოჩანაწერებზე საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებები არ არის დაფიქსირებული.
14. საქართველოს სსსკ-ის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაციაა სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. საკასაციო პალატა ეთანხმება ქვედა ინსტანციის სასამართლოების შეფასებას, რომ მოწმეების: გ. ბ-ის, გ. ნ-ისა და ზ. კ-ის გამოძიებაში მიცემულ ჩვენებებს, როგორც მამხილებელ მტკიცებულებებს, სასამართლო ვერ გაიზიარებს და მათზე დაყრდნობით ვერ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს.
15. გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განაჩენის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით რ. ფ-ისა და რ. ა-ის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
16. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის იმპერატიული დანაწესის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც კანონის შესაბამისად ვერ დადასტურდება, ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას, რაც, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის საფუძველზე, გულისხმობს მტკიცებულებათა ისეთ ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
17. ,,უტყუარობის კონსტიტუციური პრინციპი მოითხოვს არა მხოლოდ იმას, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უტყუარ (სანდო, გაუყალბებელ) მტკიცებულებებს ეფუძნებოდეს, არამედ იმასაც, რომ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეჭვგარეშე დასტურდებოდეს პირის ბრალეულობა დანაშაულის ჩადენაში” (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება N 2/2/1276 საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ , II-77).
18. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები სწორად შეაფასა, კასატორის პრეტენზიებს დასაბუთებულად და სრულყოფილად უპასუხა. განსახილველ შემთხვევაში ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა ეჭვი სწორად გადაწყვიტეს ბრალდებულთა სასარგებლოდ და ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 და მე-31 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებები, პროკურორის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
19. საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილების შესაბამისად, საკასაციო პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის პროკურორ ლაშა გამყრელიძის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს ცნობილი;
2. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე