3კ-832-02 29 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,
რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 5 დეკემბერს სს “ჭ.-ს”, შპს “ჭთ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის გაფორმდა მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს “პ.-მ” თავისი აქტივი 1745329 ლარზე გადასცა შპს “ჭთ.-ს”. ამ უკანასკნელმა მოიპოვა უფლება სს “ჭ.-იდან” მითითებული თანხის მოთხოვნაზე, ხოლო შპს “თ.-ი” და “პ.-ი” ურთიერთანგარისწორებაზე ცალკე შეთანხმდნენ. 2000წ. 26 ოქტომბერს შპს “ს.-მ” შპს “ჭთ.-ის” წერილობითი თხოვნის საფუძველზე სს “ჭ.-ს” გადაურიცხა 1 მილიონი ლარი. 2000წ. 5 დეკემბერს შპს “ს.-ს”, შპს “ჭთ.-სა” და სს “ჭ.-ს” შორის გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე “ჭ.-ისათვის” ჩარიცხული 1 მილიონი ლარი “ს.-მ” გადახდილად ჩაუთვალა სს “ჭ.-ს”, შპს “თ.-მ” 1 მილიონი ლარის გადახდა ივალდებულა “ს.-ისათვის”, სს “ჭ.-ი” და შპს “ჭთ.-ი” ურთიერთანგარიშსწორებაზე შეთანხმდნენ ცალკე, რითაც სს “ჭ.-ს” 1 მილიონი ლარით გაეზარდა დავალიანება შპს “ჭთ.-ისათვის”.
შპს “ჭთ.-მ” ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიას მიმართა განცხადებით გამარტივებული წესით დავალიანების გადახდის ბრძანების მიღების მოთხოვნით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიამ 2001წ. 12 ივლისს მიიღო გადახდის ბრძანება, რომლის მიხედვითაც მოვალე სს “ჭ.-ს” განმცხადებლის, შპს “ჭთ.-ის”, სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა დავალიანება _ 2649786 ლარი და სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარის ოდენობით.
სს “ჭ.-ის” გენერალურმა დირექტორმა ქუთაისის საოლქო სასამართლოში შეიტანა შესაგებელი (პროტესტი), რომლითაც მოითხოვა ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 12 ივლისის გადახდის ბრძანების გაუქმება და საქმის სასარჩელო წესით განხილვა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 24 ივლისის განჩინებით გაუქმდა 2001წ. 12 ივლისის გადახდის ბრძანება და შპს “ჭთ.-ის” მიერ დავალიანების გადახდევინების შესახებ აღძრული მოთხოვნა განხილულ იქნა საერთო სასარჩელო წესით.
მოპასუხე სს “ჭ.-მ” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2649786 ლარიდან 1 მილიონი ლარი არის პირდაპირი ინვესტირება, რაც მტკიცდება საქმეში არსებული დოკუმენტებით. მოპასუხემ მიუთითა, რომ მხარემ არასწორად განმარტა 2000წ. 5 დეკემბრის შეთანხმება, რომლის მიხედვითაც სს “ჭ.-ს” გადასახდელი დარჩა 1643787 ლარი, საიდანაც სს “ჭ.-ს” უკვე გადახდილი აქვს 997075 ლარი. მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ ამის შემდეგ შპს “ჭთ.-თან” კიდევ შესრულდა გადარიცხვის ოპერაციები, მაგრამ ამის დაფიქსირება ჯერჯერობით არ მომხდარა და შესაძლებელია, დავალიანების დანარჩენი თანხაც გადახდილი იყოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხე სს “ჭ.-მ” მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2002წ. 26 მარტის გადაწყვეტილებით შპს “ჭთ.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა და სს “ჭ.-ს” მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2535186,5 ლარის გადახდა. სასამართლო კოლეგიამ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი 2000წ. 5 დეკემბრის სამმხრივი ხელშეკრულებითა და საქართველოს კონტროლის პალატის 2002წ. 31 იანვრის აქტით ირკვევა, რომ შპს “ჭთ.-სა” და სს “ჭ.-ს” შორის წარმოიშვა ვალდებულება როგორც პირდაპირი საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის შედეგად, ისე _ ურთიერთგადაწერის შედეგად. კოლეგიამ განმარტა, რომ აღნიშნული ვალდებულების გადაწერის გამო სს “ჭ.-ის” დავალიანებამ შპს “ჭთ.-ის” მიმართ შეადგინა 2493536,56 ლარი, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ურთიერთშედარების აქტით. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ სარჩელი საფუძვლიანად მიიჩნია და დააკმაყოფილა იგი.
სს “ჭ.-მ” სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორმა მიუთითა, რომ 2000წ. 5 სექტემბერს გაფორმდა სამმხრივი ხელშეკრულება მოთხოვნის დათმობის შესახებ სს “ჭ.-ს”, შპს “თ.-სა” და შპს “პ.-ს” შორის. ამ ხელშეკრულებით შპს “პ.-მ” “ჭ.-ში” თავისი აქტივი 1745329 ლარზე გადასცა შპს “თ.-ს”. ამ უკანასკნელმა მოიპოვა უფლება “ჭ.-იდან” მითითებული თანხის მოთხოვნაზე. კასატორმა განმარტა, რომ სს “ჭ.-მ” შპს “თ.-ის” დავალიანება ნაწილობრივ გადაიხადა სხვადასხვა ორგანიზაციებისათვის თანხის გადახდით, კერძოდ, ფირმა “ს.-ს” გადაუხადა 103000 აშშ დოლარი და ფირმა “ნ.-სს” _ 252000 აშშ დოლარი, სულ შესაბამისი კურსით 657575 ლარი.
კასატორმა მიუთითა, რომ მას პირდაპირი ინვესტიციის სახით კომპანია “ს.-ისაგან” ჩაეთვალა 1 მილიონი ლარი, რაზეც არსებობს საბუღალტრო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენდა ინვესტიციას. 2000წ. 5 დეკემბრის ხელშეკრულებით 1 მილიონი ლარი ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გადაეწერა შპს “თ.-ს”, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული თანხა არის ინვესტიცია და დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამდენად, კასატორმა განმარტა, რომ 2535186,5 ლარიდან 1 მილიონი ლარი წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას, ხოლო 697575 ლარი გადახდილი აქვს “ჭ.-ს” უცხოურ ფირმებისათვის შპს “თ.-ის” დავალიანების დაფარვის მიზნით. დარჩენილია თანხა 837611,5 ლარის ოდენობით. კასატორმა აღნიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს “ჭ.-ისათვის” შპს “თ.-ის” მიერ მიყენებული ზარალის განსაზღვრა, რის შედეგადაც დარჩენილი თანხა უნდა გამოაკლდეს მიყენებულ ზარალს და შესაძლოა, შპს “თ.-ს” დავალიანება აღმოაჩნდეს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა სასამართლო კოლეგიის 2001წ. 26 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და შპს “ჭთ.-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები და მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სსკ-ს 105-ე მუხლის შესაბამისად სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სკ-ს 198-ე მუხლის თანახმად მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ძველი მფლობელი ვალდებულია, ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს და ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისათვის.
სკ-ს 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოთხოვნის მფლობელს შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა).
სკ-ს 201-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მოვალეს უფლება აქვს, დაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.
როდესაც დავა ეხება მოთხოვნის დათმობის შედეგად წარმოშობილი უფლებებისა და მოვალეობების განხორციელებას, სასამართლომ უნდა დაადგინოს:
1. როგორ მდგომარეობაში იყო მოთხოვნები და უფლებები ძველი მფლობელის ხელში.
2. რა სახის ინფორმაცია გადასცა ძველმა მფლობელმა ახალ მფლობელს, რომელიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისათვის.
3. ჰქონდა თუ არა მას თავდაპირველი მფლობელის მიმართ შესაგებელი, რომელსაც მოვალე უყენებს ახალ მფლობელს.
სსკ-ს 128-ე მუხლის თანახმად მოსამართლეს უფლება აქვს, შეკითხვები მისცეს მხარეებს, რომლებიც ხელს შეუწყობენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშნველობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას, მათ დასადასტურებლად მტკიცებულებათა გამოვლენას და სასამართლოში წარდგენას, მათი უტყუარობის გამორკვევას.
როგორც სასამართლოს სხდომის ოქმიდან ირკვევა, სს “ჭ.-სა” და “ჭთ.-ს” შორის ურთიერთკავშირის პერიოდში ,,ჭ.-ის” აქციათა საკონტროლო პაკეტის 75%-ის მფლობელი იყო ჩეხური კომპანია ,,ს.-ი”, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ეკისრებოდა “ჭ.-ის ინვესტირება, რეაბილიტაცია და განვითარება. 2000წ. 26 ოქტომბერს ,,ს.-ის” მიერ ,,ჭ.-ის” ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა მილიონი ლარი. აღნიშნული საგადასახადო დავალების თანახმად ჩარიცხული თანხა წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას, რომელსაც ,,ჭ.-ის” ბუღალტრის მიერ მიეცა შესაბამისი ბუღალტრული გატარება. სხდომის ოქმში ასეთი ხელშეკრულების არსებობის შესახებ არაერთხელ არის მითითებული.
სასამართლოს სსკ-ს 128-ე მუხლის შესაბამისად არ დაუსვია შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობდნენ საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების სრულად და ზუსტად განსაზღვრას და მათ დასაზუსტებლად მტკიცებულებების გამოვლენას. სასამართლოს არ გაურკვევია, რა ხელშეკრულებაზე საუბრობდნენ მხარეები და რა სახის ურთიერთობები დაედო საფუძვლად აღნიშნული თანხის გადარიცხვას.
სასამართლოს სათანადო შეფასება არ მიუცია შპს “ს.-ის” საგადასახადო დავალებაში აღნიშვნისათვის, რომ ჩარიცხული თანხა წარმოადგენს პირდაპირ ინვესტიციას.
სასამართლო კოლეგია არ მიუთითებს, თუ რატომ გაიზიარა საქართველოს კონტროლის პალატის 2002წ. 31 იანვრის აქტის დასკვნა იმ ნაწილში, რომელიც შეეხება სს “ჭ.-სა” და შპს “ჭთ.-ს” შორის ნაწარმოებ პირდაპირ საფინანსო-სამეურნეო ოპერაციათა შედეგებს. სასამართლო არ უთითებს, თუ რატომ არ გაიზიარა მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება იმის შესახებ, რომ სს “ჭ.-მ” შპს “ჭთ.-ის” დავალიანება ნაწილობრივ გადაუხადა სხვადასხვა ორგანიზაციებს თანხით და აღნიშნულის დამადასტურებლად მიუთითა მემორიალურ ორდერდებზე და თანხის სხვა ორგანიზაციებისათვის გადარიცხვის დოკუმენტებზე.
საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს აღნიშნული მითითებები და გამოიკვლიოს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
სს “ჭ.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო და სამეწარმეო საქმეთა კოლეგიის 2001წ. 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.