Facebook Twitter

საქმე # 330100123008386273

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საკასაციო საჩივრის დასაშვებობის

შემოწმების შესახებ

საქმე №1089აპ-24 ქ. თბილისი

დ. შ.1089აპ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა

პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),

შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი

ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენზე მსჯავრდებულ შ. დ–სის ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ი–სისა და ბ. შ–სის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. დ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა დეზერტირობა, ე.ი. სამხედრო სარეზერვო სამსახურის მოსამსახურის მიერ, სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით სამსახურში გამოუცხადებლობა, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში - საქართველოს სსკ-ის) 389-ე მუხლის პირველი ნაწილით.

2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით შ. დ–ს მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

2.1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის უფროსის, 2022 წლის 9 ნოემბერის ბრძანებით, შ. დ–ე დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მე-..კადრირებული ბრიგადის, …-ე კადრირებული ქვეითი ბატალიონის, პირველი მსუბუქი ქვეითი ასეულის, პირველი მსუბუქი ქვეითი ოცეულის იარაღის მეტყვიამფრქვევის თანაშემწედ. აქტიურ რეზერვში ჩარიცხული შ. დ–ე, 2023 წლის 23 სექტემბერს უნდა გამოცხადებულიყო სარეზერვო შეკრებაზე. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, შ. დ–სე სამხედრო სარეზერვო სამსახურისათვის თავის არიდების მიზნით, 2023 წლის 23 სექტემბერს 08:00 საათზე არ გამოცხადდა სარეზერვო შეკრებაზე. შ. დ–მ 2023 წლის 15 სექტემბერს 02:45 სააათზე ….ს საერთაშორისო აეროპორტის გავლით დატოვა ს–ს სახელმწიფო საზღვარი და დღემდე არ დაბრუნებულა.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენით შ. დ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 3 წლით;

3.1. შ. დ–ს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზნით, სასჯელის ვადის ათვლა უნდა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან.

4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ი–მა და ბ. შ–მ, რომლებმაც მოითხოვეს გამამტყუნებელი განაჩენის გაუქმება და მის ნაცვლად გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა გიორგი შაფათავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 19 ივლისის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 18 აპრილის განაჩენი დარჩა უცვლელად.

6. აღნიშნული განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულ შ. დ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა – ნ. ი–მა და ბ. შ–მ, რომლებიც ითხოვენ მსჯავრდებულ შ. დ–ს უდანაშაულოდ ცნობას.

6.1. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის თავდაცვის სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს პროკურორმა გიორგი შაფათავამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.

7. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 300-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის უფლება აქვს ბრალმდებელს, ზემდგომ პროკურორს, მსჯავრდებულს ან/და მის ადვოკატს, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სააპელაციო სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მისი მონაწილეობის გარეშე, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან სააპელაციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს საკასაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

7.1. სასამართლო ასევე ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 44-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება არა აქვს ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი.

7.2. მოცემულ შემთხვევაში თბილისის სააპელაციო სასამართლომ შ. დ–ს მიმართ განიხილა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მსჯავრდებულის მონაწილოების გარეშე, იმავდროულად, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებდა მსჯავრდებულის თანხმობას სააპელაციო სასამართლოს განაჩენის საკასაციო წესით ადვოკატის მიერ გასაჩივრებაზე, ასევე – სისხლის სამართლის საქმის მასალებით არ დასტურდება მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე. საქმეში წარმოდგენილია შ. დ–ს მხოლოდ 2024 წლის 15 აპრილის განცხადება, რომლის თანახმადაც, იგი მიმართავს საქმის არსებითად განმხილველ – თბილისის საქალაქო სასამართლოს და აცნობებს, რომ იგი არ იყენებს საბოლოო სიტყვის თქმის უფლებას და სრულად იზიარებს ადვოკატების პოზიციას, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

8. აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან არ დასტურდება მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისათვის საკასაციო საჩივრის დამოუკიდებლად შეტანის უფლების მინიჭება, ასევე – მსჯავრდებულის მოთხოვნა, საკასაციო საჩივრის მისი მონაწილეობის გარეშე განხილვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს/განიხილოს მსჯავრდებულ შ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატების – ნ. ი–სა და ბ. შ–ს საკასაციო საჩივარი. შესაბამისად, შ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ი–სა და ბ. შ–ს საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

9. საკასაციო სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან თავისუფლდება პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია, მათ შორის, საქართველოს სსკ-ის 389-ე მუხლის პირველი ნაწილით; „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის პირველი მუხლის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მსჯავრდებულის (მათ შორის, ძებნილი მსჯავრდებულის) მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით გადაწყვეტილებას სისხლის სამართლის საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე იღებს შესაბამისი სასამართლო, ხოლო თუ საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია − თავდაპირველი განაჩენის გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, ძებნილმა მსჯავრდებულმა, რომლის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე სამართალწარმოება დასრულებულია ან რომლის მიმართ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოში არ გასაჩივრებულა, მის მიმართ ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის აღსრულების მიზნით, უშუალოდ ან ადვოკატის მეშვეობით, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უნდა მიმართოს შესაბამის პროკურორს. პროკურორი აღნიშნულ პირზე ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით, ამავე კანონით დადგენილი წესით, 3 კვირის ვადაში მიმართავს თავდაპირველი განაჩენის გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.

10. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-300 მუხლით, 303-ე მუხლით, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ შ. დ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ნ. ი–სა და ბ. შ–ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

მ. გაბინაშვილი