საქმე # 330100121004733744
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №468აპ-24 ქ. თბილისი
ბ.გ. 468აპ-24 18 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენზე მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა:
1.1. მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი);
1.2. არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის იძულება, არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით გ. ბ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 აპრილის N……. ბრძანებით, გ. ბ–ი დაინიშნა საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსის თანამდებობაზე.
2.2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით (MIA ……), რიგითი მ. მ–ი დაინიშნა საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების მსროლელად (ვადიანი სამხედრო მოსამსახურე).
2.2.1. მ. მ–ი სავალდებულო სამხედრო სამსახურს ასრულებდა წ-ს რაიონის სოფელ ა-ში, სადაც 2019 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი მორიგეობისას, აღმოუჩინეს მობილური ტელეფონი, რომლის ქონაც ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებს მორიგეობისას ეკრძალებოდათ. 2020 წლის 27 იანვარს, მ. მ–ი გადაიყვანეს გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „ი–ს“ ბაზაზე), სადაც განთავსებული იყო ამავე სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება. აღნიშნულ ბაზაზე გადაყვანის შემდგომ, ხსენებული ქვეგანყოფილების ცვლის უფროსმა გ. ბ–მა, სოფელ ა–ში ჩადენილი დისციპლინური დარღვევის გამო, გადაწყვიტა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ მ. მ–ს დასჯა.
2.2.2. ამ მიზნით, 2020 წლის 28 იანვარს, საღამოს საათებში გ. ბ–მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, მისი ზედამხედველობით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით მ. მ–ის ნახევარი საათიდან ერთ საათამდე დროის ინტერვალით, მოკლეტარიანი კბილის ჯაგრისის და კბილის პასტის გამოყენებით, ჩამუხლულ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, გაახეხინა ყაზარმის საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის იატაკი და ორი ხელსაბანი ნიჟარა, რა დროსაც ხეხვის პროცესში გადაუღო ფოტოსურათები (ე.წ. „სელფები“). გ. ბ–ს ქმედებამ მ. მ–ს უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
2.3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 აპრილის N……. ბრძანებით, გ. ბ–სი დაინიშნა საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსის თანამდებობაზე. 2020 წლის 23 მაისს, საღამოს საათებში, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „ი–ს“ ბაზაზე), სადაც განთავსებული იყო ამავე სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება, ვადიან სამხედრო მოსამსახურეებს ნ. ს–სა და თ. ს–ს შორის მოხდა სიტყვიერი შელაპარაკება.
2.3.1. მომდევნო დღეს, ზემოაღნიშნულ ბაზაზე ცვლის უფროსის მოვალეობას ასრულებდა გ. ბ–სი, რომელმაც წინა დღით მომხდარი დაპირისპირების გამო, გადაწყვიტა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების ნ. ს–ს და თ. ს–ს დასჯა დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ.
2.3.2. ამ მიზნით, 2020 წლის 24 მაისს, დღის საათებში, გ. ბ–მა სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, მისი ზედამხედველობით, 1,5 კილოგრამიანი ჩაფხუტებითა და 9.460 კილოგრამიანი ჯავშანჟილეტებით აღჭურვილ ნ. ს–ს და თ. ს–ს, დაახლოებით 2-დან 4 საათამდე დროის განმავლობაში, ფეხსაცმლის საწმენდი მოკლეტარიანი ჯაგრისების გამოყენებით, მუხლებზე დაჩოქილ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, გაახეხინა ზემოაღნიშნულ ბაზაზე მდებარე ყაზარმის ტერიტორია. კერძოდ, გ. ბ–ს უშუალო მითითებით, ნ. ს–მა მოხეხა ყაზარმის საკლასო ოთახის სივრცე, ხოლო თ. ს–მა ამავე ყაზარმაში მდებარე საპირფარეშოს კარებები და პირსაბანი სივრცის იატაკი.
2.3.3. გ. ბ–მა აღნიშნული ქმედებით, თ. ს–ს და ნ. ს–ს მიმართ ჩაიდინა არაადამიანური მოპყრობა, რამეთუ ეს უკანასკნელები, მძიმეწონიანი აღჭურვილობით და ამავდროულად რამდენიმესაათიანი იძულებითი ზემოქმედებით განხორციელებულ დასჯის პროცესში განიცდიდნენ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას.
2.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 17 აპრილის N……. ბრძანებით, გ. ბ–ი დაინიშნა საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილების ცვლის უფროსის თანამდებობაზე. 2020 წლის 17 ივნისს, გ–ს რაიონის სოფელ კ–ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს საწვრთნელ ბაზაზე (ე.წ „ი–ს“ ბაზაზე), სადაც განთავსებული იყო ამავე სამინისტროს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების და გადამზადების სამმართველოს პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების განყოფილების პირადი შემადგენლობის წვრთნისა და მომზადების უზრუნველყოფის ქვეგანყოფილება, ერთ-ერთი ვადიანი სამხედრო მოსამსახურე, ა. ა–ი ნებართვის გარეშე გაესაუბრა სხვა სამხედრო მოსამსახურეს, რაც შენიშნა გ. ბ–მა და გადაწყვიტა დადგენილ წესის საწინააღმდეგოდ ა. ა–ს დასჯა.
2.4.1. ამ მიზნით, 2020 წლის 17 ივნისს, დღის საათებში გ. ბ–მა გადაამეტა მის სამსახურებრივ უფლებამოსილებას და სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე, მისი ზედამხედველობით, პირადი ღირსების შეურაცხყოფით ა. ა–ს მოკლეტარიანი ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისის გამოყენებით, დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში, ჩამუხლულ მდგომარეობაში, სხვა ვადიანი სამხედრო მოსამსახურეების თანდასწრებით, გაახეხინა ზემოხსენებულ ბაზაზე მდებარე ყაზარმის საკლასო ოთახი, საპირფარეშოს პირსაბანი ოთახის სივრცე და ერთ-ერთი საპირფარეშოს კარი. გ. ბ–ს ქმედებამ ა. ა–ს უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 იანვრის განაჩენით გ. ბ–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
3.1. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 28 იანვრის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
3.2. საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით (2020 წლის 17 ივნისის ეპიზოდში) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 5 წლით; მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
3.3. საქართველოს სსკ-ის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’, ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა – ჯარიმა 2 000 ლარი;
3.4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით გ. ბ–ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – თავისუფლების აღკვეთა 6 წლით და დამატებით სასჯელის სახედ ჯარიმა – 2 000 ლარი და 1 წლით ჩამოერთვა საჯარო სამსახურში და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება;
3.5. გ. ბ–ს სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან – 2021 წლის 21 აპრილიდან.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ფ. ს–მა, რომელმაც მოითხოვა მსჯავრდებულ გ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობა;
4.1. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორმა ალექსანდრე ჩხეიძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განაჩენის უცვლელად დატოვება.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 14 იანვრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ფ. ს–მა, რომელიც ითხოვს მსჯავრდებულ გ. ბ–სის უდანაშაულოდ ცნობას.
6.1. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 29 ივლისს მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა – ფ. ს–მა საქმეზე დასართავად წარმოადგინა 2 CD დისკი.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011); ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განაჩენი გაასაჩივრა დაცვის მხარემ, რომელიც ითხოვს გ. ბ–სის გამართლებას.
9. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა: ჩაიდინა თუ არა მსჯავრდებულმა – გ. ბ–მა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები.
10. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება გ. ბ–ს მიერ მსჯავრადშერაცხილი დანაშაულების ჩადენა, მათ შორის, იმაზე მითითებით, რომ გ. ბ–ი იყო ცვლის უფროსი, რომელსაც ჰყავდა უფროსები – ზემდგომი თანამდებობების პირები, რომელთაგან ერთ-ერთმა – მ. ზ–მა სასამართლო სხდომაზე აღიარა, რომ ჯარისკაცებს თავად სჯიდა. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქმეში წარმოდგენილი საკმარისი და უტყუარი მტკიცებულებებით (მათ შორის, დაზარალებულებისა და მოწმეების ჩვენებებით, წერილობითი მტკიცებულებებით, მათ შორის, საქართველოს შსს ობიექტების დაცვის დეპარტამენტის წერილებით, სამსახურის წიგნსა და იარაღისა და მატერიალური ფასეულობების მიღება-ჩაბარების ჟურნალში ასახული ინფორმაციითა და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებებით) გონივრულ ეჭვს მიღმა დასტურდება, რომ გ. ბ–მა ჩაიდინა მსჯავრადშერაცხილი დანაშაულები. სამართალწარმოების მიმდინარეობისას არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების სანდოობასა და სარწმუნოობას საეჭვოს გახდიდა; დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მოწმეთა დაინტერესების დამადასტურებელი რაიმე ობიექტური მტკიცებულება; ასევე, საქმის გარემოებებიდან არ იკვეთება დაცვის მხარის პოზიციის საფუძვლიანობა.
10.1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის მე-12 მუხლს (სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს მხოლოდ პროკურორი), საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილს (პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა), საქართველოს სსსკ-ის 32-ე მუხლის პირველ ნაწილს (სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა პროკურატურა) და კვლავაც აღნიშნავს, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს იმ საკითხზე, თუ რატომ არ წარედგინა ბრალი სხვა პირს შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ინფორმაციის არსებობისას, ასეთის წარუდგენლობის შემთხვევაში.
10.2. ამასთან, საქმის ფარგლებში დაკითხული დაზარალებულებისა და მოწმეთა ჩვენებების გათვალისწინებით (ისინი მსჯავრდებულ გ. ბ–ს უთითებენ იმ პირად, რომელმაც მ. მ–სა და ა. ა–ს მიმართ ჩაიდინა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, ხოლო ნ. ს–სა და თ. ს–ს მიმართ – არაადამიანური მოპყრობა, ე.ი. პირის იძულება, არაადამიანურ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მტკიცებას გ. ბ–ს უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და ითვალისწინებს, რომ სხვა პირის მიერ დანაშაულის ჩადენა, ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც a priori არ ნიშნავს საქმის ფარგლებში მსჯავრდებული პირის უდანაშაულობას.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის განსაზღვრული გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი გულისხმობს მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში, რაც არ გულისხმობს მტკიცებულებათა მხოლოდ რაოდენობრივ მახასიათებელს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 27 ოქტომბრის განჩინება საქმეზე №400აპ-21). შესაბამისად, საკითხი იმის შესახებ, თუ რა სახის და რა რაოდენობის მამხილებელი მტკიცებულების ერთობლიობაა საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, წყდება ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის ინდივიდუალური გარემოებების გათვალისწინებით.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლობის გამო, ვერ გაიზიარებს კასატორის მოთხოვნას მსჯავრდებულების უდანაშაულოდ ცნობის შესახებ და იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გ. ბ–ს მსჯავრდებისა და სასჯელის ნაწილში.
13. საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 29 ივლისს მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს მიერ საქმეზე დასართავად წარმოდგენილ დისკებთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო, ერთი მხრივ, ითვალისწინებს სამართალწარმოები შეჯიბრებით ხასიათს, (იხ. საქართველოს სსსკ-ის მე-9 და 25-ე მუხლები), მტკიცებულებების უშუალოდ გამოკვლევის ვალდებულებას (საქართველოს სსსკ-ის მე-14 მუხლი), ხოლო, მეორე მხრივ, იმ გარემოებას, რომ „საქართველოს უზენაეს სასამართლოში, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, შეუძლებელია ახალი მტკიცებულების წარდგენა, მისი გამოკვლევა და სასამართლოს მიერ გამოყენება“ (მაგ.: საქართველოს უზენაესი სასამართლოს: 2024 წლის 23 იანვრის №824აპ-23, 2021 წლის 18 ნოემბრის №484აპ-21, 2021 წლის 18 ოქტომბრის №326აპ-21, 2015 წლის 7 ივლისის №95აპ-15 განჩინებები).
13.1. საკასაციო სასამართლო, იმავდროულად, ითვალისწინებს, რომ საქართველოს სსსკ-ის 302-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიტანება განაჩენის გამომტან სასამართლოში მისი გამოცხადებიდან 1 თვის ვადაში, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ დისკებთან დაკავშირებით.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
15. მოცემულ შემთხვევაში საქმის შესწავლის შედეგად არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
16. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
18. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი მსჯავრდებულ გ. ბ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის – ფ. ს–ს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 22 იანვრის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი