3კ-836-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ნაჩუქარი ნივთებისა და თანხების დაბრუნება და რემონტის ხარჯების ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ლ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ნაჩუქარი ნივთების ან მათი ღირებულების უკან დაბრუნება, არარეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ ნივთებზე დახარჯული თანხების ანაზღაურება და ბინის საკუთრებაში გადაცემა შემდეგი საფუძვლით: 1999წ. 2 მაისს ქორწინების რეგისტრაციის გარეშე ცოლად გაჰყვა მოპასუხე რ. დ.-ს. ერთად ცხოვრების პერიოდში შვილი არ შეძენიათ. ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად გადავიდა მოპასუხის მშობლების ბინაში. 2000წ. თებერვალში მოპასუხის მშობლებმა ოჯახური უსიამოვნების გამო იგი და მისი მეუღლე იძულებული გახადეს, წასულიყვნენ ოჯახიდან, ისინი დროებით საცხოვრებლად გადავიდნენ მულის ბინაში, სადაც ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ. იმავდროულად მეუღლეები არემონტებდნენ მოპასუხე რ. დ.-ის კუთვნილ ბინას მდებარე ქ. ბათუმი, ... 2001წ. 28 აპრილს მეუღლეს დაშორდა და მოსარჩელემ ცხოვრება განაგრძო რ. დ.-ის სახელზე რიცხულ ბინაში. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო მოითხოვა ნაჩუქარი ნივთების, ოქროულობისა და თანხების დაბრუნება, რამაც შეადგინა სულ 2493 აშშ დოლარი. გარდა ამისა, მოსარჩელის განმარტებით მან საკუთარი სახსრებით შეიძინა სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი, გაიღო თანხები ავტომანქანის შესაძენად და მისი რემონტისათვის, რამაც შეადგინა 1110 ლარი. Aასევე გაიღო მეუღლის მოპასუხე რ. დ.-ის მკურნალობის ხარჯი _ 310 ლარი. ბინის რემონტზე დახარჯული თანხა მისი სახსრებიდან იქნა გადახდილი, სულ დანახარჯმა შეადგინა 6045 ლარი. მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მოპასუხე მხარისათვის 500 აშშ დოლარისა და 702 ლარის გადახდის დაკისრება, რომელიც მოსარჩელის დედამ გ. კ.-ემ გადასცა გ. დ.-ს ...-ში აგარაკის მშენებლობისათვის.
რ. და გ. დ.-ეებმა შეგებებული სარჩელით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს მოსარჩელისგან ნაჩუქარი ნივთების დაბრუნება, განაცხადეს, რომ მოსარჩელის და რ. დ.-ისათვის ნაჩუქარი ოქროს ნივთები მოსარჩელესთან ინახება. მოპასუხეები უარყოფენ ლ. ბ.-ის სასარჩელო განცხადებაში მოყვანილ გარემოებას იმის თაობაზე, რომ ბინის რემონტი მისი სახსრებით არის გაკეთებული და ამიტომ ბინა მას ეკუთვნის.Mმათი განმარტებით აღნიშნული ბინა შეძენილია მოპასუხის მშობლების მიერ, სანამ მხარეები ფაქტობრივად იქორწინებდნენ და ვინაიდან მათ შორის ქორწინება არარეგისტრირებულ ხასიათს ატარებდა, მოსარჩელე ლ. ბ.-ის მოთხოვნა, სადავო ბინის საკუთრებაში გადაცემაზე, მოკლებულია ყოველგვარ საფუძველს. მოპასუხეები შეგებებული სარჩელით მოითხოვენ ბ.-ის ნაჩუქარი ნივთების უკან დაბრუნებას, რადგან ბ.-ემ მათ მიმართ გამოიჩინა უმადურობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის გადაწყვეტილებით ლ. ბ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. მოპასუხეებს _ რ. დ.-ესა და გ. დ.-ეს ლ. ბ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 3189 ლარის გადახდა, რაც შეადგინა შემდეგი ნივთების ღირებულებამ: ნიშნობის ჩემოდანი, ღირებული 140 ლარად, ქალის ქურქი, ღირებული 400 ლარად, ოქროს ჯაჭვი, ღირებული 368 ლარად, “სტატუეტი”, “ადამი და ევა”, “ქალი ბავშვით”, ღირებული 12 ლარად, გრეხილი ბეჭედი, ღირებული 70 ლარად, ერთად ცხოვრების პერიოდში მოსარჩელის სახსრებით შეძენილი ავტომანქანა “მიცუბიში”, ღირებული 800 ლარად და მოპასუხე რ. დ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის რემონტზე გაწეული ხარჯების ნახევარი, რაც შეადგენს 1500 ლარს. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოპასუხეების _ რ. დ.-ისა და გ. დ.-ის შეგებებული სარჩელი და მასში ჩამოთვლილი ოქროს ნივთებისა და სამკაულების ნაწილი (გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა) დარჩა მათ საკუთრებაში. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სასარჩელო განცხადებაში მითითებული ნივთები ქორწინების დროს საჩუქრის სახით გადაეცა მოსარჩელეს. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეები რეგისტრირებულ ქორწინებაში არ გატარებულან და სკ-ს 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ნიშნობასთან დაკავშირებული საჩუქრები დაუქორწინებლობის შემთხვევაში მხარეებს უკან უნდა დაბრუნდეს. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის კუთვნილი ფულით მოპასუხემ შეიძინა ავტომანქანა “მიცუბიში”, რომელშიც გადაიხადა 400 აშშ დოლარი. რაც შეეხება ბინის რემონტისათვის გახარჯულ თანხებს, სასამართლომ უარი უთხრა ამ თანხის გადახდაზე. ასევე ჩათვალა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება მკურნალობის თანხების გადახდა მოსარჩელის მიერ, ამდენად, მისი სასარჩელო მოთხოვნა მიიჩნია ნაწილობრივ საფუძვლიანად და ნაწილობრივ დააკმაყოფილა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ.-ისა და გ. დ.-ის წარმომადგენელმა ი. შ.-მ. გადაწყვეტილებაზე შეგებებული სააპელაციო საჩივარი შეიტანა ლ. ბ.-ემაც.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილებით რ. დ.-ისა და გ. დ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 21 დეკემბრის გადაწყვეტილება. რ. დ.-ესა და გ. დ.-ს უარი ეთქვათ ოქროს ნივთების დაბრუნებაზე უსაფუძვლობის გამო. ასევე ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ლ. ბ.-ის შეგებებული სააპელაციო საჩივარი. რ. დ.-ესა და გ. დ.-ს დაეკისრა მოსარჩელე ლ. ბ.-ის სასარგებლოდ ნაჩუქარი ოქროს სამკაულებისა და შემდეგი ნივთების დაბრუნება: ნიშნობის ჩემოდანი ღირებული 25 აშშ დოლარად, 21 გრამიანი გრეხილი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 105 აშშ დოლარად, 6 გრამიანი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 50 აშშ დოლარად, გრეხილი ოქროს ჯაჭვი, ღირებული 20 აშშ დოლარად, ოქროს სამაჯური, ღირებული 80 აშშ დოლარად, ბრილიანტის ბეჭედი, ღირებული 700 აშშ დოლარად, ოქროს ბეჭედი ქარვის თვლით, ღირებული 25 აშშ დოლარად, ობობას ფორმის ოქროს ბეჭედი, ღირებული 25 აშშ დოლარად, ოქროს ბეჭედი სამი ცირკონის თვლით, ღირებული 20 აშშ დოლარად, პლატინის ბეჭედი ცირკონის თვლით, ღირებული 20 აშშ დოლარად, ოქროს გრეხილი ბეჭედი, ღირებული 35 აშშ დოლარად, ოქროს საყურე, ცირკონის თვლით, ღირებული 50 აშშ დოლარად, უბრალო საათი, ღირებული 10 აშშ დოლარად, ქალის ღილებიანი ხავერდის პერანგი ღირებული 25 აშშ დოლარად, სტატუეტი “ადამი და ევა”, ღირებული 3 აშშ დოლარად, სტატუეტი “ქალი და ბავშვი”, ღირებული 3 აშშ დოლარად, ბერძნული ფარდები, ღირებული 3 აშშ დოლარად, 2 პომადა, ღირებული 3 აშშ დოლარად, სულ 1222 აშშ დოლარის ღირებულების ეკვივალენტი ლარებში. მოპასუხეებს _ რ. დ.-ესა და გ. დ.-ს დაეკისრათ ავტომანქანა “მიცუბიშის” ღირებულების _ 400 აშშ დოლარის გადახდა ეკვივალენტ ლარში. სარჩელის დანარჩენ მოთხოვნაზე მოსარჩელე ლ. ბ.-ეს ეთქვა უარი უსაფუძვლობის გამო. ლ. ბ.-ის სასარჩელო მოთხოვნა, დედის, გ. კ.-ის, მიერ კურორტ ...-ში აგარაკის მშენებლობისათვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე, დარჩა განუხილველად. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეს მოპასუხეებმა აჩუქეს სარჩელში მითითებული ნივთები, რომელთა საერთო ღირებულება შეადგენს 1222 აშშ დოლარს. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა შეგებებულ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოება, რომ მოსარჩელე ლ. ბ.-ემ 150 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა “ოპელი”, მკვებავი (აკუმულატორი), ღირებული 45 აშშ დოლარად და ტელევიზორის ანტენა თავისი კაბელით, ღირებული 15 აშშ დოლარად. ასევე არ გაიზიარა გარემოება, რომ მოსარჩელემ გადაიხადა რ. დ.-ის მკურნალობის ხარჯები. ვინაიდან მხარეები წლების მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ, ეწეოდნენ საერთო მეურნეობას, სასამართლომ ჩათვალა, რომ არ უნდა გამოყენებულიყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1109-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნა და აქედან გამომდინარე, დ.-ეებს უარი ეთქვათ შეგებებულ სარჩელში მითითებული ნაჩუქარი ნივთების დაბრუნების თაობაზე. რაც შეეხება კურორტ ...-ში აგარაკის მშენებლობისათვის მოსარჩელის დედის მიერ გადახდილი თანხის დაბრუნებას, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია რომ აღნიშნული საკითხი ცალკე დავის საგანს წარმოადგენს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა რ. დ.-ისა და გ. დ.-ის წარმომადგენელმა ი. შ.-ემ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა შემდეგ გარემოებათა გამო: უკანონოდ მიიჩნია გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც სასამართლომ დაავალდებულა რ. დ.-ე და გ. დ.-ე-სილაძე, რომ დაებრუნებინათ ნიშნობაზე ნაჩუქარი 1222 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები. კასატორი მიუთითებს იმ გარემოებას, რომ ოქროს ნივთები წაღებულია მოსარჩელის მიერ, რაზეც მეტყველებს ქ. ბათუმის შს სამმართველოს მე-5 ქვეგანყოფილების მიერ მოკვლეული მასალები, ასევე საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებები. კასატორები მიიჩნევენ, რომ სადავო ნივთებიდან 12 ნივთი მათი საკუთრებაა და მოსარჩელე მხარემ ისინი უკან უნდა დააბრუნოს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასამართლო არ უთითებს სამოქალაქო კოდექსის მუხლს, რომლის თანახმადაც ლ. ბ.-ე და რ. დ.-ე მიიჩნია მეუღლეებად. გაუგებარია, თუ მხარეები მეუღლეებად იქნენ მიჩნეული სასამართლოს მიერ, მაშინ რატომ არ იქნა გარკვეული, სადავო ნივთებიდან რომელი აჩუქეს მხოლოდ მოსარჩელეს და რომელი _ ორივეს, როგორც მეუღლეებს. პალატა იზიარებს კასატორის მოთხოვნას იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება უკანონოა იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოარკვიოს, სადავო ოქროს ნივთებიდან რომელი ნივთი აჩუქეს მოსარჩელეს მოპასუხეებმა და რომელი ნივთები _ მოსარჩელის ნათესავებმა. ასევე ყურადღება უნდა გაამახვილოს იმ გარემოებაზე, თუ სადავო ნივთებიდან რომელი ნივთი არის ნაჩუქარი ნიშნობაზე და რომელია შეძენილი მეუღლეთა თანაცხოვრების პერიოდში. ამის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს, ექვემდებარება თუ არა სადავო ნივთები დაბრუნებას.
სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს აგრეთვე უნდა გამოარკვიოს ის გარემოებაც, ნამდვილად მოპასუხესთან იმყოფება თუ არა სადავო ნივთები. გადაწყვეტილებაში სასამართლო, სარჩელის დაკმაყოფილების დროს, ემყარება მხოლოდ მოსარჩელის სიტყვიერ განმარტებებს. საქმეში არ მოიპოვება მტკიცება იმისა, რომ სადავო ნივთები ნამდვილად მოპასუხესთან ინახება. სააპელაციო სასამართლო არ მიუთითებს იმ მტკიცებულებებზე, რის საფუძველზე თვლის, რომ აღნიშნული ნივთები ინახება მოპასუხეებთან და მოსარჩელის მოთხოვნას ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით ისე დააკმაყოფილა, რომ არ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
რაც შეეხება მოსარჩელე ლ. ბ.-ის დედის გ. კ.-ის, მიერ მოპასუხე მხარისათვის ნაჩუქარი ფულის და კურორტ ...-ში აგარაკის მშენებლობისათვის გაღებული თანხის უკან დაბრუნებას, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, არის თუ არა მოსარჩელე ლ. ბ.-ე უფლებამოსილი პირი, დააყენოს საკითხი დედის მიერ გაცემული საჩუქრის უკან დაბრუნებაზე, ანუ არის თუ არა სათანადო მოსარჩელე და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა იმსჯელოს სასარჩელო განცხადების ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. სააპელაციო სასამართლომ კი ნაცვლად აღნიშნულისა, სარჩელი ამ ნაწილში განუხილველად დატოვა ისე, რომ არ მუთითა, სსკ-ს რომელი მუხლის საფუძველზე მოხდა სარჩელის განუხილველად დატოვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
რ. დ.-ისა და გ. დ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 7 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოა და არ გასაჩივრდება.