¹ 3კ/838-01 25 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: საცხოვრებელი ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ო-შვილი 1980 წლის 5 ნოემბერს ქორწინების რეგისტრაციაში გატარდა გ. გ-შვილთან. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი: კ., დაბადებული 1980 წელს, ლ., დაბადებული 1982 წელს და ე., დაბადებული 1986 წელს. ოჯახი ცხოვრობდა ქ. გორში, ... მდებარე ოროთახიან კომუნალურ ბინაში. 1995 წლის 25 სექტემბერს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე აღნიშნული ბინა გორის ტექ-აღრიცხვის ბიუროში აღირიცხა გ. გ-შვილის სახელზე.
გორის სასამართლოს 1998 წლის 30 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. გ-შვილის სარჩელი ნ. ო-შვილის მიმართ ქორწინების შეწყვეტის, ალიმენტის გადახდევინების შესახებ. მეეუღლეებს შორის ქორწინება შეწყდა და მოპასუხეს სამი შვილის სარჩოდ დაეკისრა ალიმენტი 40 ლარის ოდენობით. იმავე სასამართლოს 1998 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ო-შვილი ცნობილ იქნა ბინის ფართზე უფლებადაკარგულად.
1998 წლის 15 ოქტომბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. გ-შვილმა აღნიშნული ბინა გაასხვისა რ. ო-ძეზე.
2000 წლის თებერვალში ნ. ო-შვილმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.
გორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ რ. ო-ძე არის ბინის კეთილსინდისიერი შემძენი. თბილისის საოლქო სასამართლოს 2001 წლის 23 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი და პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
ნ. ო-შვილი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ მისი, როგორც თანამესაკუთრის თანხმობის გარეშე გ. გ-შვილს არ ჰქონდა ბინის გასხვისების უფლება, გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებები ქორწინების შეწყვეტისა და ბინის ფართზე უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ გაუქმებული იყო.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეების განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს გაუქმდეს სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. გორში, ... მდებარე ოროთახიანი ბინა პრივატიზებულია გ. გ-შვილისა და ნ. ო-შვილის ერთად ცხოვრების პერიოდში. პრივატიზაციის ხელშეკრულების დადების დროს ბინაში ჩაწერილი იყო ოჯახის სამი სრულწლოვანი წევრი: გ. გ-შვილი, მისი და _ ლ. გ-ევა და ნ. ო-შვილი. პრივატიზაციის შედეგად თითოეულმა მოიპოვა ბინის 1/3 ნაწილზე საკუთრების მიღების უფლება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1159-ე მუხლის თანახმად, თანასაკუთრებაში არსებულ ქონებაზე მეუღლეებს აქვთ თანაბარი უფლებები. ამ ქონების ფლობა, სარგებლობა და განკარგვა ხორციელდება მეუღლეთა ურთიერთშეთანხმებით.
გ. გ-შვილმა სადავო ბინა განკარგა ნ. ო-შვილის თანხმობის გარეშე, რითაც შეილახა ამ უკანასკნელის უფლება. ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებისას რ. ო-ძისათვის ცნობილი იყო, ის გარემოება, რომ გამყიდველს ჰყავდა მეუღლე. მიუხედავად ამისა რ. ო-ძეს არ მოუთხოვია სადავო ბინის გასხვისებაზე ნ. ო-შვილის თანხმობის წარმოდგენა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად სასამართლო ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება, თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
გორის რაიონულმა სასამართლომ 2000 წლის 4 იანვრის განჩინებებით ბათილად ცნო გორის სასამართლოს 1998 წლის 30 მარტის გადაწყვეტილება გ. გ-შვილსა და ნ. ო-შვილს შორის ქორწინების ბათილად ცნობის შესახებ, 1998 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება ბინის ფართზე ნ. ო-შვილის უფლებადაკარგულად ცნობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 431-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ საქმეები, რომლებზედაც ეს გადაწყვეტილებები იყო გამოტანილი, თავიდან უნდა იქნეს განხილული საქმეთა განხილვის შესახებ ამ კოდექსით დადგენილი წესით.
საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს მითითებულ საქმეთა გადაწყვეტამდე საქმის წარმოების შეჩერების შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ო-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 მაისის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.