გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-838-02 15 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: მემკვიდრეობის მოწმობაში ცვლილებების შეტანა და მემკვიდრედ ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისში, ... 1928 წლიდან ცხოვრობდა მოსარჩელე ნ. ს-ის მამა ბ. ს-ე მეუღლე ვ. ფ-ესთან ერთად. პირველი ქორწინებიდან ბ. ს-ეს ნ. ს-ის გარდა ჰყავს შვილი გ. ს-ე. 1937 წელს ბ. ს-ე ხელმეორედ დაქორწინდა მოპასუხე თ. ქ-ეზე და 1952 წელს შეიძინა ქუთაისში, ... მდებარე საცხოვრებელი სახლი. 1981 წელს გარდაიცვალა ბ. ს-ე. მას დარჩა მემკვიდრეებად ოთხი შვილი და მეუღლე თ. ქ-ე. 1988 წელს თ. ქ-ემ ქუთაისის სანოტარო ბიუროს მეშვეობით მემკვიდრეობის მოწმობით გადაიფორმა მთელი სახლი თავის სახელზე, რომელიც შემდეგ აჩუქა თავის შვილ ფ. ს-ეს.
ნ. ს-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მამის დანაშთ ქონებაზე, კერძოდ, სადავო სახლის 1/6-ზე მემკვიდრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: თ. ქ-ემ მისგან ფარულად გადაიფორმა მთლიანი სახლი თავის სახელზე, რის შემდეგაც სახლი აჩუქა თავის შვილ ფ. ს-ეს.
ასევე სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ. ს-ის მეორე შვილმა დ. ს-ემ, რომელმაც ასევე მოითხოვა სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანა და მამის დანაშთი ქონების 1/6-ზე მემკვიდრედ ცნობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 5 ნოემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ნ. ს-ის სარჩელი. ასევე არ დაკმაყოფილდა მესამე პირის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით დ. ს-ის _ სასარჩელო მოთხოვნა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: მიიჩნია, რომ როგორც მოსარჩელე ნ. ს-ეს, ასევე მესამე პირს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით დ. ს-ეს, გაშვებული აქვთ სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) 556-ე მუხლით გათვალისწინებული მემკვიდრეობის მიღების ვადა. მათ არც ფაქტობრივად მიუღიათ მემკვიდრეობა და არც 6 თვის განმავლობაში არ მიუმართავთ სანოტარო კანტორისათვის მემკვიდრეობის მიღების შესახებ განცხადებით. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელე ნ. ს-ე ცხოვრობდა და სარგებლობდა არა სამემკვიდრეო სახლით, არამედ უკანოდ მინაშენი ფართით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. ს-ემ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილებით ნ. ს-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული
გადაწყვეტილება. მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოსარჩელე ნ. ს-ის სარჩელი სამემკვიდრეო მოწმობაში ცვლილებების შეტანისა და მამის დანაშთი ქონების 1/6-ზე მემკვიდრედ ცნობის შესახებ. გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი. ნ. ს-ის სარჩელის დაკმაყოფილების გამო შესაბამისი ცვლილებები იქნა შეტანილი ქუთაისის პირველი სახელმწიფო ნოტარიუსის მიერ 1988წ. 18 მაისს გაცემულ კანონიერი მემკვიდრეობის უფლების მოწმობაში. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ს-ე დაბადებიდან, 1930 წლიდან, დღემდე ცხოვრობს სადავო საცხოვრებელ სახლში და მას, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეს, ფაქტობრივად მიღებული აქვს მემკვიდრეობა მამის, ბ. ს-ის, გარდაცვალების შემდეგ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივრები შეიტანეს ნოტარიუსმა პ. ბ-ემ, ასევე თ. ქ-ემ და ფ. ს-ემ. Pპ. ბ-ე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვა იმ საფუძვლით, რომ ნ. ს-ეს ფაქტობრივად არ მიუღია სამკვიდრო სახლი და იგი არ ცხოვრობს სამემკვიდრეო სახლში, ხოლო თ. ქ-ე გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად მიაკუთვნა ნ. ს-ეს სახლის 1/6 ნაწილი, მაშინ როდესაც მისი სამემკვიდრეო წილი შეადგენს 1/10-ს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მამა ბ. ს-ე გარდაიცვალა 1981 წელს. საქმის მასალების მიხედვით მას დარჩა პირველი რიგის ხუთი მემკვიდრე: მეუღლე – მოპასუხე თ. ქ-ე და ოთხი შვილი: ნ., გ., დ. და ფ. ს-ეები. საქმის მასალებით არ დასტურდება მეექვსე მემკვიდრის არსებობა. აქედან გამომდინარე, გაუგებარია, თუ რატომ გაიყო სამემკვიდრეო ქონება ექვს ნაწილად და რატომ ითხოვდა მოსარჩელე სამემკვიდრეო 1/6 ნაწილის მემკვიდრედ ცნობას, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. საქმის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ უნდა გამოარკვიოს, ჰქონდა თუ არა სადავო სახლი შეძენილი მოსარჩელის მამას მოპასუხე თ. ქ-ესთან ქორწინების რეგისტრაციის დროს და თ. ქ-ე არის თუ არა სადავო სახლის ნახევრის მესაკუთრე.
აღნიშნული საკითხების დადგენის შემდეგ სასამართლომ უნდა იმსჯელოს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოსარჩელისათვის წილის განსაზღვრის შესახებ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პ. ბ-ის, თ. ქ-ის და ფ. ს-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 3 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.