საქმე # 060100123007891727
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №569აპ-24 ქ. თბილისი
ხ. თ.569აპ-24 24 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ხ–ს, – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა ოჯახის ერთი წევრის მიერ წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, – დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი).
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით თ. ხ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1. 2023 წლის 26 აპრილს, დილის საათებში, თ. ხ–მ ვ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრს – დას – ა. ხ–ს, სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძალადობით, კერძოდ, ხელით თმების მოქაჩვის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
2.2. 2023 წლის 29 აპრილს, დილის საათებში, თ. ხ–მ ვ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრს – დას – ა. ხ–ს, სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძალადობით, კერძოდ, სხეულის სხვადასხვა არეში ხელით რამდენჯერმე დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი.
3. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განაჩენით თ. ხ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 აპრილის და 29 აპრილის ეპიზოდები) წარდგენილ ბრალდებაში;
3.1. საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლის თანახმად, თ. ხ–ს განემარტა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება.
4. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა – მამუკა ნადირაძემ, რომელმაც ითხოვა გამამართლებელი განაჩენის გაუქმება და თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 აპრილის და 29 აპრილის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდება.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენით სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 16 იანვრის განაჩენი თ. ხ–ს მიმართ დარჩა უცვლელად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორმა მამუკა ნადირაძემ, რომელიც ითხოვს თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (2023 წლის 26 აპრილის და 29 აპრილის ეპიზოდები) და სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას.
7. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009).
8. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის.
9. ამდენად, დავის საგანია იმ საკითხის გარკვევა, ჩაიდინა თუ არა გამართლებულმა თ. ხ–მ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულები.
10. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა და მოითხოვა სამტრედიის რაიონული სასამართლოს განაჩენის გაუქმება და თ. ხ–ს ბრალადწარდგენილი დანაშაულების ჩადენისათვის დამნაშავედ ცნობა, იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული, ხოლო სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც თ. ხ–ს ბრალადწარდგენილ დანაშაულებში გამართლება განაპირობა. საკასაციო სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია გასაჩივრებულ განაჩენში მითითებული იმ არგუმენტების გამეორება, რასაც საკასაციო სასამართლოც ეთანხმება.
11. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა იმ გარემოებას, რომ თ. ხ–მ 2023 წლის 26 აპრილს და 29 აპრილს ფიზიკურად იძალადა, წინასწარი შეცნობით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრ დაზე – ა. ხ–ზე; მოცემულ შემთხვევაში, სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი ერთადერთი მტკიცებულება, რომელიც მიუთითებს თ. ხ–ს მხრიდან აღნიშნული ქმედებების ჩადენაზე, არის თავად დაზარალებულ ა. ხ–ს ჩვენება.
12. მოწმეები – კ. მ–ე, ბ. მ–ე და ა. მ–ე ძალადობის ფაქტებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უშუალოდ არ შესწრებიან და მომხდარის შესახებ გადმოცემით იციან დაზარალებულისაგან, შესაბამისად, მათი ჩვენებები ირიბია და მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს. ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ II-37, II-52). შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის დაუშვებელია.
13. ამდენად, თ. ხ–ს მიერ ა. ხ–ზე ძალადობა (როგორც 2023 წლის 26 აპრილის, ისე 2023 წლის 29 აპრილის ეპიზოდში), ასეთის არსებობის შემთხვევაში, დასტურდება მხოლოდ დაზარალებულის პირდაპირი მამხილებელი ჩვენებით. სხვა პირდაპირი ან/და გარემოებითი მტკიცებულება თ. ხ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (2 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაული ჩადენის მტკიცებისთვის, ბრალდების მხარეს არ წამოუდგენია. შესაბამისად, მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით თ. ხ–ს მიერ ბრლაადწარდგენილი დანაშაულის ჩადენის მტკიცებისა და გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისათვის.
14. გარდა აღნიშნულისა საკასაციო სასამართლო ასევე ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ დაზარალებულ ა. ხ–ს ჩვენება არადამაჯერებელი და წინააღმდეგობრივია. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, რომელიც ეფუძნებოდა დაზარალებულის გამოკითხვის ოქმს, 2023 წლის 26 აპრილს, დილის საათებში, თ. ხ–მ ვ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ი–ში მისთვის წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ოჯახის წევრს, დას – ა. ხ–ს, სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ძალადობით, კერძოდ, ხელით თმების მოქაჩვის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი, ხოლო 2023 წლის 29 აპრილს, იმავე გარემოებებში, სხეულის სხვადასხვა არეში ხელით რამდენჯერმე დარტყმის შედეგად, მიაყენა ფიზიკური ტკივილი. სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას კი დაზარალებულმა განმარტა, რომ შემთხვევის დღეს თ. ხ–მ ხელით წაიწია მისკენ და შეათრია სახლში, რა დროსაც ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღო. შეკითხვაზე – თუ რით გამოიხატა ძმის მიერ განხორციელებული ფიზიკური ძალადობა, უპასუხა, რომ თ. ხ–ე მკლავებზე დაეჭიდა, მაგრამ ვერ შეათრია სახლში. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ თ. ხ–ზე გაბრაზებულია იმის გამო, რომ მის ქმარსა და დებს შეეკრა და შვილებს დააცილა. შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენება, სხვა ობიექტური მტკიცებულებების გარეშე, ვერ იქნება უპირობოდ გაზიარებული და საფუძვლად ვერ დაედება თ. ხ–ს მსჯავრდებას.
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, თ. ხ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე და მიაჩნია, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა არ არის საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად.
16. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020); იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივნის რელევანტური არგუმენტები განიხილა ქვედა ორი ინსტანციის სასამართლომ, მომჩივნის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა ვერ იქნება მიჩნეული სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლებაზე დაწესებულ არაპროპორციულ შეზღუდვად (Tortladze v. Georgia; no.42371/08, §77, ECtHR, 18/03/2021).
18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
19. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
21. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორ მამუკა ნადირაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 18 მარტის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი