Facebook Twitter
3კ-840-02

3კ-840-02 30 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,მ. წიქვაძე

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთა.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა შპს “...-ს” დირექტორის ზ. ფ.-ის და დამფუძნებლის რ. ჩ.-ის სარჩელი და თბილისში, მეტრო სადგურ “...-ის” მიმდებარე შპს “...-ს” საკუთრებაში არსებული 374 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოპასუხე მ. ლ.-ს აეკრძალა უკანონო მშენებლობის წარმოება, ხოლო აშენებული უკანონო ნაგებობები დანგრეულ იქნა.

გადაწყვეტილება გასაჩივრდა მოპასუხის მიერ სააპელაციო წესით. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა სააპელაციო საჩივარი აპელანტ მ. ლ.-ის გამოუცხადებლობის გამო.

მ. ლ.-მა გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 31 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, მოითხოვა მისი გადასინჯვა და საქმის წარმოების განახლება.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 25 თებერვლის განჩინებით მ. ლ.-ის საჩივარი მიჩნეული იქნა დასაშვებად და საჩივრის განხილვა დაინიშნა 2002წ. 4 აპრილს. დანიშნულ დღეს მომჩივანმა მ. ლ.-მა დატოვა სასამართლოს სხდომა მიუხედავად იმისა, რომ სასამართლომ განუმარტა მ. ლ.-ს სსკ-ს 232-ე მუხლი, რომ თუ იგი დატოვებდა სხდომას, მას ჩაეთვლებოდა გამოუცხადებლობაში და მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის შემთხვევაში გამოტანილი იქნებოდა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა ზ. მ.-მა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა.

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ის 232-ე მუხლით, რომლის თანახმადაც გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე, ასევე სსკ-ის 387-ე მუხლის ნაწილით, რომლის თანახმადაც თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდა საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის შესახებ და აპელანტ მ. ლ.-ს უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

მ. ლ.-მა აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო წესით. კასატორს მიაჩნია, რომ რადგან მას საკუთარი ინიციატივით არ დაუტოვებია სხდომის დარბაზი და ეს მოხდა მოსამართლის ნებართვით, ამიტომ სააპელაციო პალატას არ უნდა ეხელმძღვანელა სსკ-ის 232-ე და 387-ე მუხლებით. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ საქმის ზეპირი განხილვის გარეშე შეისწავლა საქმის მასალები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 242-ე მუხლის თანახმად, მხარეს, რომელმაც შემოიტანა საჩივარი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების შესახებ, მაგრამ არ გამოცხადებულა დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე, სასამართლო გამოიტანს მეორე დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

დადგენილია, რომ საოლქო სასამართლოში საქმის ზეპირ განხილვაზე არ გამოცხადდა აპელანტი მ. ლ.-ი. მისი გამოუცხადებლობის გამო სასამართლომ სსკ-ს 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით გამოიტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ამ გადაწყვეტილებაზე მ. ლ.-მ შეიტანა საჩივარი და მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება. საჩივრის განხილვის დღეს იგი გამოცხადდა სხდომაზე და იშუამდგომლა საჩივრის განხილვის გადადების შესახებ, რაც სასამართლოს მიერ არ დაკმაყოფილდა. რის შემდეგაც აპელანტმა მიატოვა სხდომა და სასამართლომ სსკ-ის 232-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

კასატორი მიუთითებს, რომ მას საკუთარი ინიციატივით არ მიუტოვებია სხდომის დარბაზი. სასამართლომ დართო ნება გასულიყო დარბაზიდან და დაერეკა თავისი ადვოკატისათვის. ამდენად მას უარი არ განუცხადებია საჩივრის განხილვაში მონაწილეობაზე.

საკასაციო პალატა კასატორის აღნიშნულ მითითებას ვერ გაიზიარებს, რადგან სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს შეუძლია იმსჯელოს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტების მიმართ, რომელიც ასახულია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაში ან საქმის მასალებში.

სასამართლო სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლომ განუმარტა მ. ლ.-ს არ დაეტოვებინა სხდომა, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ გამოტანილი იქნებოდა დაუსწრებელი გადაწყვეტილება. მიუხედავად გაფრთხილებისა მ. ლ.-მა დატოვა სხდომა.

მ. ლ.-ს სასამართლო სხდომის ოქმის უსწორობისა და უსრულობის შესახებ სსკ-ს 291-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად შენიშვნები არ წარუდგენია და არც საკასაციო საჩივარში მიუთითებს სხდომის ოქმის უსწორობაზე.

სსკ-ს 232-ე მუხლის თანახმად, გამოუცხადებლად ითვლება მხარე, რომელიც, თუმცა სასამართლო სხდომაზე დანიშნულ დროს გამოცხადდა, მაგრამ უარს ამბობს საქმის განხილვაში მონაწილეობაზე.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია მ. ლ.-ი გამოუცხადებელ მხარედ და კანონის მოთხოვნათა შესაბამისად გამოიტანა მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. ლ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 4 აპრილის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.