3კ-841-02 13 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ქ. გაბელაია
დავის საგანი: ბინის მესაკუთრედ ცნობა (სარჩელში); ბინიდან გამოსახლება (შეგებებულ სარჩელში).
აღწერილობითი ნაწილი:
2000წ. 24 მაისს ვ. ბ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში რ. რ.-ს მიმართ საცხოვრებელი ფართობის მესაკუთრედ ცნობის შესახებ.
მოსარჩელემ მიუთითა, რომ 1975წ. 29 აგვისტოს ქ. თბილისში, მოპასუხის აწ გარდაცვლილი მამის, ლ. მაიერისაგან 1300 მანეთად შეიძინა 12 კვ. ოთახი, რაც დასტურდებოდა მესაკუთრის მიერ გაცემული ხელწერილით.
ვ. ბ.-მ ოთახის მესაკუთრედ ცნობა მოითხოვა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის საფუძველზე.
მოპასუხე რ. რ.-მ აღნიშნა, რომ სადავო საცხოვრებელი სახლი 1974 წელს მესაკუთრე ლ. მაიერმა ანდერძით დაუტოვა მას. აღნიშნული ბინის საერთო ფართი შეადგენდა 171,87კვ.მ, საიდანაც 151,40 კვ.მ იყო საცხოვრებელი ფართი.
1975 წელს, მესაკუთრემ 1300 მანეთად მიჰყიდა მოსარჩელეს ოთახი, რომელიც არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს, რაც დასტურდებოდა თბილისის მერიის მიერ გაცემული სახლის გეგმით.
აღნიშნული გარემოების მითითებით, რ. რ.-მ მოითხოვა მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და აღნიშნა, რომ თანახმა იყო, “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე მოსარჩელისათვის გადაეხადა საცხოვრებელი სადგომის ღირებულების საკომპენსაციო თანხა.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000წ. 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით ვ. ბ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ... მდებარე 11,64 კვ.მ ოთახის მესაკუთრედ.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. რ.-მ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი გარემოებების მითითებით: სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ოთახი არ წარმოადგენდა საცხოვრებელ ფართს, მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია მისი გასხვისება. რ. რ.-ს განმარტებით, იგი თანახმა იყო საკომპენსაციო თანხის გადახდაზე, რაზედაც სასამართლოს საერთოდ არ ჰქონია მსჯელობა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. ვ. ბ.-ს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ხოლო შეგებებული სარჩელის ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად ეფუძნებოდა “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველ ნაწილს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ცნობილ იქნა არაკონსტიტუციურად და გაუქმდა. ამდენად, აღნიშნული მუხლის საფუძველზე სასამართლო ვერ ცნობდა მოსარჩელეს სადავო ფართის მესაკუთრედ.
ვ. ბ.-ა, საკასაციო საჩივრით ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმ საფუძვლით, რომ ვინაიდან საოლქო სასამართლოს სადავოდ არ გაუხდია პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი მხარე, არ არსებობდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი; საოლქო სასამართლომ გადაწყვეტილება დააფუძნა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიღებულ იქნა რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან ერთიწ. შემდეგ. სააპელაციო პალატამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივად მიანიჭა უკუქცევითი ძალა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც კასატორს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” პუნქტის შესაბამისად გადაწყვეტილება კანონის დარღვევით არის მიღებული, თუ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა.
დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ... მდებარე ერთსართულიანი სახლის 3/4 ნაწილი, ფართით _ 151,4 კვ.მ, 1986წ. 12 ივლისს გაცემული ანდერძისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის საფუძველზე საკუთრების უფლებით აღირიცხა რ. რ.-ს სახელზე, რაც დადასტურებულია ქ. თბილისის მერიის ტექ. აღრიცხვის სამსახურის მიერ გაცემული ცნობით.
1975 წელს აწ გარდაცვლილი მესაკუთრის ლ. მაიერის მიერ შედგენილი ხელწერილის თანახმად, აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ნაწილი _ 12კვ.მ საცხოვრებელი ოთახი, 1300 მანეთად გაიყიდა ვ. ბუხოლცევაზე.
ვ. ბ.-მ აღნიშნული ხელწერილის საფუძველზე მოითხოვა საკუთრების უფლებით სადავო ფართის მის სახელზე აღრიცხვა, რაც “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა.
საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნობილი და გაუქმებული სამართლის ნორმა ვეღარ გამოდგებოდა ვ. ბ.-ს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად.
უსაფუძვლოა კასატორის მითითება, რომ საოლქო სასამართლომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას მიანიჭა უკუქცევითი ძალა. საკასაციო სასამართლოს კანონიერად მიაჩნია საოლქო სასამართლოს 2001წ. 20 აპრილის განჩინება საკონსტიტუციო სასამართლოში საქმის განხილვამდე, საქმის წარმოების შეჩერების შესახებ, ვინაიდან საკითხი ეხებოდა იმ კანონის კონსტიტუციურობას, რომელსაც დაეფუძნა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ, მართალია, სწორად მიუთითა, რომ სარჩელის დაკმაყოფილება არ შეიძლებოდა დაფუძნებოდა გაუქმებული კანონის ნორმას, ამასთან ერთად სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის დროს არ გამოიყენა სკ-ს შესაბამისი ნორმები, კერძოდ, სკ-ს 183-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენის საფუძველს წარმოადგენს სანოტარო წესით დამოწმებული საბუთი და შემძენის რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 323-ე მუხლის შესაბამისად ხელშეკრულება, რომლითაც ერთი მხარე იღებს ვალდებულებას, უძრავ ნივთზე საკუთრება გადასცეს სხვას ან შეიძინოს იგი, უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ სადავო ფართი, რომელიც კასატორს მესაკუთრის მიერ სარგებლობაში გადაეცა ამ უკანასკნელის მიერ შედგენილი ხელწერილის საფუძველზე, არ შეიძლება ჩაითვალოს ხელშეკრულებად და შესაბამისად, სადავო ფართის საკუთრებაში გადაცემის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად.
სკ-ს 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ.
ამავე კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება, ასევე _ ნებართვის გარეშე დადებული გარიგება, თუ ამ გარიგებისათვის საჭიროა ნებართვა.
საქმეზე წარმოდგენილი ხელწერილი არ აკმაყოფილებს მითითებული მუხლების მოთხოვნებს და იგი არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ხელშეკრულებად.
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს ვ. ბ.-ს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
შეგებებულ სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის ნაწილშიც სააპელაციო სასამართლომ არ მიუთითა კანონზე, კერძოდ, სსკ-ს 272-ე მუხლის “გ” პუნქტზე.
სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის გარემოებები საოლქო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. ბ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 15 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. ბ.-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
რ. რ.-ს შეგებებულ სარჩელზე შეწყდეს საქმის წარმოება.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
გადაწყვეტილების ასლები გაეგზავნოთ მხარეებს.