Facebook Twitter

3კ-842-02 22 ნოემბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე)

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ბათილად ცნობა, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ბ.ა.-მ, ბ.ა.-მ, რ.ს.-მ და ა.ა.-მ სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხე საქართველოს ...-ის გამგეობის წინააღმდეგ, მოითხოვეს ნასყიდობის ხელშეკრულების გაუქმების ბათილობა და მორალური და მატერიალური ზიანის 7000 ლარის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 2000წ. 3 ნოემბერს დადეს მოპასუხე საქართველოს ...-ის გამგეობასთან გარიგება ქ.მარნეულში ... მდებარე 203 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართის ნასყიდობაზე. ფართის ღირებულება შეადგენდა 6150 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარებში. აღნიშნული თანხა გარიგების თანახმად 2001წ. თებერვლიდან ხუთი წლის განმავლობაში უნდა ყოფილიყო გადახდილი. ყოველთვიურად მყიდველს უნდა გადაეხადა 102,5 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარებში. ხელშეკრულების თანახმად, სამი თვის განმავლობაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ხელშეკრულება უქმდებოდა და გადახდილი თანხა მყიდველს არ უბრუნდებოდა. 2001წ. 24 ივლისს ...-ის გამგეობამ ცალმხრივად გააუქმა 2000წ. 3 ნოემბრის ხელშეკრულება იმ მოტივით, რომ მოსარჩელეებმა სამი თვის განმავლობაში თანხა არ გადაიხადეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. მოსარჩელეთა განმარტებით მოპასუხე შეგნებულად არ აძლევდა ანგარიშის ნომერს და ხელს უშლიდათ, რომ მათ თანხა გადაეხადათ.

სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

მარნეულის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 2.2 პუნქტის თანახმად მოპასუხე უფლებამოსილი იყო გაეუქმებინა ხელშეკრულება.

მარნეულის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა მ.ა.-მ, ბ.ა.-მ, რ.ს.-მა და ა.ა.-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა მარნეულის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება რომლითაც კვლავ არ დაკმაყოფილდა მ.ა.-ს, ბ.ა.-ს, რ.ს.-ისა და ა.ა.-ს სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის 2000 წლის 3 ნოემბერს დადებული ხელშეკრულება არ არის ნოტარიულად დამოწმებული და არც საჯარო რეესტრშია რეგისტრირებული, რის გამოც სკ-ს 59-ე მუხლის თანახმად უცილოდ ბათილია, რადგან იგი დადებულია კანონით გათვალისწინებული ფორმის დაუცველად. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, უცილოდ ბათილი გარიგება მხარეებს შორის უფლება-მოვალეობებს არ წარმოშვებს და მოპასუხეთა მოთხოვნა უსაფუძვლოა. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ არასწორად მიუთითა სარჩელზე უარის თქმის მოტივად ის გარემოება, რომ მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს, რადგან ხელშეკრულება უცილოდ ბათილობიდან გამომდინარე, არ არსებობდა, არარსებულ ვალდებულებებს კი მხარე ვერ დაარღვევდა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ...-ის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ცვლილებების შეტანა. კერძოდ, მოსარჩელეებს უარი სასარჩელო მოთხოვნაზე უნდა ეთქვათ არა იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის ფაქტობრივად გარიგება არ არსებობდა, არამედ იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულების პირობები. საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების და მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაგზავნის შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე მ.ა.-მ, ბ.ა.-მ, რ.ს.-მა და ა.ა.-მ სასამართლოში შემოიტანეს შესაგებელი საკასაციო საჩივარზე, რომელიც თავის შინაარსით წარმოადგენს საკასაციო საჩივარს. იმის გამო, რომ მოწინააღმეგე მხარეს გაშვებული ჰქონდა საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა, საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა შეგებებულ საკასაციო საჩივრად. შეგებებული საკასაციო საჩივრით მხარე მოითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შეცვლას, მხარეებს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების კანონიერად ცნობას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საქართველოს ...-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები, საქმის საკასაციო წარმოება უნდა შეწყდეს და საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს განხილული შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოცემულ დავაში კასატორი საქართველოს ...-ის გამგეობა მონაწილეობდა, როგორც მოპასუხე, როგორც რაიონულ სასამართლოში, ისე სააპელაციო სასამართლოში, გამოტანილი გადაწყვეტილებებით მოსარჩელეებს უარი ეთქვათ სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად. აქედან გამომდინარე სააპელაციო სასამართლოში მოპასუხემ პროცესი მოიგო. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თანახმად კასატორი მხარე მოგებულია, ხოლო მოგებულ მხარეს არ შეუძლია გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება. როგორც საკასაციო საჩივრიდან ჩანს კასატორს არა აქვს და არც შეიძლება ჰქონდეს პრეტენზიები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მიმართ, იგი ითხოვს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შეცვლას. სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრება კი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შეცვლის მოთხოვნის გარეშე დაუშვებელია. პალატა თვლის, რომ რადგან ზემოხსენებული გარემოებების გამო საქართველოს ...-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია და იგი განუხილველი უნდა დარჩეს. ასევე განუხილველი უნდა დარჩეს მოწინააღმდეგე მხარის შეგებებული საკასაციო საჩივარი, რადგან მათ გაშვებული აქვთ საკასაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილ ერთთვიანი ვადა და მათი საკასაციო საჩივარი, როგორც შეგებებული საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა მიჩნეული მხოლოდ იმის გამო, რომ არსებობდა საქართველოს ...-ის გამგეობის ძირითადი საკასაციო საჩივარი, ვინაიდან სასამართლომ საქართველოს ...-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული და განუხილველი დარჩა, მოპასუხეთა შეგებებული საკასაციო საჩივარიც განუხილველი უნდა დარჩეს, რადგან იგი ძირითად საკასაციო საჩივრის გარეშე არ აკმაყოფილებს კანონით საკასაციო საჩივრისათვის დადგენილ კრიტერიუმებს, კერძოდ გაშვებულია საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ს 401-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საქართველოს ...-ის გამგეობის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი. ასევე განუხილველი დარჩეს მ.ა.-ს, ბ.ა.-ს, რ.ს.-ის და ა.ა.-ს შეგებებული საკასაციო საჩივარი.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.