გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-845-02 6 სექტემბერი, 2002წ. წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
მ. გოგიშვილი, რ. ნადირიანი
დავის საგანი: საწარმოო ტრავმის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ფ-მა 2001წ. 27 აპრილს სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე სს “ნ-ის" მიმართ საწარმოო ტრავმით მიყენებული ზარალის ანაზღაურების _ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენის ან მისი ღირებულების გადახდის მოთხოვნით იმ საფუძვლით, რომ იგი საწარმოო ტრავმის შედეგად გახდა მე-2 ჯგუფის ინვალიდი და დაკარგა პროფესიული შრომის უნარი 80%-ით.
თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ნ-ს" დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ სპეციალური სატრანსპორტო საშუალებების შეძენა ან მისი ღირებულების გადახდა. მოსარჩელე თვლის, რომ მისთვის სატრანსპორტო საშუალების შეძენის მორიგი ვადა დადგა 2000 წელს, ვინაიდან მოტოეტლის ექსპლუატაციის ვადა, რომლის ღირებულებაც მას გადაუხადეს, არის ხუთი წელი.
მოპასუხე სს “ნ-მა" სარჩელი მიიჩნია ნაადრევად, რადგან მოსარჩელეს მიღებული აქვს ხელით სამართავი ავტომანქანის საფასური 7-წლიანი ვადით ორჯერ: 1991-1997 წლებში და მეორე 1997 წელს 2004 წლამდე, ახალი მანქანის მოთხოვნა შეუძლია 2002 წელს.
თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ფ-ის სასარჩელო მოთხოვნა და მის სასარგებლოდ სს “ნ-ს" დაეკისრა მოტოეტლის ღირებულების (2000წ. აპრილიდან 2005 წ. აპრილამდე პერიოდში) 4236 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სს “ნ-ის" დირექტორის მიერ გასაჩივრდა თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით. აპელანტმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ვ. ფ-ისათვის გადაადგილების საშუალების მესამე ვადით გამოყოფა 2002წ. აპრილისათვის.'
აპელანტის სააპელაციო საჩივარი დამყარებული იყო შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ცენტრალური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის 1990წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ფ-ს გამოეყო ხელით სამართავი ავტომანქანა “ზაპოროჟეცი" ვაზ-968 შეღავათიან ფასებში. აღნიშნული თანხის გადახდა სასამართლომ დააკისრა სს “ნ-ს" და ამ უკანასკნელმა მთლიანად აუნაზღაურა იგი; 1997 წელს სასამართლომ კვლავ დააკმაყოფილა ვ. ფ-ის მოთხოვნა და სს “ნ-ს" დაეკისრა მოტოეტლის ღირებულების კომპენსაციის სახით 3739 ლარი; მოტოეტლის ექსპლუატაციის ვადა 5 წელია და მესამე გადაადგილების საშუალების შეძენის ან მისი ღირებულების კომპენსაციის ვადა დადგება 2002წ. აპრილში.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტმა დააზუსტა ვ. ფ-ისათვის გადაადგილების საშუალებების გამოყოფის ვადა _ 2004 წელი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა იქნეს დაკმაყოფილებული შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ფ-მა 1996 წელს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის დაზიანება, რომლის შედეგად მან შრომის უნარი დაკარგა 80%-ით და გახდა მე-2 ჯგუფის ინვალიდი.
ასევე, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ვ. ფ-ს ცენტრალური საექიმო შრომითი საექსპერტო კომისიის 1990წ. 24 აპრილის გადაწყვეტილებით გამოეყო ხელით სამართავი ავტომანქანა “ზაპოროჟეცი" 7 წლის ექსპლუატაციის ვადით. ავტომანქანის ღირებულებაში ვ. ფ-მა გადაიხადა 2787 რუსული რუბლი. აღნიშნული თანხის გადახდა 1340 ლარის ოდენობით სს “ნ-ს" დაეკისრა თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით. ამავე გადაწყვეტილებით სს “ნ-ს" დაეკისრა 1997 წლიდან იმავე ტიპის ხელით სამართავი ავტომანქანა “ზაპოროჟეცის" შეძენა 3739 ლარად.
აღნიშნული გადაწყვეტილება აღსრულებულ იქნა და სს “ნ-მა"' ვ. ფ-ის სასარგებლოდ სულ გადაიხადა 5079 ლარი.
საქმის მასალებით ვერ დასტურდება, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით სასამართლომ ავტომანქანის ან მისი საფასური თანხა დაადგინა მოტოეტლის ღირებულებიდან გამომდინარე, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მას ვერ მიიჩნევს მოსარჩელისათვის მოტოეტლის გამოყოფად ხუთწლიანი ექსპლუატაციის ვადით, მით უფრო, როცა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ სს “ნ-ს" დაეკისრა მოსარჩელე ვ. ფ-ის სასარგებლოდ ანალოგიური (ხელის სამართავი “ზაპოროჟეცი") ავტომანქანის შეძენა ან მისი საფასურის გადახდა 3739 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება ვ. ფ-ის მიერ არ გასაჩივრებულა. ანუ, იგი დაეთანხმა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც დადგენილ იქნა მისთვის ხელის სამართავი ავტომანქანა “ზაპოროჟეცის" ან მისი საფასურის გადახდას, ხელით სამართავი ავტომანქანის ექსპლუატაციის ვადა კი საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 15 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული ¹77 ინსტრუქციის მე-15, მე-20 პუნქტების მიხედვით, 7 წელია.
გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა ვ. ფ-მა. კასატორი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა და უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სოციალური საკითხების სახელმწიფო კომიტეტისა და პროფესიული კავშირების პრეზიდიუმის 1985წ. 15 თებერვლის ¹50პ-2 დადგენილების 22-ე პუნქტის თანახმად _ წარმოება, რომელშიც დაინვალიდდა პიროვნება, თუ მას აქვს საექიმო დასკვნა, რომ ეკუთვნის სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, ვალდებულია აანაზღაუროს მისი ღირებულება მოტოეტლის ღირებულების ფარგლებში.
მართალია, სს “ნ-ს" 1997წ. 30 დეკემბრის სასამართლო გადაწყვეტილებით დაეკისრა ხელით სამართავი ავტომანქანის შეძენა, ან მისი ღირებულების გადახდა, მაგრამ დამტკიცებულია, რომ ორივე შემთხვევაში ეს თანხები იყო არა ავტომანქანის, არამედ მოტოეტლის ღირებულების.
სააპელაციო სასამართლომ, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში არ არსებობდა არც ერთი დოკუმენტი, რომ წარმოებას გადახდილი ჰქონდა მანქანის ღირებულება, ვადად აიღო 7 წელი, რაც არ არის სწორი. კასატორი მიუთითებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხეს გადახდილი ჰქონდა არა ავტომობილის, არამედ მოტოეტლის ღირებულება.
კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი სარჩელის დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატას შეგებებული საკასაციო საჩივრით მიმართა სს “ნ-ის" დირექტორმა ნ. გ-მ. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მათ მიერ დამატებით მოძიებული დოკუმენტებით დგინდება, რომ მოსარჩელე ვ. ფ-მა წლების მანძილზე შეძლო შეცდომაში შეეყვანა ჯანმრთელობის სამინისტრო, სოცუზრუნველყოფის სამსახური, თბილისის აღმასკომი, სამედიცინო შემოწმების კომისია, ვაჭრობის სამინისტრო. ვ. ფ-ი 1977 წლიდან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიოდა ქ. ლენინგრადში. იქ მან მიიღო მარჯვენა ხელის არეში დაზიანება და საერთოდ ჩამოიწერა სამხედრო აღრიცხვიდან. ამავეწ. 16 ნოემბერს მან მიმართა განცხადებით ქ. თბილისის ლენინის რაიონის საპენსიო განყოფილებას და როგორც II ჯგუფის სამხედრო ინვალიდმა მოითხოვა პენსიის დანიშვნა. იგი მალავს თავის მეორე ჯგუფის ინვალიდობას და 1983წ. ივლისში იწყებს მუშაობას ... ქარხანაში. პირადი დაუდევრობის გამო 1988წ. თებერვალში ვ. ფ-ი იღებს საწარმოო ტრავმას ქარხანაში და გადის პენსიაზე, როგორც წარმოებაში დასახიჩრებული მეორე ჯგუფის ინვალიდი.
აღნიშნული გარემოებების გამო, შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა განმარტებები და მივიდა დასკვნამდე, რომ ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სს “ნ-ის" შეგებებული საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“შრომითი მოვალეობების შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 9 თებერვლის ¹48 ბრძანებულების მე-3 თავის თანახმად “დამქირავებელი ვალდებულია ყოველთვიური სარჩოს გარდა, დაზარალებულს აუნაზღაუროს დამატებითი ხარჯები, რომლებიც გამოწვეულია სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად, მათ შორის, ხარჯები სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენისათვის.
საქართველოს სოციალური დაცვის, შრომისა და დასაქმების სამინისტროს კოლეგიის 1996წ. 15 თებერვლის დადგენილებით დამტკიცებული “გადაადგილების საშუალებით ინვალიდთა უზრუნველყოფის წესის შესახებ" ინსტრუქციის 23-ე პუნქტის თანახმად ინვალიდებს მოტოეტლები მიეცემათ ექსპლუატაციის 5 წლის ვადით.
ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ფ-ის მოთხოვნა და სს “ნ-ს" დაეკისრა 1990 წელს მოსარჩელის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ავტომანქანის ღირებულების 1340 ლარის გადახდა. ვინაიდან შეძენილი მანქანის ექსპლუატაციის ვადა გასული იყო, ამავე გადაწყვეტილებით მოპასუხეს დაეკისრა ვ. ფ-ისათვის ანალოგიური ა/მანქანის შეძენა ან მისი საფასურის _ 3739 ლარის გადახდა.
მართალია, ქ. თბილისის ნაძალადევის რაიონის სასამართლოს 1997წ. 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელისათვის ა./მანქანის შეძენა ან მისი ღირებულება, მაგრამ გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკევევა, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებით ერთმანეთისაგან არ გამიჯნავს მოტოეტლსა და ავტომობილს და მათ იხსენიებს, როგორც მოცემული დავისათვის ერთმნიშვნელოვანს, ერთი და იგივეს შემდეგი ფორმით: ავტომანქანა (მოტოეტლი). ამავე საქმის მასალებით დადგენილია, რომ როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში მოპასუხემ მოსარჩელეს გადაუხადა არა ა/მანქანის ღირებულება, არამედ მოტოეტლის ღირებულება.
სერპუხოვის საავტომობილო ქარხნიდან მიღებული წერილით ირკვევა, რომ 1990 წელს მოტოეტლის ღირებულება შეადგენდა 2757 მანეთს. 1997წ. დეკემბრისთვის 2757 მანეთი შეადგენდა 1340 ლარს ე.ი. ვ. ფ-მა რეალურად მოპასუხე ორგანიზაციიდან 1990 წელს მიიღო არა მანქანის, არამედ მოტოეტლის ღირებულება.
ვინაიდან მოტოეტლის ექპლუატაციის ვადა არის 5 წელი, 1995წ. აპრილიდან მოსარჩელეს კვლავ ეკუთვნოდა მოტოეტლის ღირებულება, ხოლო მესამე ვადა იწყება 2000წ. აპრილიდან.
მოპასუხე სს “ნ-ს" ვ. ფ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოტოეტლის ღირებულების 4236 ლარის გადახდა, რომლის ექსპლუატაციის ვადაა 5 წელი _ 2000წ. აპრილიდან 2005წ. აპრილამდე.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს სს “ნ-ის" შეგებებული საკასაციო საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:
შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიძლება ეხებოდეს იმ გარემოებებს, რომელზეც სააპელაციო სასამართლოში მხარეები მიუთითებდნენ მათი მოთხოვნის დასასაბუთებლად და რომელთა შესახებ სასამართლომ იმსჯელა ან უნდა ემსჯელა.
მოთხოვნა, რომელსაც შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი აყენებს, მას სააპელაციო სასამართლოში განხილვისას არ ჰქონია, ასევე არ ყოფილა წარდგენილი სასამართლოში ის მტკიცებულებები, რომელზეც სს “ნ-ის" წარმომადგენელი მიუთითებს.
სსკ-ს 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებების მიმართ, რომელიც ასახულია საოლქო სასამართლო კოლეგიის ან პალატის გადაწყვეტილებაში, ან საქმის მასალებში.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ვ. ფ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. სს “ნ-ის" შეგებებული საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 12 აპრილის გადაწყვეტილება გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ვ. ფ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს. სს “ნ-ს" ვ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 4236 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.