გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-846-02 19 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
ც. მ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალში სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: 1991წ. სექტემბრიდან მუშაობდა თსუ-ს ახალციხის ფილიალში ... კათედრაზე, ხოლო 1992 წლიდან დანიშნეს ... ფაკულტეტის მასწავლებლად. 1994 წლიდან მუშაობდა დოცენტის სრულ შტატზე. 2000წ. 1 იანვარს გაურკვეველი მიზეზების გამო გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. მოპასუხე თსუ-ს ახალციხის ფილიალის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მ-ი კანონიერად არის გათავისუფლებული სამუშაოდან, თუმცა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს განმარტა, რომ ადმინისტრაციას მავზარაშვილისათვის დროულად არ ჩაუბარებია ბრძანება სამსახურიდან დათხოვნის შესახებ, რის გამოც მხარი დაუჭირა მის მოთხოვნას, რომ სასამართლოსათვის მიმართვის გაშვებული ვადა მოსარჩელეს ჩათვლოდა საპატიოდ.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილებით ც. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, დაკმაყოფილდა მისი სარჩელი სასამართლოსათვის მიმართვის ერთთვიანი ვადის აღდგენის ნაწილში, ასევე მოპასუხე ოგანიზაციას დაევალა მავზარაშვილის შრომის წიგნაკში სამსახურიდან გათავისუფლება გააფორმოს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 110-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, ადმინისტრაციას ასევე დაევალა იმავე კანონის 115-ე მუხლის “ა” პუნქტის თანახმად მავზარაშვილი ჩარიცხოს მოხელეთა რეზერვში. ც. მ-ს უარი ეთქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის .... კათედრის მასწავლებლის თანამდებობაზე აღდგენაზე.
ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ც. მ-მა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2001წ. 12 ივნისის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ც. მ-მა, რომლითაც ითხოვს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი გარემოებების გამო: მას არ გაუშვია სასამართლოსთვის მიმართვის ვადა, რადგან ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ ჩაბარდა 8-10 ნოემბერს. სარჩელი სასამართლოში შეიტანა 4 დეკემბერს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ც. მ-ი რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს სარჩელით ითხოვდა სამუშაოზე აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და გასაჩივრების ვადის აღდგენასა და საპატიოდ ჩათვლას. სასამართლოს გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ, სარჩელი დაკმაყოფილდა გასაჩივრების ვადის აღდგენის ნაწილში. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე თსუ-ს ახალციხის ფილიალს სააპელაციო წესით არ გაუსაჩივრებია. გადაწყვეტილება გაასაჩივრა მხოლოდ ც. მ-მა. ბუნებრივია, მან გადაწყვეტილება გაასაჩივრა მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში, თუმცაღა თავის სააპელაციო საჩივარში არ გამოყო, თუ გადაწყვეტილების რომელ ნაწილს ასაჩივრებდა, არამედ მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის მიცემა. ამდენად, გადაწყვეტილება გასაჩივრებული იყო სამუშაოზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის მიცემაზე უარის თქმის ნაწილში. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გააუქმა რა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად და უარი უთხრა სარჩელზე, გასცდა მ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებს, რითაც დაარღვია სსკ-ს 377-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რადგან მოპასუხე თსუ-ს ახალციხის ფილიალს სააპელაციო საჩივარი არ შეუტანია, ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების იმ პუნქტებზე, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მ-ის სარჩელი, ეს პუნქტები კანონიერ ძალაში შევიდა და ამდენად სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა მავზარაშვილს ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო სარჩელის დაკმაყოფილებაზე, გამოიტანა გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უკვე კანონიერ ძალაში შესულ ნაწილს და მოახდინა აპელანტის მდგომარეობის საუარესოდ შებრუნება, რაც დაუშვებელია. სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა იმსჯელოს, აპელაციის ფარგლებში თუ რამდენად კანონიერად იქნა დათხოვნილი მოსარჩელე სამუშაოდან და ამის მიხედვით გადაწყვიტოს საკითხი სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ. ხოლო რაც შეეხება ხანდაზმულობის საკითხს, ეს საკითხი უკვე გადაწყვეტილია რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესული ნაწილით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 17 იანვრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.