3კ-848-02 18 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,ლ. გოჩელაშვილი
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და შვილად აყვანის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. პ.-მ 1972 წელს ქ. ბათუმში, ... აიშენა ოროთახიანი კოოპერატიული ბინა, რომელიც ამჟამად წარმოადგენს მის საკუთრებას.
1985წ. 7 თებერვალს ნ. პ.-მ შვილად აიყვანა, ბელორუსიაში, ... დაბადებული ქ. პ.-ა, რომელიც ჩამოიყვანა ქ. ბათუმში და იჩენდა მის მიმართ დედობრივ მზრუნველობას. დედობილის ხელშეწყობით ქ. პ.-მ მიიღო უმაღლესი განათლება.
1999 წელს ქ. პ.-მ იქორწინა ვ. ლ.-სთან. ეს უკანასკნელი გადავიდა ნ. პ.-ს კუთვნილ ბინაში საცხოვრებლად. თუმცა კვლავ დარჩა რეგისტრირებული ქ. თბილისში. ქ.პ.-ს და ვ. ლ.-ის ქორწინების შემდეგ დაიძაბა მათი ურთიერთობა ნ. პ.-სთან.
2001წ. დეკემბერში ნ. პ.-მ სარჩელი შეიტანა სასამართლოში ქ. პ.-ს და ვ. ლ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლების და ქ. პ.-ს შვილად აყვანის გაუქმების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მოპასუხეები აყენებენ ფიზიკურ შეურაწყოფას და მათი ერთ ბინაში ცხოვრება შეუძლებელია.
ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: ქ. პ.- და ვ. ლ.-ე გამოსახლებულ იქნენ ნ. პ.-ს სახელზე რიცხული ბინიდან ქ. პ.-ს შვილად აყვანის გაუქმების ნაწილში სარჩელი არ იქნა დაკმაყოფილდა.
ქ. პ.-მ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ბინიდან გამოსახლების ნაწილში გაასაჩივრა სააპელაციო წესით. ნათელა პ.-მ სააპელაციო საჩივარი შეიტანა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შვილად აყვანის გაუქმებაზე უარის თქმის ნაწილში.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა ბათუფმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
ქ. პ.-ა და ვ. ლ.-ე საკასაციო საჩივრით ითხოვენ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი.
მოსარჩელეებმა ვერ წარმოადგინეს სადავო ბინა თავისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი _ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; სასამართლომ არ გამოიყენა 162-ე მუხლი, რომლის თანახმად დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელისთვის ნივთის ჩამორთმევა; დარღვეულ იქნა ასევე ქ. პ.-ს მცირეწლოვანი შვილების უფლებები.
ნ. პ.-მ საკასაციო საჩივრით მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება შვილად აყვანის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ არ მისცა სათანადო შეფასება ნაშვილების მიერ მის მიმართ ჩადენილ ქმედებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებულ უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. ბათუმში, ... მდებარე კოოპერატიული ბინა ნ. პ.-მ მიიღო 1972 წელს, აღნიშნული ბინა წარმოადგენს მის საკუთრებას საჯარო რეესტრში არსებული ჩანაწერის მიხედვით.
1985 წელს ნ. პ.-მ შვილად აიყვანა 1981 წელს დაბადებული ქ. პ.-ა, რომელსაც უწევდა დედობრივ მზრუნველობას.
ნ. პ.-სა და შვილობილს შორის ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც ქ. პ.-მ იქორწინა ვ. ლ.-ესთან.
ვ. ლ.-ის მიერ სასამართლოს სხდომაზე მიცემული განმარტების თანახმად, იგი ნ. პ.-ს ბინაში ცხოვრობდა დროებით, მიუხედავად ამისა, მან არ შეასრულა მესაკუთრის მოთხოვნა ბინის გამოთავისუფლების შესახებ.
სააპელაციო პალატამ სწორად გამოიყენა სკ-ს 170-ე მუხლი, რომლის თანახმად მესაკუთრეს შეუძლია ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირის მიერ ამ ქონებით სარგებლობა.
სააპელაციო პალატამ სწორად არ გაიზიარა ქ. პ.-სა და ვ. ლ.-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ სკ-ს 155-ე მუხლით ნ. პ.-ა და მისი შვილობილი არიან სადავო ბინის მფლობელები.
ნ. პ.-ა წარმოადგენს არა მფლობელს, არამედ-ბინის მესაკუთრეს. სკ-ს 168-ე მუხლის შესაბამისად ნივთის მფლობელობა წყდება, თუ მესაკუთრე მფლობელს წაუყენებს დასაბუთებულ პრეტენზიას. მხარეებს შორის არსებული უაღრესად გამწვავებული ურთიერთობის გამო შეუძლებელია მათი ერთ ბინაში ცხოვრება. ასეთ პირობებში ნ. პ.-ს მოთხოვნა მოპასუხეების ბინიდან გამოსახლების თაობაზე სასამართლომ სწორად ჩათვალა დასაბუთებულ პრეტენზიად.
სკ-ს 1269-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია შვილად აყვანის გაუქმება ნაშვილების სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა შვილად აყვანის გაუქმებაზე არსებობს ნაშვილების, მისი მშობლებისა და მშვილებლის თანხმობა.
ვინაიდან ქ. პ.-ა სრულწლოვანია და წინააღმდეგია შვილად აყვანის გაუქმებაზე, არარსებობდა ამ ნაწილში ნ. პ.-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო პალატამ სწორი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს და მიიღო კანონის შესაბამისი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
არ დაკმაყოფილდეს ნ. პ.-ს, ქ. პ.-ს და ვ. ლ.-ის საკასაციო საჩივრები.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.