3კ-855-02 27 ნოემბერი, 2002 წ. , ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინიდან გამოსახლება და ყადაღისაგან ქონების განთავისუფლება.
აღწერილობითი ნაწილი:
ნ. ჩ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხე გ. ჩ.-ის მიმართ ბინიდან გამოსახლებისა და ყადაღისაგან ქონების გათავისუფლების მოთხოვნით. მოსარჩელის განმარტებით, მის სახელზე აღირიცხა ქ. თბილისში ... მდებარე საცხოვრებელი ბინა, მაგრამ ვერ ახორციელებს თავის უფლებებს ნაყიდ ბინაზე, რადგან მასში შეჭრილია გ. ჩ.-ი, რომელსაც ბინის ყოფილი მესაკუთრის მიმართ აღძრული აქვს დავა თანხის გადახდევინების შესახებ და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ბინაც დააყადაღებინა.
ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. ჩ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე გ. ჩ.-ი მასთან მცხოვრებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნა მის მიერ დაკავებული ბინიდან, მდებარე ... ქ. თბილისში,. მოსარჩელეს უარი ეთქვა სადავო ბინის ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნაზე დაუსაბუთებლობის გამო.
გ. ჩ.-მ სააპელაციო წესით გაასაჩივრა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებით გ. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 6 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის განჩინება დასაბუთებულია იმით, რომ სკ-ს 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მას, როგორც მესაკუთრეს, სრული უფლება აქვს კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით, არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა. სადავო ბინა კი საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია მოსარჩელე ნ. ჩ.-ს სახელზე. ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა გ. ჩ.-ის განმარტება, რომ ნ. ჩ.-მ შეიძინა უფლებრივად დატვირთული, არათავისუფალი ნივთი, ხოლო ნასყიდობის ხელშეკრულება მოჩვენებით ხასიათს ატარებს, რადგანაც გ. ჩ.-ის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი ქვეიჯარის ხელშეკრულება არ მიიჩნია საკმარის მტკიცებულებად იმისა, რომ გ. ჩ.-ი ბინის ყოფილი მესაკუთრის დამქირავებელი იყო. აღნიშნული ხელშეკრულება დადებულია არა სადავო ბინის მესაკუთრე ა. ა.-ესა და გ. ჩ.-ს შორის, არამედ კომპანია “რისპექტ რეალ ისტეიტსა” და გ. ჩ.-ს შორის. აღნიშნული ხელშეკრულებით გაურკვეველია, თუ რატომაა კომპანია და მისი წარმომადგენელი მოიჯარე და რის საფუძველზეა გაცემული ბინაზე ქვეიჯარის ხელშეკრულება. ასეც რომ იყოს, ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულია, რამდენადაც იგი დადებულია 2000წ. 19 ნოემბერს. სააპელაციო პალატა ვერ დაეთანხმა აპელანტის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სკ-ს 572-ე მუხლის თანახმად შემძენმა ნ. ჩ.-მ უნდა დაიკავოს გამქირავებლის ადგილი, მასზე უნდა გადავიდეს ქირავნობის ურთიერთობიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობები და გ. ჩ.-მა ბინის გამოთავისუფლებისას მისგან უნდა მიიღოს ბინის ყოფილი მესაკუთრისათვის გადახდილი თანხა.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გიორგი ჩ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 56-ე მუხლით და სადავო გარიგება, უნდა შეეფასებინა როგორც თვალთმაქცური გარიგება, ვინაიდან ამავე კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად ნასყიდობის ხელშეკრულებით მყიდველმა უნდა გადაიხადოს ნივთის ფასი. ამ შემთხვევაში, რადგან ბინის საფასურის გადახდა არ მომხდარა, მხარეებმა გამოიყენეს ნასყიდობის ხელშეკრულება სხვა გარიგების დასაფარად, რაც იწვევს ამ გარიგების ბათილობას.
სააპელაციო პალატამ ასევე არ იხელმძღვანელა სკ-ს მე-300 და 302-ე მუხლებით, სადაც მითითებულია, რომ არ შეიძლება კრედიტორზე პირდაპირ გადავიდეს უძრავი ნივთის საკუთრება. ამისათვის საჭიროა ნივთის აუქციონის წესით რეალიზება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის შინაარსი, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე ნ. ჩ.-ა თბილისში, ... მდებარე ბინის მესაკუთრეა; სადავო ბინაში ცხოვრობს მოპასუხე გ. ჩ.-ი ოჯახით, რომელსაც აღნიშნულ ბინაში ცხოვრების იურიდიული საფუძველი არ გააჩნია.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ გ. ჩ.-ის მიერ წარმოდგენილი ქვეიჯარის ხელშეკრულება ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ეს უკანასკნელი დამქირავებლის სტატუსით სარგებლობდა, მაგრამ იჯარის ხელშეკრულება მხარემ ვერ წარმოადგინა. სკ-ს 549-ე და 587-ე მუხლების შესაბამისად ქვექირავნობა, ისევე როგორც ქვეიჯარა, ვერ წარმოიშობა, თუ არ არსებობს ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოშობილი ურთიერთობები.
პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული კასატორის პრეტენზია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულება ა. ა.-ესა და ნ. ჩ.-ს შორის თვალთმაქცურია და სკ-ს მე-300-ე და 302-ე მუხლებით დაუშვებელია კრედიტორზე უძრავი ნივთის საკუთრების პირდაპირ გადასვლა. საქმის მასალების მიხედვით ნ. ჩ.-ა არ ყოფილა სადავო ბინის ყოფილ მესაკუთრე ა. ა.-ესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულების მხარე აღნიშნულიდან გამომდინარე. იგი კრედიტორად ვერ ჩაითვლება.
სკ-ს 172-ე მუხლის შესაბამისად მესაკუთრეს შეუძლია, მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება; პალატა თვლის, რომ გ. ჩ.-ს არ გააჩნია სადავო ბინის ფლობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მისი საკასაციო საჩივარი ვერ დაკმაყოფილდება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 23 აპრილის განჩინება მოცემულ საქმეზე დარჩეს უცვლელად.
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.