გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-859-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე, რ. ნადირიანი
დავის საგანი: ფულადი ვალდებულების შესრულება.
აღწერილობითი ნაწილი:
გ. ლ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.ს. “კ-ის” მიმართ და აღნიშნა, რომ წარმოადგენს აღნიშნული საზოგადოების აქციონერს. 1991 წელს შეიტანა 20000 მანეთი და შეიძინა აქციები. მოსარჩელემ განმარტა, რომ მას წლების განმავლობაში არ მიუღია დივიდენდი. ასევე აღნიშნა, რომ მის მიერ სააქციო საზოგადოებაში შეტანილი 20000 რუსული მანეთი გაიზარდა 50%-ით, ხოლო შემდეგ 100%-თ და შეადგინა 60000 რუსული მანეთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. ლ-მა მოითხოვა ს.ს. “კ-ზე” მის სასარგებლოდ 60000 რუსული მანეთის და ათი წლის განმავლობაში მიუღებელი დივიდენდის დაკისრება.
თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 5 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლომ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 57.2 მუხლის თანახმად აქციონერს არ შეიძლება მიეცეს საზღაური გარდა საზოგადოების დივიდენდებისა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესატანი, რაც აქციონერმა შეიტანა საზოგადოებაში ხდება სს-ის საკუთრება და მათი უკან დაბრუნების მოთხოვნა აქციონერს არ შეუძლია. აქციონერი არ ღებულობს გარანტიას, რომ დივიდენდებს აუცილებლად მიიღებს. დივიდენდის გაცემა ხდება მაშინ, თუ საზოგადოებას დარჩა გასანაწილებელი მოგება. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ბანკს საქმიანობა შეწყვეტილი აქვს და სასამართლოს მიერ დანიშნულია ლიკვიდატორი.
მოსარჩელემ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ “მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად ის შესატანი, რომელიც აქციონერებმა შეიტანეს საზოგადოებაში, ხდება სს-ის საკუთრება და აქციონერების მიერ მათი უკან დაბრუნების მოთხოვნა არ დაიშვება.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 57.2 მუხლის თანახმად არ შეიძლება აქციონერს მიეცეს სხვა საზღაური გარდა საზოგადოების დივიდენდებისა. ამავე კანონის 52.1 მუხლის შესაბამისად “ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება”, რაც იმას ნიშნავს, რომ აქციონერს არ შეიძლება მიეცეს გარანტია, რომ ის აუცილებლად მიიღებს დივიდენდებს. დივიდენდს აქციონერი მიიღებს მაშინ, თუ საზოგადოებას დარჩა გასანაწილებელი მოგება.
განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.
კასატორი მიუთითებს, რომ განჩინება არის უკანონო, ვინაიდან სააპელაციო პალატამ სწორად არ განმარტა კანონი “მეწარმეთა შესახებ”. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 3.3. მუხლის პირველი აბზაცის თანახმად უსაფუძვლოა მოცემულ საქმეზე 52.1 მუხლის გამოყენება, ვინაიდან ეს მუხლი ეხება ჩვეულებრივი აქციების მფლობელებს და არა პრივილეგირებული აქციების მფლობელებს. აღნიშნული მუხლის მიხედვით ჩვეულებრივი აქციის მფლობელის უფლებები, რომლებიც დაკავშირებულია დივიდენდის ან ლიკვიდირებული საზოგადოების ქონების განაწილებასთან, განხორციელდება მხოლოდ პრივილეგირებული აქციების მფლობელთა ანალოგიური უფლებების დაკმაყოფილების შემდეგ.
სააპელაციო პალატამ, კასატორის აზრით, მას როგორც პრივილეგირებული აქციების მფლობელს უკანონოდ შეუზღუდა სააქციო საზოგადოებაში შეტანილი ფულადი სახსრების და დივიდენდების უკან დაბრუნების უფლება.
კასატორის აზრით, “მეწარმეთა შესახებ” კანონის 53-ე მუხლით მას უფლება აქვს ს.ს. “კ-ს” მოსთხოვოს მისი აქციების შეფასება და გამოსყიდვა.
კასატორი მოითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის გასაცივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, მოისმინა კასატორის ახსნა-განმარტება და მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააქციო საზოგადოებაში თანხის შეტანით და აქციის შეძენით თანხის შემტანი კარგავს უშუალო უფლებას ქონებაზე, რომელიც მან შეიტანა სააქციო საზოგადოებაში შესვლის დროს. აღნიშნულის შემდეგ აქციონერი ხდება აქციონერის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებით აღჭურვილი, მათ შორისაა დივიდენდების მიღების ქონებრივი უფლება და სააქციო საზოგადოების ლიკვიდაციის შემთხვევაში სააქციო საზოგადოების ქონების ნაწილის მიღების უფლება.
დივიდენდის მიღება დამოკიდებულია აქვს თუ არა საზოგადოებას მოგება. ითვლება, რომ საზოგადოებას აქვს მოგება, თუ მისი აქციები აღემატება პასივებს. Aამასთან, დივიდენდის მისაღებად აუცილებელია აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილება დივიდენდების გაცემის შესახებ.
დივიდენდის მიღების უფლება, ისევე, როგორც ნებისმიერი უფლება შეიძლება რეალიზებული იქნეს სასამართლოს მეშვეობით. დივიდენდის მიღებისათვის აუცილებელია დადგინდეს, რომ სააქციო საზოგადოების საქმიანობას ჰქონდა მომგებიანი ხასიათი. სსკ-ს 102-ე მუხლის თანახმად აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელემ უნდა წარმოადგინოს.
აქციონერს არა აქვს უფლება მოითხოვოს აქციის საფასურის უკან დაბრუნება. აქციონერი არის მხოლოდ ფასიანი ქაღალდის მფლობელი ის ქონების უშუალო განმკარგველს არ წარმოადგენს.
მას ფულადი სახსრების დაბრუნება შეუძლია მხოლოდ აქციის გასხვისების გზით. აქციონერი არის სამეწარმეო რისკის მატარებელი, ვინაიდან აქციების მიხედვით მიღებული დივიდენდის ოდენობა შეიძლება იყოს მცირე, ვიდრე კაპიტალის განთავსების ალტერნატიული ფორმებიდან მიღებული მოგება ან შეიძლება მოგება საერთოდ ვერ იქნეს მიღებული.
პრივილეგირებული აქციების მიხედვით დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა ხდება წინდაწინ აქციის გაცემის დროს. ეს არის ფიქსირებული დივიდენდი. მოგების არსებობის შემთხვევაში საზოგადოებას უფლება არა აქვს უარი უთხრას პრივილეგირებული აქციის მფლობელს დივიდენდის მიღებაზე.
პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ “მეწარმეთა შსახებ” საქართველოს კანონი ითვალისწინებს საწესდებო კაპიტალში შეტანილი თანხის დაბრუნებას მხოლოდ საწესდებო კაპიტალის შემცირების გზით. (მუხლი 3.3) საწესდებო კაპიტალის შემცირება შეიძლება მოხდეს საზოგადოების გადაწყვეტილებით წესდებაში ცვლილების გზით საზოგადოების ეკონომიკური მიზნებიდან გამომდინარე. საწესდებო კაპიტალის შემცირება წარმოადგენს მიზანშეწონილობის საკითხს და ის არ შეიძლება აქციონერის მოთხოვნის შემთხვევაში სავალდებულოდ ჩაითვალოს.
“მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 51.1 მუხლის თანახმად აქცია არის ფასიანი ქაღალდი, რომელიც ადასტურებს სააქციო საზოგადოების ვალდებულებას აქციონერის მიმართ და აქციონერის უფლებებს სააქციო საზოგადოებაში.
“მეწარმეთა შესახებ” კანონის 57.2 მუხლის თანახმად არ შეიძლება აქციონერს მიეცეს სხვა საზღაური საზოგადოების დივიდენდებისა. “მეწარმეთა შესახებ” კანონის 52.1 მუხლის ბოლო წინადადების თანახმად ბათილია დივიდენდების უცილობლად გაცემის შეპირება.
მოსარჩელემ ვერ მიუთითა მტკიცებულებებზე, რომ საწარმოს ჰქონდა მოგება და შესაბამისად მას უნდა მიეღო დივიდენდი. ასევე იურიდიულად დაუსაბუთებელია მისი მოთხოვნა აქციების საფასურის დაბრუნების შესახებ.
ასევე, არასწორია კასატორის მითითება “მეწარმეთა შესახებ” კანონის 531 მუხლზე. ამ ნორმის თანახმად საზოგადოების მიერ აქციების გამოსყიდვა ხდება კანონით დადგენილი პირობების არსებობის შემთხვევაში. ასეთი პირობების არსებობაზე კასატორმა ვერ მიუთითა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გ. ლ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე უცვლელი დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 19 აპრილის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.