გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ 3კ-860-02 13 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. გოჩელაშვილი,
მ. წიქვაძე
კასატორის თხოვნა: გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც სარჩელი არ დაკმაყოფილდა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
აღწერილობითი ნაწილი:
1992წ. 27 ნოემბერს ა. ხ-ესა და ყვარლის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. მ-ს შორის დაიდო შენობის ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმად ა. ხ-ეს 60000 მანეთად მიეყიდა ყვარლის რაიკოოპერატივის ბალანსზე რიცხული კოოპვაჭრობის ყოფილი შენობა, რომელიც შედგებოდა 4 ოთახისაგან საერთო ფართით 70 კვ. მეტრი, რაც დამოწმდა სანოტარო წესით. ა. ხ-ეს ხელშეკრულების დამოწმებიდან 3 დღის ვადაში რაიკოოპერატივისათვის უნდა გადაეხადა 30000 მანეთი, ხოლო დანარჩენი თანხა- 1993წ. 1 მარტამდე.
ა. ხ-ემ 1992წ. 1 დეკემბერს რაიკოოპერატივის სალაროში შეიტანა ბინის ღირებულების ნაწილი _ 30000 მანეთი, 1993წ. 25 აგვისტოს კი დარჩენილი თანხა _ 30000 კუპონი. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბინა, რომელიც ა.ხ-ემ შეიძინა, სხვა პირს ჰქონდა დაკავებული.
1993წ. ივნისში ა. ხ-ემ სარჩელით მიმართა ყვარლის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა ი. ღ-ის გამოსახლება მის მიერ შეძენილი შენობიდან. ი.ღ-მა შეგებებული სარჩელით მოითხოვა ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულების (რაიკოოპერატივის გამგეობის დადგენილების) გაუქმება.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება 1998წ. 26 ნოემბერს იქნა მიღებული. ა. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო; დაკმაყოფილდა ი. ღ-ის შეგებებული სარჩელი და გაუქმდა ყვარლის რაიკოოპერატივის გამგეობის 1992წ. 12 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც გაიყიდა სადავო შენობა. სასამართლომ დაადგინა, რომ შენობა ეკუთვნოდა “ს-ის” ყვარლის კომერციულ გაერთიანებას და არა გამყიდველს – ყვარლის რაიკოოპერატივს.
ა. ხ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს ყვარლის რაიკოოპერატივის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის მის მიერ გადახდილი სახლის ღირებულების, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება სულ 15383 ლარის ოდენობით.
თავის მხრივ, ყვარლის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარე დ. მ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა ა. ხ-ის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელის სარჩელზე უარის თქმა. ასევე, რადგან სადავო შენობა ირიცხებოდა მის ბალანსზე და არასწორად გადაეცა “ს-ას”, მოითხოვა 1998წ. 26 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ა. ხ-ის სარჩელი და გაუქმდა რაიკოოპერატივის გამგეობის 1992წ. 12 ნოემბრის დადგენილება.
ყვარლის რაიონული სასამართლოს 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ხ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 3686,96 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 92,17 ლარის გადახდა. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ყვარლის რაიკოოპერატივმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით და მოითხოვა 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების გამოტანა. აპელანტმა მიიჩნია, რომ ა.ხ-ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მანეთის, რუსული რუბლისა და ლარის ინფლაციის გათვალისწინებით გაანგარიშების 1999წ. 1 ნოემბრის მდგომარეობით) შესაბამისად მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს 1561 ლარი. გარდა ამისა, აპელანტმა უარი განაცხადა შეგებებულ სარჩელზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილებით ყვარლის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარის სააპელაციო საჩივარი სრულად დაკმაყოფილდა: გაუქმდა 2000წ. 20 სექტემბრის გადაწყვეტილება, გამოტანილ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ა. ხ-ის სარჩელი და მოპასუხეს დაეკისრა 1561 ლარის გადახდა. სარჩელის დანარჩენ ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო. ყვარლის რაიკოოპერატივის შეგებებული სარჩელის ნაწილში შეწყდა საქმის წარმოება სარჩელზე უარის თქმის გამო.
სასამართლომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სკ-ს 411-ე მუხლი.
ა. ხ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა ზიანის ანაზღაურებაზე და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეზე 1216 ლარის დაკისრებას. კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო პალატამ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა _ სკ-ს 981-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც ფულად ვალზე გადახდილი უნდა იქნეს პროცენტი.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეს მოსარჩელისაგან 1992-93 წწ. ვალდებულების შესასრულებლად მიღებული აქვს ფული. დადგენილია, რომ ის თანხა, რაც მოსარჩელემ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გადაიხადა, ამჟამად შეადგენს 1561 ლარს. მოპასუხემ, რომელსაც აღნიშნული თანხა გადასახდელად დაეკისრა, საკასაციო საჩივარი არ შემოუტანია, ე.ი. თანხის ეს ოდენობა უდავოა. ასევე უდავოა, რომ ყვარლის რაიონის სასამართლოს 1998წ. 20 ნოემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა ყვარლის რაიკოოპერატივის გამგეობის 1992წ. 12 ნოემბრის დადგენილება, რომლითაც ა.ხ-ეს სადავო შენობა მიყიდა. დადგენილია, რომ მოპასუხემ სხვისი ქონება მიყიდა მოსარჩელეს.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და სარჩელი დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოების გამო:
საკასაციო პალატა თვლის, რომ ა.ხ-ეს მოპასუხეების მიმართ მოთხოვნის უფლება წარმოეშვა ყვარლის რაიონის სასამართლოს მითითებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ – 1998წ. 26 ნოემბრიდან. ა.ხ-ემ სარჩელით სასამართლოს მიმართა 1999წ. 5 ნოემბერს, ე.ი. მოცემული დავა ხანდაზმული არ არის, რადგან კონდიქციურ სარჩელზე ვრცელდება სკ-ს 128-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ხანდაზმულობის საერთო ვადა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა.ხ-ის მოთხოვნა საფუძვლიანია შემდეგი გარემოების გამო:
მხარეთა შორის არსებობს კონდიქც. ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც გულისხმობს უსაფუძვლოდ მიღებული ქონების უკან დაბრუნებას. სკ-ს 976-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია, მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში. მოცემულ შემთხვევაში ა.ხ-ის მიერ ყვარლის რაიკოოპერატივზე ვალდებულების შესასრულებლად გადაცემულია თანხა, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილებით ნასყიდობის შესახებ გარიგება ნამდვილად არ იქნა მიჩნეული, რადგან გამყიდველი არ იყო ქონების მესაკუთრე და მან ამ გარიგებით სხვისი ქონება გაყიდა, ე.ი. უსაფუძვლოდ გამდიდრდა. ამ შემთხვევაში წარმოიშობა კონდიქც. ვალდებულება და 976-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე მხარემ ვალდებულების შესასრულებლად გადაცემული თანხა უნდა დააბრუნოს. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ვალდებულების შესასრულებლად ფულია გადაცემული, ამ შემთხვევაში უნდა დააბრუნოს ასევე პროცენტიც, რადგან სკ-ს 981-ე მუხლის მე-2 ნაწილით ფულად ვალზე გადახდილი უნდა იქნეს პროცენტი. ასეთი ვალდებულების – ზიანის ანაზღაურების საფუძველია სკ-ს 979-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლითაც უსაფუძვლოდ მიღებულ საგანთან დაკავშირებული ყველა შემოსავალი უნდა დაბრუნდეს. ფულადი ვალის არსებობის შემთხვევაში, ასეთ შემოსავლად 981-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიიჩნევა პროცენტი. პალატას მიაჩნია, რომ პროცენტის ოდენობა უნდა განისაზღვროს კანონით დადგენილი წესით. სკ-ს 625-ე მუხლით დადგენილია, რომ პროცენტი გონივრულ შესაბამისობაში უნდა იყოს ეროვნული ბანკის ან ბანკთაშორისი საკრედიტო აუქციონის მიერ დადგენილ ზღვრულ ოდენობასთან. ბანკთაშორის საკრედიტო აუქციონზე დაფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი (30 დღიანი) 1998 წელს იყო 3,1%; 1999 წელს – 2,7%; 2000 წელს – 1,4%; 2001 წელს – 1%. 2002 წელს – 2,3%.
სსკ-ს 248-ე მუხლით სასამართლოს უფლება არა აქვს, მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ვინაიდან მოსარჩელე ითხოვს მხოლოდ 1216 ლარს, იგი უნდა დაკმაყოფილდეს, თუმცა ზემომითითებული პროცენტის გათვალისწინებით მას შეიძლებოდა იმაზე მეტი მიეღო, ვიდრე ითხოვს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში უნდა გაუქმდეს და ახალი გადაწყვეტილებით ა. ხ-ის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
ა. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 18 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელზე უარის თქმის ნაწილში და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ყვარლის რაიკოოპერატივს ა. ხ-ის სასარგებლოდ დაეკისროს 1216 ლარის გადახდა.
გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოს მხარეებს.