საქმე # 080100123007701564
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საკასაციო საჩივრის დასაშვებობის
შემოწმების შესახებ
საქმე №976აპ-24 ქ. თბილისი
გ. ნ. 976აპ-24 30 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მამუკა ვასაძე
ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენზე დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
1. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს – დაბადებულს 19.. წელს, – ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსკ-ის) 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენა.
2. პირის ბრალდების შესახებ დადგენილებით ნ. გ–ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
2.1 2023 წლის 31 მარტს, საღამოს საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ქ–სა და წ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–ში“ შეიკრიბნენ, ნ. გ–ე და სხვა პირები. ისინი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის - არაყის დალევა. სუფრასთან ყოფნისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ნ. გ–სა და ვ. მ–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის გამოც ფიზიკურადაც შეეხნენ ერთმანეთს. 2023 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ნ. გ–ე, დ. გ–ი და ვ. მ–ი გამოვიდნენ რესტორნიდან და წავიდნენ დ. გ–ს კუთვნილი ავტომობილისკენ, რომელიც გაჩერებული იყო რესტორნის გარეთ, საავტომობილო გზის გვერდულზე. ამ დროს ნ. გ–სა და ვ. მ–ს შორის რესტორანში დაწყებული კონფლიქტი განახლდა, რის გამოც, დაახლოებით 01:54 საათზე, ვ. მ–ზე განაწყენებულმა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. გ–მ წელის არედან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - „.......“ მოდელის პისტოლეტი, რომელიც მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და განზრახ მოკვლის მიზნით მიმართა ვ. მ–ს მიმართულებით. იარაღიდან გასროლის თავიდან ასაცილებლად ნ. გ–სა და ვ. მ–ს შორის ჩადგა დ. გ–ი, რა დროსაც ნ. გ–მ გაისროლა და ტყვია თავდაპირველად შემთხვევით მოხვდა დ. გ–ის, გაიარა მის სხეულში და შემდეგ ნ. გ–ს განზრახვის შესაბამისად მოხვდა ვ. მ–სს. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად დ. გ–ი და ვ. მ–ი ადგილზე გარდაიცვალნენ. შესაბამისად, ნ. გ–მ განზრახ მოკლა ვ. მ–ი;
2.2 2023 წლის 31 მარტს, საღამოს საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ქ–სა და წ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–ში“ შეიკრიბნენ დ. გ–ი, ვ. მ–ი, ნ. გ–სე და სხვა პირები. ისინი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის - არაყის – დალევა. სუფრასთან ყოფნისას ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ ნ. გ–სა და ვ. მ–ს მოუვიდათ შელაპარაკება, რის გამოც ფიზიკურადაც შეეხნენ ერთმანეთს. 2023 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ნ. გ–ე, დ. გ–იი და ვ. მ–ი გამოვიდნენ რესტორნიდან და წავიდნენ დ. გ–ს კუთვნილი ავტომობილისკენ, რომელიც გაჩერებული იყო რესტორნის გარეთ, საავტომობილო გზის გვერდულზე. ამ დროს ნ. გ–სა და ვ. მ–ს შორის რესტორანში დაწყებული კონფლიქტი განახლდა, რის გამოც, დაახლოებით 01:54 საათზე, ვ. მ–ზე განაწყენებულმა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. გ–მ წელის არედან ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით მასზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - „.....“ მოდელის პისტოლეტი, რომელიც მოიყვანა საბრძოლო მდგომარეობაში და განზრახ მოკვლის მიზნით მიმართა ვ. მ–ს მიმართულებით. იარაღიდან გასროლის თავიდან ასაცილებლად ნ. გ–სა და ვ. მ–ს შორის ჩადგა დ. გ–ი, რა დროსაც ნ. გ–მ გაისროლა და ტყვია თავდაპირველად შემთხვევით მოხვდა დ. გ–ს, გაიარა მის სხეულში და შემდეგ ნ. გ–სის განზრახვის შესაბამისად მოხვდა ვ. მ–ს. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად დ. გ–ი და ვ. მ–ი ადგილზე გარდაიცვალნენ. შესაბამისად ნ. გ–მ დ. გ–ს სიცოცხლე მოუსპო გაუფრთხილებლობით.
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენით:
3.1. ნ. გ–ს ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, მასვე ბრალდებიდან ამოერიცხა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილი;
3.2. ნ. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა – 4 წლით თავისუფლების აღკვეთა;
3.3. ნ. გ–ს სასჯელის მოხდის ვადა აეთვალა დაკავებიდან – 2023 წლის 1 აპრილიდან.
4. სასამართლომ დაადგინა:
2023 წლის 31 მარტს, საღამოს საათებში, წ–ს მუნიციპალიტეტის სოფელ ბ–ში, ქ–სა და წ–ს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მდებარე რესტორან „კ–ში“ შეიკრიბნენ დ. გ–ი, ვ. მ–ი, ნ. გ–ე და სხვა პირები. ისინი დასხდნენ სუფრასთან და დაიწყეს ალკოჰოლური სასმელის - არყის დალევა. 2023 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ნ. გ–ე, დ. გ–ი და ვ. მ–ი გამოვიდნენ რესტორნიდან და წავიდნენ დ. გ–იის კუთვნილი ავტომობილისკენ, რომელიც გაჩერებული იყო რესტორნის გარეთ, საავტომობილო გზის გვერდულზე. დაახლოებით 01:54 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. გ–მ ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით მასზე რეგისტრირებული „.........“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რა დროსაც შემთხვევით გასროლის შედეგად, ტყვია თავდაპირველად მოხვდა დ. გ–ის, გაიარა მის სხეულში და შემდეგ მოხვდა ვ. მ–სს. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად დ. გ–ი და ვ. მ–ი ადგილზე გარდაიცვალნენ. შესაბამისად ნ. გ–მ დ. გ–ს და ვ. მ–ს სიცოცხლე მოუსპო გაუფრთხილებლობით.
5. აღნიშნული განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ, რომელმაც ითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენის გაუქმება და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრა.
5.1. ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარადგინა მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ა. ბ–მ და მოითხოვა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენის უცვლელად დატოვება.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 25 დეკემბრის განაჩენი დარჩა უცვლელად.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი საკასაციო წესით გაასაჩივრა დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორმა გურჯან ტაბეშაძემ. კასატორი ითხოვს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენში ცვლილებას და ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და შესაბამისი სამართლიანი სასჯელის განსაზღვრას.
7.1. ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარზე წარმოდგენილია მსჯავრდებულ ნ. გ–ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ა. ბ–ს შესაგებელი, რომლითაც მოთხოვნილია არ დაკმაყოფილდეს ბრალდების მხარის საკასაციო საჩივარი.
8. სასამართლო ითვალისწინებს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-71 მუხლსა და საქართველოს სსსკ-ის 273-ე მუხლს; ასევე – ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ. Hirvisaari v. Finland, no. 49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001); იმ გარემოებას, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ვალდებულება არ მოითხოვს მხარეების მიერ მითითებულ ყველა არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემას (იხ. Fomin v. Moldova, no. 36755/06, § 31, ECtHR,11/11/2011) და ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობის გაზიარება არ არღვევს დასაბუთებული გადაწყვეტილების უფლებას (იხ. Gorou v. Greece (No. 2) no. 12686/03, §37, §41, ECtHR, 20/03/2009). სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ „როდესაც საკასაციო სასამართლო უარს ამბობს საჩივრის დასაშვებობაზე, ვინაიდან საჩივარი არ აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამართლებრივი საფუძვლები, მცირე დასაბუთებამაც შეიძლება დააკმაყოფილოს კონვენციის მე-6 მუხლის მოთხოვნები“ (Kadagishvili v. Georgia, no. 12391/06, §175, ECtHR, 14/05/2020).
9. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის (შემდეგში – საქართველოს სსსკ-ის) 306-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, პროკურორი ითხოვს ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობას ბრალადწარდგენილი დანაშაულების (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლითა და საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების) ჩადენისათვის და შესაბამისი სამართლიანი სასჯელების განსაზღვრას.
10. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მხარეთა შორის დავის საგანს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ 2023 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, ნ. გ–ე, დ. გ–ი და ვ. მ–ი გამოვიდნენ რესტორნიდან და წავიდნენ დ. გ–ს კუთვნილი ავტომობილისკენ, რომელიც გაჩერებული იყო რესტორნის გარეთ, საავტომობილო გზის გვერდულზე. დაახლოებით 01:54 საათზე, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ნ. გ–მ ამოიღო შენახვისა და ტარების უფლებით მასზე რეგისტრირებული „.........“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღი, რომლიდან გასროლის შედეგად ტყვია თავდაპირველად მოხვდა დ. გ–ის, გაიარა მის სხეულში და შემდეგ მოხვდა ვ. მ–ს. გულ-მკერდის არეში მიღებული დაზიანებების შედეგად დ. გ–ი და ვ. მ–ი ადგილზე გარდაიცვალნენ.
10.1. მოცემულ შემთხვევაში სადავოა ჩადენილი ქმედების კვალიფიკაცია, ანუ ნ. გ–ს მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედება წარმოადგენს განზრახ მკვლელობას ვ. მ–ს მიმართ და გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას დ. გ–ს მიმართ, თუ სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით ორი პირის მიმართ (დ. გ–ი და ვ. მ–ი).
10.2. ბრალდების მხარე სადავოდ არ ხდის ნ. გ–სს მიერ დ. გ–ს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით.
11. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარემ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში ცვლილების შეტანის მოთხოვნით სააპელაციო სასამართლოს საჩივრით მიმართა იმავე (იდენტურ) არგუმენტებზე დაყრდნობით, რომლებიც საკასაციო საჩივარშია ჩამოყალიბებული. სააპელაციო სასამართლომ საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებები და წარმოდგენილი მტკიცებულებები სამართლებრივად სწორად შეაფასა და გასაჩივრებულ განაჩენში მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, რომლებმაც ნ. გ–ს მიმართ წარდგენილი ბრალდების (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლის) საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილზე გადაკვალიფიცირება და შესაბამისი სასჯელი განაპირობა.
12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით საქართველოს სსსკ-ით დადგენილი მტკიცებითი სტანდარტით დასტურდება ნ. გ–ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა ვ. მ–სის მიმართ. შემდეგ გარემოებათა გამო:
13. საკასაციო სასამართლო ერთი მხივ ითვალისწინებს სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მათ შორის ბალისტიკური ექსპერტიზის N.... და N.... დასკვნებს, ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N..... დასკვნას, დ. გ–ს გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნას, ვ. მ–სის გვამის სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნას, სამედიცინო ექსპერტიზის N..... დასკვნას, ხოლო, მეორეს მხრივ მოწმეთა: გ. გ–ს, პ. თ–ს, ი. ხ–ს, ა. ჩ–ს, ა. ი–ს, ო. გ–ს, მ. ხ–ს, დ. დ–ს გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (თანდართული ფოტოცხრილით), ნ. გ–სთან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, რესტორან „კ–დან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებსა და მოცემული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებს, მიკრონაწილაკური ექსპერტიზის N........ დასკვნას, ნივთიერებათა, მასალათა და ნაკეთობათა ექსპერტიზის N........ დასკვნას, ბიოლოგიური ექსპერტიზის N........ დასკვნას და სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებებს და მიიჩნევს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით არ დასტურდება ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.
14. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაცია მოითხოვს, დადგინდეს სუბიექტის განზრახვა, მისი მიზანმიმართული ქმედება დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობისაკენ, განხორციელებულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი, რომელთა გარეშეც ქმედების განზრახ მკვლელობად დაკვალიფიცირება სამართლებრივ საფუძველს მოკლებული იქნება (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 12 თებერვლის განაჩენი №142აპ-13, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2021 წლის 30 ივნისის №158აპ-21 განჩინება). საკასაციო სასამართლო კვლავაც იმეორებს, რომ ქმედების სუბიექტური შემადგენლობის ელემენტის - განზრახვის დასადასტურებლად აუცილებელია, ერთდროულად არსებობდეს ცოდნის, ნებელობისა და მართლწინააღმდეგობის შეგნების კომპონენტები. რიგ შემთხვევებში შესაძლებელია, მსჯავრდებული (ბრალდებული) არც აკონკრეტებდეს ან/და უარყოფდეს განზრახვის არსებობას, მაგრამ საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებათა ანალიზით დადგინდეს პირის მიერ განზრახვის ნამდვილობა ანუ ფაქტობრივ გარემოებათა განვითარების ლოგიკური ჯაჭვი იძლეოდეს ქმედების სუბიექტური შემადგენლობის შეფასების შესაძლებლობას (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 28 ივლისის განაჩენი საქმეზე №213აპ-20 და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 20 თებერვლის განაჩენი, საქმეზე №527აპ-17). განზრახვის დასადგენად კი შესწავლილ უნდა იქნეს: დანაშაულის ჩადენის ხერხი და საშუალება, დაზიანებათა რაოდენობა, ხასიათი და მათი ლოკალიზაცია, როგორ ვითარებაში იქნა ისინი მიყენებული, დამნაშავისა და მსხვერპლის ურთიერთდამოკიდებულება საერთოდ და დაზიანების მიყენების მომენტში და სხვ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 18 ოქტომბრის განაჩენი საქმეზე №309აპ-19, ასევე – 2018 წლის 17 მაისის განაჩენი საქმეზე №680აპ-17 და 2016 წლის 29 სექტემბრის განაჩენი საქმეზე №227აპ-16)
15. სასამართლო კვლავაც აღნიშნავს, რომ „ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში... დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-41-43). საქართველოს სსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულებათა ერთობლიობა კი საქმეში უნდა არსებობდეს თითოეულ ეპიზოდთან/მაკვალიფიცირებელ გარემოებასთან მიმართებით.
16. სასამართლო ითვალისწინებს ბალისტიკური ექსპერტიზის N... და N... და ბალისტიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N....... დასკვნებს (რომლითაც დგინდება, როგორც ნ. გ–სეზე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - „......“ მოდელის პისტოლეტის ტიპი, ასევე მისი ვარგისიანობა, მექანიზმის მახასიათებლები და ა.შ.) ასევე სამედიცინო ექსპერტიზის N....... და N...... დასკვნებს (რომლებითაც დგინდება მათ შორის ვ. მ–სათვის მიყენებული ჭრილობის ლოკალიზაცია, ხასიათი, სიკვდილის უშუალო მიზეზი) და დადგენილად მიიჩნევს მიზეზობრივ კავშირს ნ. გ–ს ქმედებასა და დამდგარ შედეგს – ვ. მ–ს გარდაცვალებას შორის.
17. სასამართლო ითვალისწინებს, რომ არაპირდაპირი განზრახვისა და თვითიმედოვნების კოგნიტური ელემენტი (ცოდნა) ემთხვევა ერთმანეთს. მათ შორის განსხვავება არსებობს ე.წ. ნებელობის კომპონენტში.
18. სასამართლო ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ რესტორან „კ–იიდან“ გამოთხოვილ ვიდეოჩანაწერებსა და მოცემული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებს, რომლითაც მართალია დგინდება ვ. მ–ს, დ. გ–სა და ნ. გ–ს შორის მცირედი შეხლა-შემოხლა (01:00 საათზე ნ. გ–ე ვ. მ–ს მკლავზე ქაჩავს და წევს სუფრის მიმართულებით; 01:0:23 საათზე ვ. მ–ი დგება ფეხზე, მარჯვენა ხელით სუფრიდან იღებს გრაფინს და ნ. გ–ს მიმართულებით იწევს, რის შემდეგაც უკანვე დებს გრაფინს), თუმცა იმავდროულად ითვალისწინებს, რომ ვიდეოკადრებში არ იკვეთება რაიმე კამათი, ჩხუბი ან კონფლიქტი, რომელსაც მაგალითად სუფრის სხვა წევრებმა ან რესტორანში მყოფმა სხვა პირებმა მიაქციეს ყურადღება. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მოწმეთა ჩვენებებს. კერძოდ, სუფრის წევრების პ. თ–სა (იხ. ტ.1, ს.ფ. 211-215; ტ.4, ს.ფ. 134-136) და გ. გ–ს (იხ.: ტ.1, ს.ფ. 235-239; ტ.4, ს.ფ. 130-133) გამოკითხვის ოქმებს, რომლითაც დგინდება, რომ სუფრის დასრულებისას, როდესაც რესტორნიდან გასვლას აპირებდნენ, ვ. მ–ს, დ. გ–სა და ნ. გ–ს შორის ხუმრობით მოხდა პატარა შეხლა-შემოხლა, რომელსაც რაიმე სერიოზული ინციდენტი და გაგრძელება არ მოჰყოლია. სუფრის დასრულების შემდეგ, როდესაც ყველა ერთად გავიდნენ რესტორნის ეზოში, სუფრის წევრებს შორის რაიმე სახის დაპირისპირება და ფიზიკური ძალადობა არ მომხდარა. მითითებული გარემოებები დასტურდება ასევე რესტორან „კ–ს“ თანამშრომლების, მოწმეების – დ. დ–ს (იხ. ტ.2, ს.ფ.12-15; ტ.4, ს.ფ. 153-155), ო. გ–ეის (იხ.: ტ.1, ს.ფ. 261-264; ტ.4, ს.ფ. 137-139), ლ. რ–ეისა (იხ. ტ.1, ს.ფ. 265-268; ტ.4, 144-147) და ქ. ქ–ს (ტ. 1, ს.ფ. 257-260) გამოკითხვის ოქმებით.
19. სასამართლო დაუსაბუთებლობის გამო არ იზიარებს ბრალდების მხარის მსჯელობას, რომ რესტორან „კ–ს“ მცველების, მოწმეთა: ო. გ–სა და ლ. რ–ს მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი გამოკითხვის ოქმებით დასტურდება რესტორან „კ–ს“ წინ ნ. გ–სეს, ვ. მ–სა და დ. გ–ს შორის ჩხუბი, ვინაიდან, ერთის მხრივ მითითებული მოწმეები გამოკითხვის ოქმებში უთითებენ, რომ აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდათ დარაჯმა – ა. ი–მ, შესაბამისად, არ არიან შემთხვევის თვითმხილველნი და მათი ირიბი ჩვენებების გამოყენება გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისთვის (მოცემულ შემთხვევაში ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაციისაათვის) „შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ 22/01/2015, II-52), ხოლო მეორეს მხრივ კი მოწმეთა მიერ გამოკითხვის ოქმებში მითითებული გარემოებები არ დასტურდება თავად დარაჯის – ა. ი–ს გამოკითხვის ოქმით.
19.1. მოწმე ა. ი–ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ 2023 წლის 1 აპრილს, ღამის საათებში, დაინახა რესტორან „კ–ნ“ გამოსული ხუთი მამაკაცი, რომლებიც საავტომობილო გზის მიმართულებით წავიდნენ. დაახლოებით 5-10 წუთში, როდესაც თავად ჯიხურში იმყოფებოდა, მამაკაცის ხმა გაიგო, რომელმაც მეორეს ორჯერ თუ სამჯერ მიმართა უწმაწური სიტყვებით, თუმცა ვინ იყო აღნიშნული მამაკაცი, ან ვის მიმართა ასეთი სიტყვებით, არ დაუნახავს. აღნიშნულის შემდეგ მალევე, დაახლოებით ერთ-ორ წუთში გაიგო ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთი გასროლის ხმა (იხ. ტ.1, ს.ფ. 273-276).
19.2. სასამართლო ასევე ითვალისწინებს მოწმე ი. ხ–ს გამოკითხვის ოქმს, რომლითაც დგინდება, რომ რესტორან „კ–თან“ ყოფნის დროს, დაახლოებით ღამის 01:30 საათიდან - 02:00 საათამდე დროის პერიოდში დაინახა, რომ რესტორნიდან გამოვიდა ხუთი ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც დაახლოებით 5-6 წუთი გაჩერდნენ და საუბრობდნენ. ისინი ერთმანეთს არ უყვიროდნენ და არ ჩხუბობდნენ. სავარაუდოდ ორი მათგანი ავტომანქანით წავიდა, რადგან ავტომანქანის წასვლის შემდეგ დაინახა, რომ მეორე „მერსედესის“ მარკის ავტომანქანასთან მხოლოდ სამი მამაკაცი იმყოფებოდა. ამ დროს, აღნიშნული პირებიდან ერთ-ერთმა მეორეს მიმართა ავტომანქანაში დამჯდარიყო და უწმაწური სიტყვით მოიხსენია, რამაც მისი ყურადღება მიიპყრო და სარკით უკან გაიხედა. როგორც მათი საუბრიდან გაიგო ერთ-ერთი პირი ამბობდა რომ სახლში ფეხით წავიდოდა, ხოლო მეორე ეუბნებოდა მანქანაში დამჯდარიყო და კვლავ მიმართა უწმაწური სიტყვით. ამ დროს უკანა მხრიდან, სადაც აღნიშნული მამაკაცები იმყოფებოდნენ მისთვის მოულოდნელად იარაღიდან ერთი გასროლის ხმა გაიგო, რა დროსაც მან ისევ სარკის მეშვეობით გაიხედა უკან და დაინახა რომ ორი პირი მიწაზე იყო წაქცეული (იხ. ტ.1, ს.ფ. 277-280)
19.3. შესაბამისად, მოცემულ მოწმეთა (ა. ი–ე, ი. ხ–ე) გამოკითხვის ოქმებით დგინდება, რომ ნ. გ–ს, ვ. მ–სა და დ. გ–ს შორის არ მომხდარა ჩხუბი ან რაიმე ფიზიკური დაპირისპირება, მხოლოდ იყო რამდენჯერმე უწმაწური სიტყვებით მიმართვა. სასამართლო ითვალისწინებს, რომ რაიმე სახის კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების არსებობა ვ. მ–სა და ნ. გ–ს შორის გამორიცხეს ასევე მოწმეებმა: ნ. რ–მა, ნ. ჩ–მ და გ. ხ–მ, რომლებმაც 2023 წლის 1 აპრილს, დაახლოებით 02:00 საათზე რესტორან კ–თან გავლისას დაინახეს საავტომობილო გზის კიდესთან მდგარი სამი მამაკაცი, რომლებიც ერთმანეთში საუბრობდნენ, არ ყვიროდნენ, არ ჩხუბობდნენ და ერთმანეთის მიმართულებით არ იწევდნენ.
20. სასამართლო ასევე ითვალისწინებს, გასროლის შემდეგ შემთხვევის ადგილზე განვითარებულ მოვლენებსა და მსჯავრდებულ ნ. გ–ს ქცევას. მოწმეები: ა. ჩ–ე (იხ. ტ.1, ს.ფ. 269-272), ი. ხ–ე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 277-280), ა. ი–ე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 273-276), ო. გ–ე (იხ.: ტ.1, ს.ფ. 261-264; ტ.4, ს.ფ. 137-139), ლ. რ–ე (იხ. ტ.1, ს.ფ. 265-268; ტ.4, 144-147) და ტ. ხ–იი (იხ. ტ.4, ს.ფ. 79-82) მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ გამოკითხვის ოქმებში უთითებენ, რომ იარაღიდან გასროლის შემდეგ, ნ. გ–ე მუხლებზე დაჩოქილი იყო და ძირს წაქცეული, უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცების დახმარებას ცდილობდა, ერთ-ერთს ერთი ხელით უკავებდა ენას. შემდგომ ხან ერთთან დაემხობოდა, ხან მეორესთან, ეტყობოდა რომ შოკურ მდგომარეობაში იყო, შველას ითხოვდა და იძახდა „ნუ გეშინიათ, გაუძელით მალე მოვა სასწრაფო და გადარჩებითო“ ასევე იძახდა „თქვენ, რომ მოკვდეთ მე რა მეშველება. გადარჩებით, ნუ გეშინიათო“. გარდაცვლილებისათვის პირველადი დახმარების აღმოჩენის მცდელობაზე მიუთითებს თავად მსჯავრდებულ ნ. გ–სის სხეულზე არსებული დაზიანებები (სამედიცინო ექსპერტიზის N......... დასკვნით ნ. გ–ს გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევებისა და სისხლნაჟღენთების სახით (მარჯვენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე, გარდამავალი მარჯვენა წვივის წინა ზედაპირზე, ზედა მესამედში უსწორო ფორმის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი, საერთო ფართზე ზომით 9,4x8,5 სმ. მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით 6,5x4,8; მარჯვენა მტევნის უკანა ზედაპირზე მეორე თითის და მესამე ძირითად და შუა ფალანგთშორის სახსრის საპროექციო მიდამოებში აღენიშნებოდა თითო უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი, მიმდებარე კანის დონიდან დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევები; მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე მესამე თითის ძირითად და შუა ფალანგთშორის სახსრის საპროექციო მიდამოებში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის ნაჭდევი. აღნიშნული დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდა დადგენილებაში მითითებულ თარიღს (იხ.: ტ. 3, ს.ფ. 192-198).
21. სამართლო ასევე ითვალისწინებს ნ. გ–ს ტელეფონის დათვალიერების 2023 წლის 7 ივლისის ოქმს, რომლის თანახმად მომხდარი შემთხვევისთანავე მსჯავრდებულმა 122-ში განახორციელა – 7 ზარი (2 ზარი – 01:55 საათზე, 3 ზარი – 01:56 საათზე, 1 ზარი – 01:57 საათზე და 1 ზარი 01:58 საათზე). ნ. გ–ს განმარტებით რეკავდა 112-ში. თუმცა ნანახი ინფორმაციის შემდგომ დარწმუნდა, რომ კრეფდა 122-ს 112-ის ნაცვლად, რის გამოც ვერ მოახერხა 112-თან დაკავშირება (იხ.: ტ. 3, ს.ფ. 192-198).
22. სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის პოზიცია ქმედების საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით კვალიფიკაციის თაობაზე (იმ გარემოებაზე მითითებით, რომ ნ. გ–სა და ვ. მ–ს შორის რესტორანში დაწყებული კონფლიქტი განახლდა, რის გამოც, დაახლოებით 01:54 საათზე, ვ. მ–ზე განაწყენებულმა, ალკოჰოლით მთვრალმა ნ. გ–მ განზრახ მოკვლის მიზნით გაისროლა მისი მიმართულებით) ემყარება ვარაუდს და არა კონკრეტულ მტკიცებულებებს.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის მოთხოვნას, ნ. გ–ს დამნაშავედ ცნობის თაობაზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ამასთან, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ნ. გ–მ ჩაიდინა ორი პირის სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით. კერძოდ, მის მიერ დარღვეულ იქნა იარაღთან მოპყრობის წინდახედულობის ნორმა, რის შედეგადაც ალკოჰოლით მთვრალმა მოახდინა გასროლა, რომელმაც სიცოცხლე მოუსპო ვ. მ–სა და დ. გ–ის (თვითიმედოვნება). ამასთან, აღსანიშანავია, რომ ვ. მ–ის გარდაცვალების მიზეზია გულმკერდის მიდამოს ბრმა ცეცხლნასროლი ჭრილობა შემავალი ხვრელით (რომელიც განვითარებულია რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭურვის გასროლის შედეგად სიკვდილამდე წინა უახლოეს პერიოდში და მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, რომელიც სახიფათოა სიცოცხლისათვის და მიზეზობრივ კავშირში იმყოფება დამდგარ შედეგთან – სიკვდილთან) რაც პირდაპირაა დაკავშირებული ნ. გ–ს მიერ კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გაუფრთხილებლობით განხორციელებულ გასროლასთან.
24. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ ნ. გ–ს მიერ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული ჩადენილია – ცეცხლსასროლი იარაღის - „.....“ მოდელის პისტოლეტის გამოყენებით (იხ: ბალისტიკური ექსპერტიზის N.... და N... დასკვნები). საქართველოს სსკ-ის 531-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა, მათ შორის, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება საქართველოს სსკ-ით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის, ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად მათ შორის, აღნიშნული დამამძიმებელი გარემოების არსებობისას დანაშაულის ჩადენის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. შესაბამისად, გასაჩივრებული განაჩენით, დანაშაულის იარაღის გამოყენებით ჩადენის გათვალისწინებით, ნ. გ–ს საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული აქვს მინიმალური სასჯელი – თავისუფლების აღკვეთა 4 წლით (საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილი სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს – თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე).
24.1. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდების მხარის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას არ წარმოადგენს ნ. გ–ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრება, შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სსსკ-ის 306-ე მუხლის მე-4 ნაწილს, რომლის თანახმად, საკასაციო საჩივარი განიხილება საჩივრისა და მისი შესაგებლის ფარგლებში და მოკლებულია შესაძლებლობას გადასინჯოს ნ. გ–ს მიმართ დანიშნული სასჯელი მისი გამკაცრების მიმართულებით.
25. იმავდროულად, დაცვის მხარის საკასაციო საჩივრის არარსებობის გამო, სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას შეამოწმოს დაცვის მხარის შესაგებელში მითითებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ქმედების კვალიფიკაციის შეცვლის კანონიერება (დ. გ–ს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ეპიზოდში).
26. ამასთან, ვინაიდან საჩივრის განხილვის თარიღისათვის, სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი დაზარალებულთა თანხმობა ნ. გ–ს მიმართ „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის გამოყენების შესახებ, სასამართლო ასევე მოკლებულია შესაძლებლობას, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე 1/6-ით შეამციროს დანიშნული სასჯელი, ვინაიდან სასჯელის შემცირებას ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი უკავშირებს დაზარალებულის თანხმობას.
27. მოცემულ შემთხვევაში, საქმის შესწავლის შედეგად, არ იკვეთება სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
28. საქმის მასალების შესწავლით ასევე არ დგინდება: გარემოება, რომლის გამოც, მოცემულ საქმეს არსებითი მნიშვნელობა ექნებოდა სამართლის განვითარების ან მსგავს საქმეებზე ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; კასატორი არ უთითებს სამართლებრივ პრობლემაზე, რომელიც საჭიროებს საკასაციო სასამართლოს განმარტებას; სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება უზენაესი სასამართლოს პრაქტიკას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; საჩივრის განხილვის შედეგად, არ არის მოსალოდნელი მსგავს საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება.
29. სასამართლო ითვალისწინებს, რომ „პასუხისმგებლობის დაკისრება კონკრეტული ქმედებისთვის, არის ექსკლუზიურად სახელმწიფოს ინსტრუმენტი, მის მიერ გამოყენებადი იძულების ღონისძიება. შესაბამისად, სულ მცირე, სასჯელის დაკისრება, თავისი ბუნებით, არ არის უფლება, რომელიც შეიძლება/უნდა დაკმაყოფილდეს ადამიანების მოთხოვნების, სურვილების შესაბამისად. სასჯელის სიმძიმე ყოველთვის ვერ იქნება დაზარალებულის გამოხატული ემოციის პროპორციული. სასჯელი უნდა იყოს რეალურად ჩადენილი ქმედების თანაზომიერი, დაფუძნებული როგორც ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებაზე, ისე დანაშაულის ყველა ინდივიდუალური გარემოების გათვალსწინებაზე“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “საქართველოს მოქალაქე ხათუნა შუბითიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-23).
30. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს, რომ „საკასაციო ინსტანციის სასამართლოების მიერ დასაშვეობის კრიტერიუმის გამოყენება ემსახურება მართლმსაჯულების ჯეროვნად განხოციელების კანონიერ მიზანს (იხ. Tchaghiashvili v. Georgia, no. 19312/07, par. 34, ECtHR, 2/09/2014; Borisenko and Yerevanyan Bazalt Ltd v. Armenia, no. 18297/08, 14/04/2009).
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს ცნობილი.
32. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 303-ე მუხლის მე-3, მე-32, მე-33, მე-4 ნაწილებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დაუშვებლად იქნეს ცნობილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის საპროკურორო სამმართველოს პროკურორ გურჯან ტაბეშაძის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2024 წლის 17 ივნისის განაჩენზე;
2. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. ვასაძე