Facebook Twitter
3კ-862-02

3კ-862-02 23 ოქტომბერი, 2002 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,ლ. გოჩელაშვილი

დავის საგანი: ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აგვისტოს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვლადიმერ ბ.-ის სარჩელი ე. ზ.-ს და გ. თ.-ის მიმართ და მათ აღეკვეთათ თბილისში, ... მდებარე სახლის ¹4,5,6,7, და 8 ოთახების ფლობისა და სარგებლობის უფლება;

1997წ. 3 სექტემბერს ვ. ბ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს გ. თ.-ის და ა. კ.-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთა მხრიდან უფლების დამრღვევი მოქმედების აღკვეთა და მისი კუთვნილი ოთახებიდან გამოსახლება.

თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხეები _ გ. თ.-ი და ა. კ.-ე თანმხლებ პირებთან ერთად გამოსახლებულ იქნენ თბილისში, ... მდებარე ზ. ბ.-ის სახელზე რიცხული მოსარჩელე ვ. ბ.-ის მფლობელობაში მყოფი მამისეული საცხოვრებელი სახლის ოთახებიდან, ამავე გადაწყვეტილებით თ.-ს და კ.-ეს აეკრძალათ ვ. ბ.-ის ეზოს ნაკვეთით სარგებლობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 10 აპრილის განჩინებით აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად, რასაც საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილებით მოპასუხეებს უკვე აღეკვეთათ სადავო ბინის მფლობელობისა და სარგებლობის უფლება.

1998წ. 14 დეკემბერს ა. კ.-მ და გ. თ.-მ მიმართეს თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს განცხადებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, 1998წ. 16 თებერვლის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ იმ მოტივით, რომ თბილისის ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომელიც დაედო საფუძვლად 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებას, გაუქმებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 19 ნოემბრის დადგენილებით, ანუ აღარ არსებობს ვ. ბ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 ნოემბრის განჩინებით გ. თ.-ის და ა. კ.-ის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ განუხილველად იქნა დატოვებული მისი დაუშვებლობის გამო.

გ. თ.-მა და ზ. კ.-მ გაასაჩივრეს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით და მოითხოვეს განჩინების გაუქმება და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება; რაიონული სასამართლოს მიერ კერძო საჩივარი არ იქნა დაკმაყოფილებული და საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნა განსახილველად თბილისის საოლქო სასამართლოში.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის განჩინებით გ. თ.-ის და ა. კ.-ის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა სააპელაციო საჩივრად. პალატამ განიხილა რა აღნიშნული სააპელაციო საჩივარი, მივიდა დასკვნამდე, რომ იგი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

გ. თ.-მ და ა. კ.-მ საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატას და მოითხოვეს ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2002წ. 16 აპრილის განჩინების გაუქმება და სსკ-ს 411-ე მუხლის თანახმად ახალი გადაწყვეტილების მიღება იმ საფუძვლით, რომ საოლქო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეული იყო სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი.

კასატორი მიიჩნევს, რომ დარღვეულია სსკ-ს 105-ე მუხლის მეორე ნაწილი, სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარვია ამავე კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტი, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, უგულებელყო სსკ-ს 377-ე მუხლის I ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სააპელაციო სასამართლომ ასევე დაარღვია სსკ-ს 430-ე მუხლის მეორე ნაწილი; კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლო განცხადებას დასაშვებად თუ მიიჩნევდა, ვალდებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის I ნაწილის “გ” პუნქტის თანახმად საქმე დაებრუნებინა არსებითი განხილვისათვის რაიონულ სასამართლოში, რაც არ გაუკეთებია.

კასატორის მოსაზრებით, 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილება უკანონოა იმის გამოც, რომ სასამართლომ გადაწყვიტა უკანონო ნაგებობის შესახებ სამართლებრივი დავა.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 19 ნოემბრის დადგენილებით გაუქმდა ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება სასამართლომ მიუთითა, რომ სახლთმფლობელობა მთლიანად უკანონოა; რაიონულმა სასამართლომ არ იმსჯელა და არ დაასაბუთა, თუ რა უპირატესობა აქვს მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ; აღნიშნული პრეზიდიუმის დადგენილება კანონიერ ძალაშია, ხოლო ვ. ბ.-ის სარჩელის წარმოება ვაკე-საბურთალოს რაიონის სასამართლოს 2002წ. 24 ოქტომბრის განჩინებით შეწყვეტილია იმ საფუძვლით, რომ ამ ნაგებობის განკარგვის და მესაკუთრის განსაზღვრის უფლება სასამართლოს არ აქვს, იგი ადგილობრივი მმართველობის კომპეტენციაში შედის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, აღდგენილია ბ.-სა და ზ.-ს შორის 1958წ. 19 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება; როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 19 ნოემბრის დადგენილების, ასევე ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 24 ოქტომბრის განჩინებით აღიარებულია, რომ ვ. ბ.-ი არ არის სადავო ნაგებობის და ოთახების მესაკუთრე და მისი განკარგვის უფლება არა აქვს. გამომდინარე აღნიშნულიდან, 1996წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო არ იყო უფლებამოსილი, არა თუ განეხილა აღნიშნული სარჩელი, არამედ დაეკმაყოფილებინა იგი.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივარს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთებულობა და თვლის, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ განმცხადებელი ითხოვდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმებას; აღნიშნული გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ბ.-ის სარჩელი, გაუქმდა ზ. ბ.-სა და ნ. ზაგოროდნევს შორის 1958წ. 19 იანვარს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება თბილისში, ... მდებარე სახლის ოთხი ოთახის ყიდვაზე, როგორც უკანონო ნაგებობაზე; ე. ზ.-ს და გ. თ.-ს აღეკვეთათ ქ. თბილისი, ... მდებარე სახლის ¹4,5,6,7, ოთახების მფლობელობისა და სარგებლობის უფლება, როგორც უკანონო ნაგებობებისა.

ამავე სასამართლოს 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვ. ბ.-ის სარჩელი, მოპასუხეები გ. თ.-ი და ა. კ.-ე გამოსახლებულ იქნენ თანმყოფ პირებთან ერთად თბილისში, ... მდებარე ვლადიმერ ბ.-ის მამისეული სახლის ოთახებიდან, თეზ.-ს და კ.-ეს აეკრძალათ ვ. ბ.-ის ეზოს ნაკვეთით სარგებლობა.

სსკ-ს 423-ე მუხლის I ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას, გაუქმდა.

პალატა იზიარებს, სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ 1998წ. 16 თებერვლის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში, რომლის გაუქმებას, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, მოითხოვენ განმცხადებელები, არ არის მოხსენიებული ვაკის რაიონის სასამართლოს 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება; გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მითითებულია, რომ ვ. ბ.-ის სარჩელის საფუძველზე მოპასუხეებს, რომლებიც შეიჭრნენ ოთახებში და ნებაყოფლობით არ გამოათავისუფლეს, აეკრძალათ ოთახებით სარგებლობა;

სამოტივაციო ნაწილში კი მოპასუხეთა გამოსახლების ფაქტობრივ საფუძვლად მითითებულია ის გარემოება, რომ სადავო ოთახები მემკვიდრეობით ეკუთვნის ვ. ბ.-ს, კ.-ე და თ.-ი კი არასოდეს არ ყოფილან სადავო ოთახების დამქირავებლები და ქვემოქირავენი.

გამომდინარე აღნიშნულიდან, პალატა თვლის, რომ ვაკის რაიონის სასამართლოს 1998წ. 16 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილება დასაბუთებულია არა იმით, რომ არსებობს ამავე სასამართლოს 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, არამედ სხვა ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებით, რაც გამორიცხავს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას.

პალატის აზრით, სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით საქმის წარმოების განახლება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, თუ გაუქმდა გადაწყვეტილება, რომელიც გასაჩივრებული გადაწყვეტილების საფუძველია, ე.ი. ამ გადაწყვეტილების (საფუძვლის) გარეშე გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული. განსახილველ შემთხვევაში კი გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, იარსებებდა თუ არა 1996წ. 16 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც გაუქმდა ნასყიდობის ხელშეკრულება და მხარეებს აეკრძალათ სადავო ოთახებით სარგებლობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოების, თბილისის საქალაქო სასამართლოს პრეზიდიუმის 1998წ. 19 ნოემბრის დადგენილების, საფუძველზე გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების საფუძველი.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს თვით კი არ უნდა ჩაეთვალა კერძო საჩივარი სააპელაციო საჩივრად და განეხილა იგი, არამედ დაებრუნებინა საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში, რითაც არ დაირღვეოდა მხარის უფლება, წარედგინა სააპელაციო სასამართლოში არა კერძო, არამედ, დასაბუთებული სააპელაციო საჩივარი.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ჰქონდა უფლებამოსილება, მხარის მიერ გადაწყვეტილებაზე შეტანილი კერძო საჩივარი, რომელიც საპროცესო კანონმდებლობით მხოლოდ სააპელაციო საჩივრით საჩივრდება, ჩაეთვალა სააპელაციო საჩივრად და არსებითად განეხილა საქმე.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ ზემოაღნიშნული საპროცესო მოქმედება კიდევაც რომ დარღვევად მივიჩნიოთ, იგი ვერ გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან სსკ-ს 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად საპროცესო ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნება გამოტანილი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. რაიონულ სასამართლოში საქმის დაბრუნების შემთხვევაშიც კი სხვაგვარი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორთა მოტივაციას, რომლითაც ისინი აკრიტიკებენ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას მთლიანად და მიუთითებენ, რომ მასში სამოქალაქო კოდექსის მუხლები არასწორადაა გამოყენებული, ვინაიდან ადრე არსებული საზედამხედველო წარმოებისაგან განსხვავებით საქმის განახლების საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მექანიზმი იმპერატიულად განსაზღვრავს საქმის წარმოების განახლების საფუძვლებს, რაც გამორიცხავს სხვა ნებისმიერი მოტივით და საფუძვლით კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი;

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გ. თ.-ისა და ა. კ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.