¹ 3კ/863-01 12 აპრილი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქარვთელოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: თანხის 4000 აშშ დოლარის დაკისრება (ძირითადი სარჩელი), მიყენებული ზიანის, 3.360 დოლარის, დაკისრების (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
ი. დ-შვილმა სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ო. ბ-შვილისაგან 4000 აშშ დოლარის გადახდა, ასევე, ბინიდან გამოსახლების შესახებ თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, მოცემული დავის საბოლოო გადაწყვეტამდე შემდეგი საფუძვლით: 1999 წელს მოპასუხე ო. ბ-შვილს და მის მამინაცვალს, მ. ყ-შვილს შორის დაიდო ზეპირი გარიგება, რომლის თანახმად მ. ყ-შვილს მოპასუხისაგან 5500 აშშ დოლარად ი. დ-შვილისთვის უნდა შეეძინა თბილისში ბინა. მ. ყ-შვილმა მოპასუხეს გადასცა ბინის ღირებულების ნაწილი _ 3200 აშშ დოლარი, დარჩენილი თანხა უნდა გადაეხადათ ბინაში შესახლებიდან ერთ კვირაში. ბინის ნახვის შემდეგ მას ბინა არ მოიწონა და მოთხოვა მოპასუხეს მიცემული თანხის უკან დაბრუნება, რაზეც მან უარი განაცხადა, რადგან თანხა დახარჯული ჰქონდა, რის შემდეგაც შეთანხმდნენ, რომ ი. დ-შვილი ჩაატარებდა სარემონტო სამუშაოებს, ხოლო ბინის ღირებულების დარჩენილ თანხას გადაუხდიდა ნაწილ-ნაწილ. მოსარჩელემ ვერ შეძლო დარჩენილი თანხის დროული გადახდა. ო. ბ-შვილმა დააყენა სარჩელი სასამართლოში მისი სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ, რაც დაკმაყოფილდა ისან-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილებით. ამჟამად გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. მოსარჩელე თვლის, რომ სადავო ბინის ნასყიდობის დროს არ შესრულდა სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის მოთხოვნა, რამაც გამოიწვია გარიგების ბათილობა. გარიგების ბათილობის დროს კი მხარეები მოვალენი არიან, დააბრუნონ უკვე განხორციელებული შესრულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ბინის საფასურის _ 3200 აშშ დოლარისა და ბინის შეკეთებაზე დახარჯული 800 აშშ დოლარის დაბრუნება. მოპასუხე ო. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნო და შეგებებული სარჩელით მოითხოვა მათთვის “ბე”-ს სახით გადაცემული თანხის მისთვის დატოვება და სადავო ბინაში თვითნებური გადაკეთებით მიყენებული ზიანის _ 3360 ლარის ანაზღაურება. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის, ი. დ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა. მის სასარგებლოდ ო. ბ-შვილს დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა, შესაბამისი კურსით ლარებში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ბ-შვილის სარჩელი; ი. დ-შვილის მის სასარგებლოდ დააკისრა 463 აშშ დოლარის გადახდა ლარებში. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: ო. ბ-შვილსა და მ. ყ-შვილს შორის დადებული გარიგება თავისი სამართლებრივი ბუნებით არის ნასყიდობა გადახდის განვადებით. სამოქალაქო კოდექსის 508-ე მუხლით დადგენილია ორმხრივი რესტიტუცია ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, რომლის ძალითაც ყოველი მხარე ვალდებულია, დააბრუნოს ის, რაც ხელშეკრულებით მიიღო. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლომ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ო. ბ-შვილმა, რომლითაც ითხოვდა როგორც გადაწყვეტილების, ისე 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინების, მოსარჩელის ბინიდან გამოსახლების შესახებ გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება, გაუქმებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი. გაუქმდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ი. დ-შვილს უარი ეთქვა სარჩელზე ო. ბ-შვილისათვის 4000 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ო. ბ-შვილის შეგებებული სარჩელი, კერძოდ დაკმაყოფილდა ბინის ნასყიდობის გარიგების დადების ფაქტის დამადასტურებელი “ბე”-ს სახით გადაცემული 3200 აშშ დოლარის მისთვის დატოვების მოთხოვნა, ხოლო უარი ეთქვა ზიანის, 3360 ლარის დაკისრებაზე. ვინაიდან 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლოს თავისი სარეზოლუციო ნაწილით არაფერი თქვა ბერიშვილის მოთხოვნაზე. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინების, აღსრულების შეჩერების შესახებ, გაუქმებაზე, 2001 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა ო. ბ-შვილის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა ამ ნაწილში; გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინება აღსრულების შეჩერების შესახებ.
ი. დ-შვილმა შეიტანა საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის როგორც 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილების, ისე 2001 წლირს 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით: დამატებითი გადაწყვეტილება გამოტანილ იქნა მისი დასწრების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ სთხოვა სასამართლოს, არ მიეღო გადაწყვეტილება მის დაუსწრებლად. 2001 წლის 23 აპრილს კი, საქმის ზეპირი განხილვის დროს, სხდომაზე არ შედგა ოქმი. სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელმაც შელახა მისი კანონისმიერი უფლებები გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია, გარდა ამისა საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე მაია სულხანიშვლი, რომელიც ადრე მონაწილეობდა საქმის განხილვაში და მიღებული ჰქონდა მიკერძოებული გადაწყვეტილება, რომელიც კანონის აშკარა დარღვევის გამო გაუქმდა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. უნდა გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება, ხოლო 2001 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმებას, უნდა ეთქვას უარი შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დადგენილია და თავის სასარჩელო განცხადებაშიც მოსარჩელე ი. დ-შვილი განმარტავს, რომ სადავო სახლის ყიდვის შესახებ ზეპირი გარიგება დაიდო მოპასუხე ო. ბ-შვილსა და მოსარჩელე ი. დ-შვილის მამინაცვალ მ. ყ-შვილს შორის. იგივეს ადასტურებს საქმეში წარმოდგენილი მ. ყ-შვილის ახსნა-განმარტება. საქმეში წარმოდგენილია ასევე 2000 წლის 18 მაისს ყ-შვილის მიერ ი. დ-შვილის სახელზე გაცემული მინდობილობა, რომლითაც ყ-შვილი უფლებას აძლევს დ-შვილს აწარმოოს მისი სამოქალაქო საქმე სასამართლოში. ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში მ. ყ-შვილი მოხსენიებულია, როგორც ი. დ-შვილის მარწმუნებელი. ასეთ პირობებში საქმეში მოსარჩელე მხარედ წარმოდგენელი უნდა იყოს არა ი. დ-შვილი, არამედ მ. ყ-შვილი, ხოლო ი. დ-შვილი უნდა იყოს მისი წარმომადგენელი. საქმეში კი, როგორც რაიონულ ისე სააპელაციო სასამართლოში მოსარჩელე არის ი. დ-შვილი, რომელიც ითხოვს თანხის დაბრუნებას, რომელიც მ. ყ-შვილმა გადასცა როგორც ბინის ღირებულების ნაწილი ო. ბ-შვილს. პალატა თვლის, რომ საქმე განხილულია არასათანადო მოსარჩელის მონაწილეობით, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს. რაც შეეხება დამატებით გადაწყვეტილებას პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ თავისი დამატებითი გადაწყვეტილებით სწორად გააუქმა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 21 სექტემბრის განჩინება, რომლითაც შეჩერდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილის გადაწყვეტილების აღსრულება დ-შვილის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ.
ო. ბ-შვილი თავისი სააპელაციო საჩივრის მოითხოვდა ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს როგორც გადაწყვეტილების, ისე განჩინების გაუქმებას, რისი უფლებაც მას ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-3 ნაწილით, “სასამართლოს განხილვის საგანი შეიძლება იყოს, აგრეთვე, სასამართლოს ის განჩინებები, რომლებიც გამოტანილია საქმის პირველ ინსტანციაში განხილვასთან დაკავშირებით და რომლებიც წინ უსწრებს სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანას იმისგან დამოუკიდებლად, დასაშვებია თუ არა მათ მიმართ კერძო საჩივრის შეტანა” ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ ძირითადი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერი თქვა აპელანტის ამ მთხოვნაზე, მან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის “ა” და “გ” პუნქტების შესაბამისად გამოიტანა დამატებითი გადაწყვეტილება, რომლითაც სწორად გააუქმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება, რადგან კანონიერ ძალაში შესული ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 აპრილის აღსრულების აღსრულების შეჩერება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოცემული სასარჩელო მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად. პალატა თვლის, რომ დამატებითი გადაწყვეტილება ამ ნაწილში უცვლელად უნდა დარჩეს, ხოლო სასამართლო ხარჯების ნაწილში უნდა გაუქმდეს, ვინაიდან გაუქმდა ძირითადი გადაწყვეტილება და ხარჯები უნდა განაწილდეს ძირითადი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412 და 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ი. დ-შვილის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება. საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
სასამართლოს ხარჯების დაკისრების ნაწილში გაუქმდეს 2001 წლის 28 ივნისის დამატებითი გადაწყვეტილება. დანარჩენ ნაწილში დამატებითი გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.