Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-863-02 6 სექტემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია, თ. კობახიძე

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა და განაცდური ხელფასის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:

ე. გ-მა, თ. თ-ემ და ნ. რ-მა სარჩელით მიმართეს თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს მოპასუხე ორგანიზაციაში _ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “ენერგოგენერაციაში” სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება შემდეგი საფუძვლით: ე. გ-ი, თ. თ-ეE და ნ. რ-ი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2001წ. 1 ივლისიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე. მუშაობდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “ენერგოგენერაციაში” ...ის თანამდებობაზე. 2001წ. 27 სექტემბერს ე. გ-ი, თ. თ-ე და ნ. რ-ი გაათავისუფლეს სამსახურიდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით. მათი მოთხოვნის მიუხედავად, ადმინისტრაციას არ გადაუცია სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ასლები. ამასთან, მოსარჩელეების, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის_ “ენერგოგენერაციის” პროფესიული კავშირის წევრების, სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი პროფკომიტეტის წინაშე დასმული არ ყოფილა.

მოპასუხე საჯარო სამართლის იურიდიული პირის “ენერგოგენერაციის” წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ე. გ-ი, თ. თ-ე და ნ. რ-ი კანონის დაცვით არიან გათავისუფლებულნი სამუშაოდან. ისინი სამსახურიდან გათავისუფლდნენ შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის “ბ” პუნქტის საფუძველზე, რის შესახებაც მოსარჩელეები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი. გარდა ამისა, ისინი არაჯეროვნად ასრულებდნენ დაკისრებულ მოვალეობებს, რაზეც მეტყველებს ის, რომ ბუღალტერიას 2000წ. ბალანსი არ წარმოუდგენია.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. გ-ის, თ. თ-ისა და ნ. რ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები ე. გ-ი, თ. თ-ეE და ნ. რ-ი ვადიანი შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე 2001წ. 1 ივლისიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “ენერგოგენერაციაში” მუშაობდნენ. ისინი ჯერ კიდევ 30 ივლისს იყვნენ გაფრთხილებულნი დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეების მოსაზრება იმის შესახებ, რომ არ არსებობდა პროფესიული კავშირის თანხმობა მათი გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო. შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო მუშაკის დათხოვნის შეთანხმებას პროფკავშირებთან.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს ე. გ-მა და ნ. რ-მა.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინებით ე. გ-ისა და ნ. რ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 25 დეკემბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელეების გათავისუფლება მოხდა შრომის კანონმდებლობის დაცვით. მათ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო შრომის კანონთა კოდექსის 30-ე მუხლის “ბ” პუნქტი, რა შემთხვევაშიც შრომის კანონმდებლობა არ ითვალისწინებს პროფკავშირებთან შეთანხმებას, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში შრომის ხელშეკრულება წყდება არა ვადამდე, არამედ ვადის გასვლის გამო.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე ე. გ-მა და ნ. რ-მა შეიტანეს საკასაციო საჩივარი, რომლითაც ითხოვენ განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახალი განხილვისათვის დაბრუნებას შემდეგი საფუძვლით: სააპელაციო სასამართლოს არ შეუმოწმებია გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, სამუშაოდან დათხოვნისას დარღვეულ იქნა შრომის კანონთა კოდექსის მოთხოვნები და კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები. ადმინისტრაციამ იმოქმედა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლისა და პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის საწინააღმდეგოდ, პროფკავშირებთან შეთანხმების გარეშე მოახდინეს თანამშრომელთა სამსახურიდან გათავისუფლება, დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის მე-3 თავის მე-18 მუხლის მოთხოვნები, შრომის ხელშეკრულების დადებისას იგნორირება გაუკეთეს ამ მუხლის “ა” ქვეპუნქტს და გააფორმეს მოკლევადიანი კონტრაქტები ისეთ თანამშრომლებთან, რომლებიც წლების განმავლობაში დაკისრებულ მოვალეობებს კეთილსინდისიერად ასრულებდნენ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, კასატორები ე. გ-ი და ნ. რ-ი ვადიანი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე 2001წ. 1 ივლისიდან 2001წ. 1 ოქტომბრამდე მუშაობდნენ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “ენერგოგენერაციაში”. ისინი გათავისუფლდნენ 2001წ. 27 სექტემბერს ¹83, ¹84 და ¹85 ბრძანებების საფუძველზე, შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო. პალატა ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მათი გათავისუფლება უკანონოა, რადგან ისინი გაფრთხილებულები არ ყოფილან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ისინი საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ “ენერგოგენერაციის” ადმინისტრაციამ ჯერ კიდევ 2001წ. 30 ივლისის ¹25/კ ბრძანებით გააფრთხილა დაკავებული თანამდებობიდან მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ადმინისტრაციამ დაარღვია შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი და პროფესიული კავშირების შესახებ კანონის 25-ე მუხლის მე-9 პუნქტი და მათი გათავისუფლება შეთანხმებული არ ყოფილა პროფკავშირებთან. შრომის კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციის შეთანხმებას პროფკავშირებთან იმ შემთხვევაში, თუ მუშაკი თავისუფლდება სამუშაოდან შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლამდე, მოცემულ შემთხვევაში კი კასატორები გათავისუფლდნენ შრომის ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, ასეთს კი კანონი არ ითვალისწინებს. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ე. გ-ი და ნ. რ-ი საჯარო სამართლის იურიდიულ პირ “ენერგოგენერაციაში” მუშაობდნენ ვადიანი შრომის ხელშეკრულების საფუძველზე. პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში კასატორები გათავისუფლდნენ სამუშაოდან შრომის კანონთა კოდექსის მე-18 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლის გამო, რაც ამავე კოდექსის 30-ე მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად შრომის ხელშეკრულების მოშლის საფუძველია.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რისთვისაც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ე. გ-ისა და ნ. რ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 5 აპრილის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.