Facebook Twitter

¹ 3კ/864-01 1 თებერვალი, 2002 წ. , ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ა-ურს დანაშაულით მიყენებული ზიანისათვის დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ანაზღაურება შ. და ს. მ-შვილების სასარგებლოდ.

2000 წლის 30 მაისს ს. ა-ურსა და მის შვილს ნ. ა-ურს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულებით ს. ა-ურის საკუთრებაში, არსებული მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი გადავიდა ნ. ა-ურის საკუთებაში, ხოლო 2000 წლის 7 ივლისს ს. ა-ურსა და მის ვაჟს ვ. ა-ურს შორის დადებული ხელშეკრულებით თბილისში, ... მდებარე სახლი გადავიდა ვ. ა-ურის საკუთრებაში.

შ. და ს. მ-შვილებმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ჩუქების ხელშეკრულებების ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ეს ხელშეკრულებები წარმოადგენენ ზიანის ანაზღაურებისათვის თავის არიდების მიზნით დადებულ მოჩვენებით ხელშეკრულებებს, რათა შეუძლებელი გამხდარიყო გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევა მოცემულ ქონებაზე.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001 წლის 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით შ. და ს. მ-შვილების სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი 2000 წლის 30 ივნისს ს. და ნ. ა-ურებს შორის დადებული მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება, როგორც თვალთმაქცური გარიგება; ს. და შ. მ-შვილებს უსაფუძვლობის გამო უარი ეთქვათ 2000 წლის 7 ივლისს ს. და ვ. ა-ურებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობაზე. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი მოტივებით: მიიჩნია, რომ მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთის ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენდა თვალთმაქცურ გარიგებას, რადგან მიზნად არ ისახავდა საკუთრების უფლების გადასვლას ნ. ა-ურზე. სასამართლომ დადგენილად მიაჩნია, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგაც მიწის ნაკვეთის ფლობას განაგრძობს ს. ა-ური. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ს. და შ. მ-შვილების სარჩელი თბილისში, ... მდებარე ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში, რადგან ჩათვალა, რომ აღნიშნულ ბინაში 15 წლის მანძილზე ფაქტობრივად ცხოვრობს ვ. ა-ური ოჯახით, რის გამოც ჩუქების ხელშეკრულება ვერ ჩაითვლება თვალთმაქცურ გარიგებად, რომელიც მიზნად არ ისახავს ქონების გადაცემას.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ს. და ნ. ა-ურებმა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ს. და ნ. ა-ურებმა, რომლითაც მოითხოვეს განჩინების გაუქმება შემდეგი საუძვლით: სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა. ჩუქების ხელშეკრულება არ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას. აღნიშნული ქონების გასხვისების შედეგად ს. ა-ური არ გამხდარა გადახდისუუნარო და თავს არ არიდებს გადაწყვეტილებით დაკისრებული ზიანის ანაზღაურებას. გასხვისებული მიწის ნაკვეთი არ ყოფილა დაყადაღებული ან უფლებრივად სხვაგვარად დატვირთული, რაც ხელს შეუშლიდა მის გაჩუქებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს. უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ მცხეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ს. ა-ურს დანაშაულით მიყენებული ზიანისათვის შ. და ს. მ-შვილების სასარგებლოდ დაეკისრა 2000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა. გადაწყვეტილება დღეისათვის აღსრულებული არ არის.

2000 წლის 30 ივნისს ს. ა-ურმა დადო ჩუქების ხელშეკრულება თავის ქალიშვილთან ნ. ა-ურთან, რომლითაც მცხეთის რაიონის სოფ. ... მდებარე მიწის ნაკვეთი გადავიდა ნ. ა-ურის საკუთრებაში. რაიონული და სააპელაციო სასამართლოების მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება მიზნად არ ისახავდა მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას ნ. ა-ურისათვის, არამედ წარმოადგენს თვალთმაქცურ გარიგებას, რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადების შემდეგ ნ. ა-ური არ შეუდგა მიწის ნაკვეთის ფლობას, არამედ იგი დარჩა ს. ა-ურის მფლობელობაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის II ნაწილის მიხედვით საოლქო სასამართლოს კოლეგიის ან პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვევაში ს. და ნ. ა-ურების მიერ დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია წამოყენებული არ ყოფილა.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულება წარმოადგენს თვალთმაქცურ გარემოებას, რომელიც მიზნად არ ისახავს ქონების გადასვლას სხვის საკუთრებაში, არამედ დადებულია დაკისრებული ზიანის ანაზღაურებისათვის თავის არიდების მიზნით, რაც სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, წარმოადგენს მისი ბათილობის საფუძველს.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელი უნდა დარჩეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ს. და ნ. ა-ურების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 25 მაისის განჩინება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.