3კ-864 30 დეკემბერი, 2002წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე,
ქ. გაბელაია
დავის საგანი: ანდრძის ბათილად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ.თბილისში ... ბინის მესაკუთრე იყო ლ. ჩ.-ი. 1995წ. 10 იანვარს შედგენილი ანდერძით ჩ.-მ მთელი ქონება, მათ შორის ბინაც დაუტოვა ჟ. მ.-ს.
1995წ. 8 თებერვალს გარდაიცვალა ლ.ჩ.-ი. მისმა შვილმა გ. ვ.-მ სარჩელი შეიტანა სასამრთლოში ჟ. მ.-ის მიმართ ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ. 1997წ. დეკემბერში გ. ვ.-ი გარდაიცვალარის შემდეგაც საქმეში უფლებამონაცვლედ ჩაბმულ იქნა მისი მეუღლე ზ.ვ.-ა.
ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სასამართლო-ფსიქიატრიულ ექსპერტიზის 1999წ. 27 იანვრის აქტის შესაბამისად ლ. ჩ.-ს ანდერძის გაცემის დროს არ შეეძლო სწორად გაეგო თავისი ქმედებების მნიშვნელობა (და) ან ეხელმძღვანელა მათთვის.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1999წ. 14 აპრილის განჩინებით გადაწყვეტილება დატოვებულ იქნა უცვლელად.
საქართველოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 17 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ჟ. მ.-ის საზედამხედველო საჩივარი. ამ საქმეზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება და საკასაციო კოლეგიის განჩინება დარჩა უცვლელად.
2001წ. 26 აპრილს ჟ. მ.-მ განცხადებით მიმართა თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ სასამართლოს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.თბილისის სამგორის რაიონის სასამართლოს 1999წ. 23 თებერვლის გადაწყვეტილების გაუქმების და საქმის წარმოების განახლების შესახებ.
განმცხადებელმა მიუთითა, რომ გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ იხელმძღვანელა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის 1999წ. 27 იანვრის აქტით, რომლის თანახმადაც მოანდერძე ლ. ჩ.-ს ანდერძის გაცემის დროს თავისი ფსიქიკური მდგომარეობით არ შეეძლო სწორად გაეგო თავისი ქმედებების მნიშვნელობა; ექსპერტიზის დასკვნა ემყარება ზ. ვ.-ს მიერ წარდგენილ სამედიცინო რუქას და ცნობას ლ. ჩ.-ის ჯანმრთელობის შესახებ; თბილისის ისანი-სამგორის რაიონის საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის 2001წ. 18 აპრილის დადგენილებით დადასტურდა, რომ ცნობები, რომლებიც დაედო ექსპერტიზის დასკვნას, იყო ყალბი; აღნიშნული გარემოება ცნობილი რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღების დროს, სასამართლო არ დააკმაყოფილებდა სასარჩელო მოთხოვნას.
თბილისის ისანი სამგორის რაიონული სასამართლოს 2001წ. 3 დეკემბრის განჩინებით ჟ. მ.-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ ლ. ჩ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე დოკომენტების გამცემ პირთა მიმართ 2001წ. 31 აგვისტოს გამოტანილია დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ მათ ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არ არსებობის გამო; დოკუმენტებზე სარეგისტრაციო შტამპის არარსებობისა და რეგისტრაციაში გაუტარებლობის შესახებ განმცხადებლისათვის იყო ცნობილი გადაწყვეტილების გამოტანისას, ამიტომ ისინი ვერ ჩაითვლება ახლად აღმოჩენილ გარემოებად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინებით რაიონული სასამართლოს განჩინება დარჩა უცვლელად.
ჟ. მ.-ი საკასაციო საჩივრით ითხოვს სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმებას იმ საფუძვლით, რომ გადაწყვეტილების გამოტანის დროს მისთვის არ იყო ცნობილი დოკომენტების სიყალბის შესახებ და არ ჰქონდა სათანადო მტკიცებულებების წარდგენის საშუალება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრის საფუძვლებს და თვლის, რომ სააპელაციო პალატის განჩინება დატოვებული უნდა იქნეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” პუნქტის თანახმად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით თუ აღმოჩნდება რომ დოკუმენტი, რომელსაც ყველა გადაწყვეტილება ემყარება ყალბია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად საქმის წარმოების განახლება დასაშვებია თუ არსებობს კანონიერ ძალაში შესული სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილი განაჩენი ან თუ სისხლის სამართლის პროცესის დაწყება, ჩატარება ვერ ხორციელდება არა მტკიცებულებათა უკმარისობის, არამედ სხვა რაიმე მიზეზით.
ჟ. მ.-მ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა ისანი-სამგორის რაიონის საგამოძიებო სამსახურის 2001წ. 18 აპრილის დადგენილების საფუძველზე, რომლითაც ლ. ჩ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების შედგენისა და გაცემის დროს დაშვებული დარღვევებისათვის გ. კ.-ის მიმართ არ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სისხლის სამართლის პასუხიგებაში მიცემის ხანდაზმულობის გასვლის გამო, ხოლო ბ.ლ.-ის მიმართ მის ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.
შემდგომში აღნიშნული დადგენილება გაუქმდა. საბოლოოდ 2001წ. 31 აგვისტოს გამოტანილი დადგენილებით უარი ითქვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე გ. კ.-ისა და ბ. ლ.-ის მიმართ, მათ ქმედებაში მართლსაწინააღმდეგო ქმედების არარსებობის გამო.
გამომძიებლის მიერ მიღებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ ვერ დაედება საფუძვლად კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმებას და საქმის წარმოების განახლებას.
ის გარემოებები, რომ ლ.ჩ.-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დოკუმენტების შედგენის და გაცემის დროს დაშვებული იყო ხარვეზები, ჟ. მ.-ისათვის ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანისას. სააპელაციო პალატა სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო საქმის წარმოების განახლების კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ჟ. მ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და გასაჩივრდება.