საქმე # 330802224010197903
საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
№44I-24 ქ. თბილისი
ჩ-ი მ., 44I-24 29 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ლალი ფაფიაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, მერაბ გაბინაშვილი
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–ს (M. C-t) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ს საკასაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.
I. ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში განხორციელებული სისხლისსამართლებრივი პროცედურები:
2015 წლის 3 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო №12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2014/189-2015/97 განაჩენით, მ. ჩ–ი (M. C-t) ცნობილ იქნა დამნაშავედ თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-2-3 მუხლთან ერთობლიობაში 82/1-ა, 81/1 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების (განზრახ მკვლელობის მცდელობა და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მცდელობა) ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის და 6 თვის და 11 წლის და 8 თვის ვადით;
2019 წლის 15 ოქტომბერს თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკასაციო სასამართლოს №1 სისხლის სამართლის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, ზემოაღნიშნული განაჩენი დარჩა ძალაში;
2020 წლის 21 იანვარს თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო # 12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს №2020/32 გადაწყვეტილებით მ. ჩ–სის (M. C-t) მიმართ ზემოაღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელები შეიკრიბა და განისაზღვრა ჯამში 23 წლის და 14 თვის ვადით, თავისუფლების აღკვეთის სახით;
მ. ჩ–ი (M. C-t) მითითებული სასჯელის მოხდის მიზნით მოთავსებული იყო შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში 2014 წლის 7 იანვრიდან 2014 წლის 5 მაისამდე და 2014 წლის 28 მაისიდან 2020 წლის 16 იანვრამდე, მის მიერ საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევამდე. საპატიმრო დაწესებულებაში გატარებული მითითებული ვადის გათვალისწინებით, მ. ჩ–მა (M. C-t) საპატიმრო დაწესებულებაში უნდა გაატაროს 6 წელი 6 თვე და 20 დღე, რის შემდგომაც შესაძლოა მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება;
2024 წლის 26 აპრილს თურქეთის რესპუბლიკის ანკარას რესპუბლიკური მთავარი პროკურატურის მიერ გამოცემულია მ. ჩ–ს (M. C-t) დაკავების ბრძანება;
2024 წლის 13 მაისიდან მ. ჩ–ი (M. C-t) იძებნება ინტერპოლის წითელი ცირკულარით.
2. მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ საქართველოში განხორციელებული საექსტრადიციო პროცედურები:
2024 წლის 13 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე დააკავეს თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჩ–ი (M. C-t);
2024 წლის 15 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ჩ–ს (M. C-t) შეეფარდა საექსტრადიციო პატიმრობა 3 თვის ვადით;
2024 წლის 20 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინაშე მ. ჩ–მა (M. C-t უარი განაცხადა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციაზე;
2024 წლის 15 ივლისს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიღებულ იქნა მ. ჩ–სის (M. C-t ) ექსტრადიციის თაობაზე თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების შუამდგომლობა და შესაბამისი თანდართული დოკუმენტები;
2024 წლის 10 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობის ვადა გაგრძელდა 3 თვით, 6 თვემდე - 2024 წლის 13 დეკემბრამდე;
ამჟამად მ. ჩ–სი (M. C-t) მოთავსებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციურ დაწესებულებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
2013 წლის 27 ნოემბერს, თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მ. ჩ–სი (M. C-t) და მისი თანამონაწილე მ. ა–იი მივიდნენ შემთხვევის ადგილზე დაზარალებული პირის - ი.ზ. ჰ–ს მოკვლის მიზნით. მ. ჩ–ი (M. C-t) მართავდა ავტომანქანას, ხოლო ავტომანქანაში მყოფმა მ. ა–მა ცეცხლსასროლი იარაღიდან შვიდჯერ გაისროლა ი. ზ. ჰ–ს მიმართულებით. აღნიშნული სროლის შედეგად დაიჭრა და სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო ო–მა. დანაშაულებრივი ქმედებების განხორციელების შემდგომ მ. ჩ–ი (M. C-t) და მ. ა–ი მ. ჩ-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან.
4. 2024 წლის 11 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა და მოითხოვა, დასაშვებად იქნეს ცნობილი მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია, მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო N12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის N2020/32 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით.
5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორ ნანიკო ზაზუნაშვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო №12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის №2020/32 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით;
6. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–სის (M. C-t) ადვოკატი ა. გ–იი საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინების გაუქმებასა და მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას, შემდეგ გარემოებათა გამო:
6.1. მ. ჩ–სს (M. C-t) იმ დანაშაულისათვის დანიშნული სასჯელი, რომლისთვისაც მოითხოვება ექსტრადიცია მოხდილი აქვს – 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, კანონით დადგენილ ვადასა და წესით გათავისუფლდა პატიმრობიდან და კანონიერი გზით ჩამოვიდა საქართველოში. დაცვის მხარის შეფასებით თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ მ. ჩ–სის (M. C-t) ექსტრადიცია მოთხოვნილია არა იმ საქმის გამო, რაზეც მითითებულია საექსტრადიციო მოთხოვნებში, არამედ სულ სხვა მიზნით – მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ ქმედებებში მხილების თავიდან ასაცილებლად. კასატორის მტკიცებით, მ. ჩ–სის (M. C-t) და მისი თანამზრახველების სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ერთ-ერთმა თანამზრახველმა მედიაში გაავრცელა ინფორმაცია დანაშაულის დამკვეთთა ვინაობის შესახებ, რასაც მოჰყვა მ. ჩ–სა (M. C-t) და მისი თანამზრახველების მიმართ ძებნის გამოცხადება სასჯელთა მოუხდელი ნაწილის საბაბით.
7. დაცვის მხარის საკასაციო საჩივარზე საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს პროკურორმა ნანიკო ზაზუნაშვილმა წარმოადგინა გენერალური პროკურატურის პოზიცია და ითხოვა მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ გამოტანილი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინების უცვლელად დატოვება.
II. ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
1. საკასაციო სასამართლო ითვალისწინებს ზედა ინსტანციის სასამართლოების უფლებას, დაეთანხმონ ქვედა ინსტანციის სასამართლოს დასაბუთებას, საფუძვლების გამეორების გარეშე (იხ., Hirvisaari v. Finland, no.49684/99, §30, ECtHR, 25/12/2001).
2. სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. სასამართლო სრულად იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მოტივაციას და მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ექსტრადიციის დამაბრკოლებელი გარემოებები, კერძოდ: დაცულია ორმაგი დანაშაულებრიობის, პარალელური წარმოების აკრძალვისა და ორმაგი დასჯის აკრძალვის პრინციპები, ხანდაზმულობის ვადა, მოქალაქეობისა და ლტოლვილობის შესახებ წესები და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები.
4. თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი მ. ჩ–ი (M. C-t) 2024 წლის 13 ივნისს დააკავეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე. წარმოდგენილი საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ როგორც დაკავებისას, ისე საექსტრადიციო პატიმრობაში ყოფნის პერიოდში მის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და საერთაშორისო ხელშეკრულებებით საქართველოს მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებები არ დარღვეულა.
5. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია, როგორც საქართველოს, ისე თურქეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის მიხედვით და ორივე შემთხვევაში სასჯელის სახით გათვალისწინებულია, სულ მცირე, ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა, კერძოდ:
5.1. შუამდგომლობაში აღწერილი ქმედებები დასჯადია: თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 53/1-2-3 მუხლთან ერთობლიობაში 82/1-ა, 81/1 მუხლებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა და შეკვეთით განზრახ მკვლელობის მცდელობა). ამასთან, მ. ჩ–ს (M. C-t) სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 4 თვეზე მეტი ვადით (კერძოდ, თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო N12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის N2014/189-2015/97 განაჩენით სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა – 12 წლითა და 6 თვით და 11 წლითა და 8 თვის ვადით, რომელიც 2020 წლის 21 იანვრის თურქეთის რესპუბლიკის ანკარას N12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს N2020/32 გადაწყვეტილებით შეიკრიბა და ჯამში განესაზღვა 23 წლითა და 14 თვით თავისუფლების აღკვეთა (რომლის ნაწილი მოხდილი აქვს და საპატიმრო დაწესებულებაში უნდა გაატაროს 6 წელი, 6 თვე და 20 დღე, რის შემდგომაც შესაძლოა მოიპოვოს პირობით გათავისუფლების უფლება)).
5.2. მითითებული ქმედებები, საქართველოს იურისდიქციის ქვეშ ჩადენის შემთხვევაში, დასჯადი იქნებოდა სულ მცირე საქართველოს სსკ-ის 19,109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობა) და საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი ჯგუფურად), რისთვისაც მაქსიმალური სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრულია, შესაბამისად, თავისუფლების აღკვეთა – 20 წლამდე და 13 წლამდე.
6. ,,ექსტრადიციის შესახებ” 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-10 მუხლის თანახმად, ექსტრადიცია არ განხორციელდება, თუ ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაული ან მის მიმართ გამოტანილი განაჩენი ხანდაზმულია ექსტრადიციის შესახებ თხოვნის გამგზავნი ან თხოვნის მიმღები ქვეყნის კანონმდებლობის მიხედვით. ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის შესაბამისად, ექსტრადიცია არ დაიშვება, თუ გასულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა, რომელიც პირს ათავისუფლებს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან ან სასჯელის მოხდისგან. მოცემულ შემთხვევაში:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-12 მუხლის თანახმად, დანაშაულებრივი ქმედებები, რომელთა ჩადენისთვისაც მსჯავრდებულია მ. ჩ–ი (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში, განეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირი თავისუფლდება სასჯელის მოხდისაგან, თუ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი არ აღსრულებულა 15 წელში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდების დროს. ხანდაზმულობის ვადის დინება შეჩერდება, თუ მსჯავრდებულმა თავი აარიდა სასჯელის მოხდას. ხანდაზმულობის ვადაში ჩაითვლება სასჯელის მოხდისაგან თავის არიდებამდე გასული დრო მ. ჩ–ს (M. C-t) საპატიმრო დაწესებულებიდან გაქცევამდე (17/08/2023 წელს). ამასთან, 2024 წელს გამოცემული მ. ჩ–ს (M. C-t) დაკავების ბრძანება. შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული განაჩენის აღსრულების ვადა არ არის გასული.
6.2. თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად, მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე განაჩენთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. ხანდაზმულობის ვადა იწურება 2043 წლის 17 აგვისტოს, ვინაიდან მსჯავრდებული სასჯელაღსრულების ღია დაწესებულებიდან გაიქცა 2023 წლის 17 აგვისტოს – სასჯელის აღსრულების პერიოდში.
7. დანაშაულებრივი ქმედება, რომლისთვისაც მოითხოვება მ. ჩ–ს (M. C-t) ექსტრადიცია, არ ექცევა საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში. მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულისათვის არ მიმდინარეობდა და არ მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი საქართველოში. ამდენად, ექსტრადიციის შემთხვევაში არ დაირღვევა პარალელური წარმოების აკრძალვისა და non bis in idem პრინციპები.
8. საქართველოს კონსტიტუციის 32-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქის უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემა დაუშვებელია, გარდა საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამასთან, ,,ექსტრადიციის შესახებ“ 1957 წლის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე სახელმწიფოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარი მოქალაქის ექსტრადიციაზე.
8.1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურიდან მიღებული მონაცემებით დასტურდება, რომ მ. ჩ–ი (M. C-t) არ ითვლება საქართველოს მოქალაქედ. მ. ჩ–ი (M. C-t) არის თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე.
8.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მ. ჩ–ს (M. C-t) 2024 წლის 26 ივლისს უარი ეთქვა როგორც ლტოლვილის, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე. მოცემული გადაწყვეტილების მ. ჩ–ს (M. C-t) მიერ გასაჩივრების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი არ არის.
8.2.1. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს ერთი მხრივ იმ გარემოებას, რომ საჩივრის განხილვის მომენტში მ. ჩ–ი (M. C-t) არ სარგებლობს ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსით საქართველოში - შესაბამისად, არ არსებობს არც ,,ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლისა და ,,სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ექსტრადიციაზე უარის თქმის საფუძველი (ვინაიდან მ. ჩ–ს (M. C-t) არ აქვს მიცემული თავშესაფარი და იგი არ არის საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირი) და მეორე მხრივ იმ გარემოებას, რომ ლტოლვილის/ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) არ აფერხებს ექსტრადიციის დასაშვებობის განხილვას.
9. კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის დაუშვებლად ცნობას მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში არსებული ინტერესიდან გამომდინარე. დაცვის მხარის განმარტებით, მ. ჩ–ს (M. C-t) ექსტრადიცია მოთხოვნილია არა იმ საქმის გამო, რაზეც მითითებულია საექსტრადიციო მოთხოვნებში, არამედ სულ სხვა მიზნით – მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირთა დანაშაულებრივ ქმედებებში მხილების თავიდან ასაცილებლად.
10. სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, ვინაიდან კასატორი თავისი მოთხოვნის დასაბუთებისთვის არ უთითებს არც ერთ კონკრეტულ არგუმენტს ან/და რელევანტურ მტკიცებულებას, რაც დაადასტურებდა მ. ჩ–ს (M. C-t) გადაცემის მოთხოვნაში პოლიტიკური მიზეზების არსებობის საფრთხის რეალურობას. აღნიშნულთან მიმართებით ინფორმაცია ან/და მტკიცებულებები ვერც გენერალურმა პროკურატურამ მოიძია.
10.1. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს, რომ საექსტრადიციო მასალების თანახმად, მ. ჩ–ს (M. C-t) 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა პატიმრობაში ექსტრადიციის ქვემდებარე დანაშაულებთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის შესაბამის საპატიმრო დაწესებულებაში და ამ პერიოდში მისი უფლებების დარღვევის თაობაზე რაიმე მტკიცებულება მხარეების მიერ არ იქნა წარმოდგენილი.
10.2. სასამართლო ითვალისწინებს, რომ თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე სამართალწარმოებისას მ. ჩ–ს (M. C-t) წარმოდგენილი იყო მისი უფლებების დამცველი ადვოკატით. ასევე, დაცვის მხარემ ისარგებლა განაჩენის ზემდომ სასამართლო ინსტანციაში გასაჩივრების უფლებით.
11. ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტის თანახმად, ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის მიმართ უფლებების დარღვევის საფრთხე დადასტურებული უნდა იყოს კონკრეტული მტკიცებულებებით (იხ.Mamatkulov and Askarov v. Turkey, no46827/99, 46951/99,par.72-73, ECtHR, 04/02/2005, K. v. Russia, no 69235/11, par.58, ECtHR, 23/05/2013), რომლებიც ადასტურებს, რომ ექსტრადიციას დაქვემდებარებულ პირთან დაკავშირებული კონკრეტული გარემოებებიდან გამომდინარე, პირს ექსტრადიციის შემთხვევაში ემუქრება კონვენციით გათვალისწინებული უფლებების დარღვევის საფრთხე (იხ. Shamayev and Others v. Georgia and Russia, no36378/02, par. 52, ECtHR, 12/04/2005).
12. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ ადამიანის უფლებების სფეროში ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს ინდივიდუალური საჩივრისა და მონიტორინგის მექანიზმებში თურქეთის რესპუბლიკის მონაწილეობის შესახებ, რაც ერთობლივად მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიებს ქმნის თურქეთის რესპუბლიკაში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევების პრევენციის კუთხით. აღნიშნულ მექანიზმებს შორისაა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, წამების წინააღმდეგ გაეროს კომიტეტი და პრევენციის ეროვნული მექანიზმი.
13. სასამართლო ასევე ითვალისწინებს თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილ გარანტიას, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ჩ–ს (M. C-t) უფლებები და უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იქნება და კვლავაც აღნიშნავს, რომ ევროპული სასამართლო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს იმ გარემოებას, რომ გარანტიები მომდინარეობს კონვენციის წევრი ქვეყნისგან, რომელსაც ნაკისრი აქვს ვალდებულება, პატივი სცეს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს (Zarmayev v Belgium, no. 35/10, §113, ECtHR, 27/02/2014; Gasayev v Spain, no. 48514/06, ECtHR, 17/02/2009; Chentiev and Ibragimov v Slovakia, nos. 21022/08, 51946/08, ECtHR, 14/09/2010); გარანტიები გაცემულია სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მიერ (Chahal v.The United Kingdom, no 22414/93, paras 105-107, ECHR, 15/10/1996; Shamayev and Others v. Georgia and Russia, no. 36378/02, §344, ECHR, 12/10/2005).
14. იმავდროულად, სასამართლო ითვალისწინებს, რომ მართალია პირველ რიგში უნდა შეფასდეს მიმღებ სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაცია და შესაბამისად, ყურადღება გამახვილდეს მიმღებ სახელმწიფოში ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობაზე (იხ: Sufi and Elmi v. the United Kingdom, nos. 8319/07 და 11449/07, ECtHR, par.216, 28/06/2011), თუმცა ზოგადი ძალადობრივი გარემოს არსებობა იმთავითვე არ იწვევს მე-3 მუხლის დარღვევას. სასამართლო ითვალისწინებს, რომ ევროპული სასამართლოს განმარტებით, მომთხოვნი სახელმწიფოსთვის პირის გადაცემა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას იწვევს მხოლოდ „იმ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც არასათანადო მოპყრობის რეალური საფრთხე მხოლოდ იმ პირთან მიმართებით არსებობს, რომელიც მიმღებ სახელმწიფოში დაბრუნების შემთხვევაში დაექვემდებარება ამგვარ ძალადობას (NA. v. the United Kingdom, no. 25904/07, ECtHR, par. 115, 17/07/ 2008; Khasanov and Rakhmanov v. Russia, nos. 28492/15 and 49975/15, ECtHR, 29/04/2022).
15. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „არ არსებობს არსებითი საფუძვლები ვარაუდისათვის“, რომ თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში არსებობს მ. ჩ–ს (M. C-t) უფლებების დარღვევის საფრთხე. აღსანიშნავია, რომ მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ საექსტრადიციო პროცედურის წარმოების დაწყებიდან დღემდე (მათ შორის მტკიცებულებათა გაცვლის ბოლო ეტაპზე), დაცვის მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება/ინფორმაცია მ. ჩ–სის (M. C-t) ფუნდამენტური უფლებების დარღვევის საფრთხის რეალურობის დასადასტურებლად.
16. „სასამართლო არ ივიწყებს არც ექსტრადიციის ფუნდამენტური მიზნის მნიშვნელობას, რაც გულისხმობს გაქცეული დამნაშავეების მიერ მართლმსაჯულებისგან თავის არიდების პრევენციას“ (Trabelsi v Belgium, no.140/10, par.11, ECtHR, 04/09/2014; Soering v UK, §86 ECtHR, 07/07/1989).
17. მიუხედავად იმისა, რომ კასატორი ექსტრადიციის დასაშვებობაზე უარის თქმის მიზეზად არ უთითებს თურქეთის რესპუბლიკაში მ. ჩ–ს (M. C-t) მიმართ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული უფლების დარღვევის საფრთხეზე, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ასევე შეისწავლა და თბილისის საქალაქო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების მიღებისას შეამოწმა მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის შემთხვევაში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის (სამართლიანი სასამართლოს უფლება) დარღვევის საფრთხის არსებობა (საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის რაიმე მტკიცებულება რაც დაადასტურებდა/მიუთითებდა ექსტრადიციის შემთხვევაში მ. ჩ–სის (M. C-t) მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში სისხლის სამართალწარმოებაში სამართლიანი სასამართლოს უფლების „აშკარა“ დარღვევის საფრთხეზე).
18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება, რომლითაც დასაშვებად იქნა ცნობილი მ. ჩ–ს (M. C-t) თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიცია მის მიმართ თურქეთის რესპუბლიკის ანკარას საქალაქო №12 მძიმე სისხლის სამართლის სასამართლოს 2020 წლის 21 იანვრის №2020/32 გადაწყვეტილებით დადგენილი სასჯელის დარჩენილი ნაწილის მოხდის მიზნით კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
III. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ექსტრადიციას დაქვემდებარებული პირის - მ. ჩ–ს (M. C-t) ინტერესების დამცველი ადვოკატის - ა. გ–ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ლ. ფაფიაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
მ. გაბინაშვილი