Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

№481-24 29 ოქტომბერი, 2024 წელი

ბ-ი ზ, 481-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე)

შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენით ზ. ბ-ი, დაბადებული ---- წელს, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა) და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც, სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის შესაბამისად, დამატებით სასჯელად დაეკისრა ჯარიმა – 3000 ლარი და „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, 3 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 5 წლით – საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლებები; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

2. 2024 წლის 8 ოქტომბერს გორის რაიონულმა სასამართლომ სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის პრობაციის ბიუროდან, „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ ზ. ბ-ის პირადი საქმე.

3. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინებით მსჯავრდებულ ზ. ბ-ის მიმართ ნაწილობრივ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონი, კერძოდ: „ამნისტიის შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის 1-ელი პუნქტის თანახმად, ზ. ბ-ი გათავისუფლდა გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული 3 წლით პირობითი მსჯავრისა და გამოსაცდელი ვადისაგან; გორის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 10 მაისის განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად.

4. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინების თაობაზე მსჯავრდებულმა ზ. ბ-მა საჩივრით მომართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას. კასატორი ითხოვს ამნისტიის გავრცელებას ასევე დამატებით სასჯელზეც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

1. საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

2. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონის 1-ელი მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა) გათვალისწინებული დანაშაული. ამავე კანონის მე-9 მუხლის 1-ელი ნაწილის შესაბამისად, „ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება… ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა)“.

3. აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2024 წლის 17 სექტემბრის კანონით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ ზ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გორის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 15 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი

მოსამართლეები: შ. თადუმაძე

ნ. სანდოძე