Facebook Twitter
3კ-868-02

3კ-868-02 19 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. გოგიშვილი (თავმჯდომარე),

რ. ნადირიანი,

მ. წიქვაძე

სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. და ვ. მ.-ეებმა სარჩელით მიმართეს სასამართლოს მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვეს ვალის დაბრუნება 7239 ლარის ოდენობით. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად ნ. მ.-ე მიუთითებდა, რომ 1985 წელს მოპასუხემ მისი მეუღლისგან ისესხა 1600 მანეთი, ხოლო 1988 წელს მოპასუხის აწ გარდაცვლილმა მეუღლემ ისესხა 15000 მანეთი, სულ მოპასუხის ვალმა შეადგინა 16600 მანეთი, რომელიც უნდა დაებრუნებინა 1988წ. სექტემბერში, მაგრამ ვადაში ვერ გადაიხადა და ითხოვდა დროს. 1992წ. 1 ივნისს მოპასუხემ მოუტანა ვალი 30000 მანეთის ოდენობით. აღნიშნული თანხა მან არ მიიღო იმ მოტივით, რომ მანეთი გაუფასურებული იყო და მოითხოვა კურსის ცვლილების შესაბამისად ვალის დაბრუნება, მაგრამ მოპასუხემ აღნიშნული თანხა დატოვა მაგიდაზე. მოსარჩელემ რაიონული სასამართლოს სხდომაზე გაზარდა მოთხოვნა და საბოლოოდ მოითხოვა 8260 ლარის გადახდა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ ვალი დაბრუნებული ჰქონდა.

აღნიშნული საქმე მრავალგზის იქნა განხილული, ბოლოს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 7 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებას რაიონულმა სასამართლომ საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. მ.-მ.

სააპელაციო პალატამ მოპასუხის აღიარების საფუძველზე დადგენილად ცნო, რომ მოპასუხის აწ გარდაცვლილმა მეუღლემ მოსარჩელის აწ გარდაცვლილი მეუღლისაგან 1988წ. ზაფხულში ისესხა 14000 მანეთი, ხოლო 2600 მანეთის ნაწილში სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნა წერილობითი მტკიცებულებების არარსებობის გამო არ გაიზიარა.

მხარეების განმარტების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს 1992წ. ივნისის თვეში დაუბრუნა 30000 მანეთი, ხოლო სხვა თანხების დაბრუნების შესახებ მოპასუხის განმარტება არ გაიზიარა, რადგან არ არსებობდა დაბრუნების დოკუმენტი.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობის საფუძველზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 1988 წელს 14000 მანეთი 2001წ. 1 მარტისათვის შეადგენდა 9464 ლარს, ხოლო 1992წ. თებერვლის 30000 მანეთი _ 7364 ლარს, სხვაობა ვალსა და შესრულებას შორის _ 2100 ლარს.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული, რადგან მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის გამო 1997წ. 6 ნოემბერს გამოტანილი იყო გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომ საზედამხედველო წესით გაუქმდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების გამოტანით შეწყდა სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება. შეწყვეტის შემდეგ კი ხელახლა დაიწყო ვადის მიმდინარეობა და სამწლიანი ვადა დასრულდებოდა 2000წ. 6 ნოემბერს. სარჩელი კი შეტანილია 2000წ. 30 მარტს.

სააპელაციო პალატამ 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილებით გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ნ. მ.-ის სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ; მ. ვ.-ს ნ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 2100 ლარის გადახდა. გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლად სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ. რედაქციის) 83-ე, 228-ე და 391-ე მუხლები, ასევე სსკ-ს 102-ე და 131-ე მუხლები.

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ნაწილობრივ და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხისათვის დამატებით 7138 ლარის დაკისრებას.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სკ-ს 389-ე მუხლი და არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ მოპასუხემ 30000 მანეთი დააბრუნა 1992წ. ივნისის თვეში, სინამდვილეში მან აღნიშნული თანხა დააბრუნა სექტემბრის თვეში. კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა გადასახდელი თანხის ოდენობა.

მ. ვ.-მ შეგებებული საკასაციო საჩივრით მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქმა.

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა სკ-ს (1964 წ. რედაქციით) 84-ე მუხლი, რომელიც უნდა გამოეყნეებინა.

საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 1997წ. 2 ივნისს, ე.ი. სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რაც სარჩელზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრების საფუძველები და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილევლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსკ-ს 394-ე მუხლის “ე" პუნქტის თანახმად გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, ან დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

მოცემულ საქმეზე სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოცემულ ვადაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. საკასაციო პალატა თვლის, რომ სასამართლოს მითითებული დასკვნა იმდენად დაუსაბუთებულია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.

სამოქალაქო სამართლის კოდექსის (1964წ.) მე-80 მუხლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა იწყება სარჩელის უფლების წარმოშობის დღიდან, სარჩელის უფლება წარმოიოშობა იმ დღეს, როდესაც პირმა შეატყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევა. ამავე კოდექსის 83-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის მიმდინარეობა წყდება დადგენილი წესით სარჩელის აღძვრით, ხოლო მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სარჩელი სასამართლოს მიერ განუხილველად არის დატოვებული, მაშინ სარჩელის აღძვრამდე დაწყებული სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა გრძელდება საერთო წესით.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული ისე, რომ არ გამოიკვლია ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები. კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია თუ როდის დაიწყო სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დინება და როდის შეწყდა ამ ვადის მიმდინარეობდა.

საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება და გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი უნდა ჩამოაყალიბოს სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ე.ი. უნდა მიუთითოს იმ მტკიცებულებებზე, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს ამ საქმეზე თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 2 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.