Facebook Twitter

საქმე N 330141224010148329

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №511-24 31 ოქტომბერი, 2024 წელი

გ–ე ი., N511-24 თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის

საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო სანდოძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, შალვა თადუმაძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ ი. გ–ეის საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2024 წლის 4 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიას შუამდგომლობით მიმართა სპეციალური პენიტენციური სამსახურის №.. პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა, რომელმაც მოითხოვა ი. გ–ეის მიმართ ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის გამოყენება.

2. საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენით, ი. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტითა და ამევე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით (გასაღების ეპიზოდებში) წარდგენილი ბრალდებებით.

ი. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა‘‘ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლით.

ი. გ–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდა დაეწყო 2018 წლის 22 აგვისტოდან.

ი. გ–ს, ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საადვოკატო, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე, აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება ჩამოერთვა 10 წლით.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 21 მაისის განაჩენში შევიდა ცვლილება, ი. გ–ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ავტომობილისა და პირადი ჩხრეკისას ამოღებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის ეპიზოდში) და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გ. შ–ზე უკანონოდ გასაღების ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდებებით (საქართველოს სსკ-ის 2021 წლის 21 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია).

ი. გ–ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გ. შ–ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის ეპიზოდში) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამნისტიის შესახებ 2021 წლის 11 იანვრის საქართველოს კანონის შესაბამისად, შეუმცირდა ¼-ით და განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომლის ათვლა დაეწყო 2018 წლის 22 აგვისტოდან.

ი. გ–ს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის, საადვოკატო, პედაგოგიურ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში საქმიანობის, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის, სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის, პასიური საარჩევნო, იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 10 წლით – საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლებები.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 29 სექტემბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ი. გ–ს ადვოკატ ტ. კ–სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი პროკურორის - ვახტანგ ცალუღელაშვილის საკასაციო საჩივრები არ იქნა დაშვებული განსახილველად.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით, მსჯავრდებულ ი. გ–ს ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე 1/4-ით შეუმცირდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული ძირითადი სასჯელი 6 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან (ცნობად იქნა მიღებული, რომ ამნისტიის შესახებ საქართველოს 2022 წლის 12 აპრილის კანონის საფუძველზე, სასჯელის (ვადიანი თავისუფლების აღკვეთა) მოსახდელი ნაწილი შეუმცირდა 75 დღით).

ი. გ–ს მიმართ არ იქნა გავრცელებული ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლოს შესახებ საქართველოს კანონით ჩამორთმეული უფლებების აღდგენის შეღავათი. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

6. ი. გ–მ საჩივრით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინებაში ცვლილების შეტანა და მისთვის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით ჩამორთმეული მართვის უფლების აღდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, პირს, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაული და რომელზედაც ვრცელდება ამ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედება, სასჯელისგან გათავისუფლებასთან ერთად, სასამართლოს გადაწყვეტილებით აღუდგება ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები (გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა).

3. მოცემულ შემთხვევაში, ი. გ–ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2022 წლის 14 მარტის განაჩენით მსჯავრი დაედო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის საფუძველზე შეუმცირდა დანიშნული სასჯელი. მის მიმართ არ გავრცელებულა ამ კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის მოქმედება და არ გათავისუფლებულა სასჯელისგან. ამდენად, ვინაიდან იგი არ არის სასჯელისგან გათავისუფლებული პირი, მის მიმართ ვერ გავრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტი და მას არ უნდა აღუდგეს ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები.

4. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი. გ–ს საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ამნისტიის შესახებ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ი. გ–ს საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 ოქტომბრის განჩინება დარჩეს უცვლელად;

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნინო სანდოძე

მოსამართლეები: მერაბ გაბინაშვილი

შალვა თადუმაძე