საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
საქმე №19აგ-24 თბილისი
ვ-ი ვ., 19აგ-24 10 ოქტომბერი, 2024 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მერაბ გაბინაშვილი (თავმჯდომარე),
შალვა თადუმაძე, ნინო სანდოძე
ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ას საკასაციო საჩივარი ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენით დამტკიცდა პროკურორსა და ვ. ვ-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება. ვ. ვ-ი, დაბადებული ---, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და ამავე კოდექსის 55-ე მუხლის გამოყენებით – 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; 220-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; 337-ე მუხლით – 1 წლით თავისუფლების აღკვეთა; სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ვ. ვ-ს განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ამავე კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. მასვე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 509-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩამოერთვა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონება.
2. 2024 წლის 5 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო შუამდგომლობით მიმართა ვ. ვ-ის ადვოკატმა – ჯ. შ-მ, რომელმაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2005 წლის 18 ნოემბრის განაჩენის გადასინჯვა და მისი გამართლება. შუამდგომლობაში ადვოკატმა მიუთითა, რომ ვ. ვ-ს დანაშაული არ ჩაუდენია, რასაც, მისივე მოსაზრებით, საქმეში არსებულ გარემოებებთან ერთად ადასტურებს იმავე საქმეში ვ. ვ-ის თანამონაწილე ა. პ-ას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის გამამართლებელი განაჩენის დადგენა.
3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინებით ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ს შუამდგომლობა ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის თაობაზე დაუშვებლად იქნა ცნობილი.
4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ. ვ-ის ადვოკატმა – ჯ. შ-მ, რომელიც სააპელაციო სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული საფუძვლებითა და არგუმენტებით ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებასა და სააპელაციო სასამართლოსათვის მითითებას, რომ დაუშვას მისი შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შეამოწმა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და დაასკვნა, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 310-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენი გადაისინჯება, თუ წარმოდგენილია ახალი ფაქტი ან მტკიცებულება, რომელიც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად, თუ სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულის უდანაშაულობას ან მის მიერ იმ დანაშაულზე უფრო მსუბუქი ან უფრო მძიმე დანაშაულის ჩადენას, რომლისთვისაც მას მსჯავრი დაედო, აგრეთვე ამტკიცებს გამართლებულის ბრალეულობას ან დანაშაულის იმ პირის მიერ ჩადენას, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვეტილი იყო.
3. საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ საქმის გარემოებები, საქმეში არსებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, სამართლებრივად სწორად შეაფასა და მართებულად ცნო დაუშვებლად ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ს შუამდგომლობა, ვინაიდან შუამდგომლობასა და საკასაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ ახლადგამოვლენილ გარემოებას, რაც შეიძლება გახდეს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის გადასინჯვის საფუძველი. კერძოდ: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2021 წლის 2 თებერვლის განაჩენით გამართლებულ ა. პ-სთან მიმართებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები განსხვავდება ვ. ვ-ის მიმართ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისაგან; ხოლო ადვოკატის მიერ მითითებული სხვა გარემოებები საქმის არსებითი განხილვისას შესაფასებელია. მსჯავრდებულს აღნიშნულ გარემოებებზე უნდა ედავა სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, ხოლო ამ მოცემულობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შესახებ შუამდგომლობის განხილვისას, მათი შეფასების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, რომ ვ. ვ-მა წარდგენილი ბრალდებებისათვის თავი დამნაშავედ ცნო და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგა საპროცესო შეთანხმების დადების საფუძველზე.
4. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერი და დასაბუთებულია, რომლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც, იგი უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტის განჩინება ვ. ვ-ის ადვოკატ ჯ. შ-ს შუამდგომლობის დაუშვებლად ცნობის თაობაზე დარჩეს უცვლელად;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. გაბინაშვილი
მოსამართლეები: შ. თადუმაძე
ნ. სანდოძე