Facebook Twitter

3კ-872-02 27 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. ახალაძეE (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,

თ. კობახიძე

დავის საგანი: გარიგების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

რ. ო.-მ სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მას და მოპასუხეს შორის დადებული გარიგების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მათ შორის 1998 წლის აგვისტოში დაიდო სესხის წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც ი. ბ.-მ გადასცა 500 აშშ დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების დღეს, 1998 წლის 21 აგვისტოს, რ. ო.-მ მინდობილობა გასცა ი. ბ.-ეს სახელზე, რომლითაც მას მიენიჭა უფლება გაესხვისებინა მისი კუთვნილი სახლი, მდებარე ... რუსთავში. მინდობილობის ვადა ერთი წლით და ერთი თვის ვადით განისაზღვრა. 1998 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ბ.-ემ თავის დას თ. ბ.-ს მიჰყიდა რ. ო.-ის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული ბინა.

რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის პროცესში რ. ო.-მ გაზარდა თავის სასარჩელო მოთხოვნა და დამატებით მოითხოვა, რომ ბათილად იქნეს ცნობილი მას და ი. ბ.-ს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, რ. ო.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

რ. ო.-მ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილებით, რ. ო.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 6 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაუქმდა და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება: რ. ო.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი რ. ო.-ის მინდობილობა, გაცემული 1998 წლის 21 აგვისტოს ი. ბ.-ზე რუსთავში, ... მდებარე ბინის გასხვისების შესახებ; რ. ო.-ის სარჩელი ი. ბ.-სა და თ. ბ.-ს შორის 1999 წლის 18 სექტემბერს დადებული ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის და რ. ო.-სა და ი. ბ.-ს შორის 1998 წლის 21 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დასაბუთებულია შემდეგით:

სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება დასაბუთებულია იმით, რომ სესხის ხელშეკრულება არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო გარიგებას, იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის მარეგულირებელ ნორმებს შეიცავს სკ-ს 623_628 მუხლები.

სკ-ს 56-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები.

სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად გამოყენებული იქნა ბინა _ უძრავი ნივთი. სკ-ს 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ისე იქნეს გამოყენებული, რომ კრედიტორს მიეცეს უფლება სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთიდან. იპოთეკა ამავე კოდექსის 289-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოიშობა საჯარო რეესტრში რეგისტრაციის შედეგად. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ რ.ო.-ის მიერ ი.ბ.-ეზე გაცემული მინდობილობა ბინის გასხვისებაზე, როგორც თვალთმაქცური გარიგება, უნდა ჩაითვალოს ბათილად, მაგრამ იპოთეკის წესები მასზე ვერ გავრცელდება, ვინაიდან იპოთეკა არ წარმოშობილა, რადგანაც აღნიშნული არ ყოფილა რეგისტრირებული საჯარო რეესტრში.

რ.ო.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა იმ საფუძვლით, რომ სსკ-ს 249-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღნიშნულიყო კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა ამ გადაწყვეტილების მიღებისას, ანუ გადაწყვეტილება უნდა იყოს იურიდიულად დასაბუთებული. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ არის მითითებული, თუ რა კანონების გამოყენებით არის იგი მიღებული.

სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით მისთვის მინიჭებული უფლებები და თვითონ მიიღი გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე. სკ-ს 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რ.ო.-ის მოთხოვნა ამ ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ როგორც მართლსაწინააღმდეგო და ამორალური, საფუძველს მოკლებულია. რაც შეეხება ბინის ნასყიდობის ხელშეკრულებას ი. ბ.-სა და თ. ბ.-ს შორის, რომელიც გაფორმდა 1999 წლის 18 სექტემბერს, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ამ გარიგების, როგორც მოჩვენებითის, ბათილად ცნობის შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: სკ-ს 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს. მინდობილობა ბინის გასხვისებაზე გაცემულია 1999 წლის 20 სექტემბრამდე. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის ბინის მესაკუთრედ ირიცხებოდა რ. ო.-ე, ხოლო ი. ბ.-ს ხელთ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა ბინის გასხვისებაზე. სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად უძრავი ნივთის შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თ. ბ.-ე უნდა მიჩნეულიყო კეთილსინდისიერ შემძენად, რომლის ინტერესებსაც იცავს კანონი. რაც შეეხება რ.ო.-ის განცხადებას იმის შესახებ, რომ ბინის ნასყიდობის გარიგება ატარებს მოჩვენებით ხასიათს, ეს არ არის დადასტურებული, ხოლო მარტოოდენ ის გარემოება, რომ თ. ბ.-ე არის ი. ბ.-ის და, ვერ იქნა მიჩნეული გარიგების მოჩვენებითობის დამადასტურებლად. ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის სადავო ბინის მესაკუთრედ ირიცხებოდა რ. ო.-ე, ხოლო ი. ბ.-ს ხელთ ჰქონდა კანონით დადგენილი წესით გაფორმებული მინდობილობა ბინის გასხვისებაზე და სკ-ს 185-ე მუხლის თანახმად, უძრავი ნივთის შემძენის ინტერესებიდან გამომდინარე, გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი არსად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში. აღნიშნულის გათვალისწინებით, თ. ბ.-ე ჩაითვლება კეთილსინდისიერ შემძენად, რომლის ინტერესებსაც კანონი იცავს.

რ. ო.-მ საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები. სააპელაციო პალატას უნდა ეხელმძღვანელა სკ-ს 56-ე მუხლი და გარიგება, რომელსაც სასამართლო უწოდებს ნასყიდობის ხელშეკრულებას, უნდა შეეფასებინა როგორც მოჩვენებითი და თვალთმაქცური გარიგება.

რ. ო.-ის საკასაციო საჩივარზე შეგებებული საკასაციო საჩივარი შეიტანა ი. ბ.-ის წარმომადგენელმა ც. დოლიძემ და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. ასევე არასწორად შეაფასა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან სააპელაციო პალატამ მხარეთა შორის გაფორმებული მინდობილობა მიიჩნია თვალთმაქცურ გარიგებად, თვალთმაქცურია გარიგება მაშინ, როცა ერთი მხარე ცდილობს დაფაროს სხვა კანონსაწინააღმდეგო გარიგება. მინდობილობა კი ი. ბ.-ს მიეცა ბინის გაყიდვის მიზნით და არა სესხის დაბრუნების უზრუნველსაყოფად.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, საკასაციო საჩივრებს და თვლის, რომ ისინი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ო.-სა და ი. ბ.-ს შორის 1998 წლის აგვისტოში დაიდო სესხის წერილობითი ხელშეკრულება, რომლითაც ამ უკანასკნელმა რ. ო.-ს გადასცა 500 დოლარი. ხელშეკრულების გაფორმების დღეს ამ უკანასკნელს მიენიჭა უფლება გაესხვისებინა მისი კუთვნილი სახლი, მდებარე ... რუსთავში. მინდობილობის ვადა განისაზღვრა ერთი წლითა და ერთი თვის ვადით. 1999 წლის 18 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, ი. ბ.-მ დას თ. ბ.-ს მიჰყიდა რ. ო.-ის სახელზე რიცხული ზემოაღნიშნული ბინა.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რაც სსკ-ს 393-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია.

სააპელაციო სასამართლომ სწორად არ შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მიიჩნია რა მხარეთა შორის გაფორმებული მინდობილობა თვალთმაქცურ გარიგებად. პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 427-426-ე მუხლები, ვინაიდან სახეზეა მოვალის გარანტია. სკ-ს 424-ე მუხლის თანახმად, მოვალის გარანტიად ითვლება, როცა მოვალე კისრულობს რაიმე უპირობო მოქმედების შესრულებას, რომელიც სცილდება ხელშეკრულების საგანს.

პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას, რომ რ. ო.-ის მიერ გაცემული მინდობილობა არ არის იპოთეკა. სესხის ხელშეკრულების გაფორმებისას მოვალემ გასცა კრედიტორზე მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება-აღჭურვა იმ უფლებით, რომ სესხის დაბრუნებამდე ეცხოვრა მის ბინაში და ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში გაესხვისებინა სადავო ბინა.

საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებლი სააპელაციო სასამართლოს მოტივაცია, რომ მინდობილობა ანუ დავალების ხელშეკრულება თვალთმაქცური გარიგებაა, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს სურდათ მინდობილობის გაფორმება და მათი ნება სწორედ ამ გარიგების დასადებად იყო მიმართული. აღნიშნული გარიგებით ვერ დაიფარებოდა სესხის ხელშეკრულება, ვინაიდან მხარეებმა ეს უკანასკნელი ხელშეკრულებაც წერილობით კანონოს შესაბამისად გააფორმეს და მისი დაფარვა არ უცდიათ.

პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ ისე უთხრა უარი რ. ო.-ს ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რომ არ დაადგინა გარემოებები, რის საფუძველზე მიიჩნია თ. ბ.-ე კეთილსინდისიერ შემძენად.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხების გარკვევის შემდეგ უნდა მიიღოს სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

რ. ო.-ის წარმომადგენლის ტ. კ.-ისა და ი. ბ.-ის წარმომადგენლის ც. დ.-ის საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.