3კ-873-02 12 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. ახალაძე (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია,
თ. კობახიძე
დავის საგანი: ბინის თანამესაკუთრედ ცნობა (ძირითადი სარჩელი); ბინიდან გამოსახლება (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
ვ. ქ.-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა თბილისში, ...-ის ქუჩა ¹1-ში მდებარე ბინის თანამესაკუთრედ ცნობა შემდეგი საფუძვლით: 1995 წლიდან ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფება მოპასუხე ა. ტ.-თან. ერთად ცხოვრების პერიოდში, 1996წ. 20 ივნისს, შეიძინეს სადავო ერთოთახიანი ბინა. ბინა გაფორმდა ა. ტ.-ის სახელზე. მოსარჩელის განმარტებით, მან გაარემონტა ბინა და ცხოვრობს თავის შვილთან ერთად პირველი ქორწინებიდან. ა. ტ.-ი უარს აცხადებს, რომ ბინის ნახევარი აღირიცხოს მის სახელზე. მოპასუხე ა. ტ.-მ სარჩელი არ ცნო.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2001წ. 29 მარტის გადაწყვეტილებით ვ. ქ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, იგი ცნობილი იქნა თბილისში, ...-ის ქ.¹1-ში მდებარე ბინის 1/2-ის მესაკუთრედ. რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა მეუღლეებმა შეიძინეს ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში და საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლის თანახმად ცნო მოსარჩელე საერთო ბინის ნახევრის მესაკუთრედ.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ტ.-ის წარმომადგენელმა. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ა. ტ.-მ შეგებებლი სარჩელით მოითხოვა ვ. ქ.-ისა და მისი შვილის გამოსახლება სადავო ბინიდან. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინებით ა. ტ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. ა. ტ.-ს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სააპელაციო სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს შორის ქორწინება რეგისტრირებულია 1995წ. 13 დეკემბერს და ამჟამადაც შეწყვეტილი არ არის. ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო ბინა შეძენილია ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში და საქართველოს საქორწინო და საოჯახო კოდექსის (1970წ. რედაქციით) 22-ე მუხლის საფუძველზე სადავო სახლი ცნო მეუღლეთა საერთო საკუთრებად. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ა. ტ.-ის მოსაზრება, რომ ბინა შეძენილია ტ.-ის პირადი სახსრებით, ქ.-ს კი თანხა არ დაუხარჯავს, რადგან იმავე კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაში თუ ერთ მათგანს არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა რა მეუღლეთა თანასაკუთრებად სადავო ბინა, აღნიშნული საფუძვლით უარი უთხრა ა. ტ.-ს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ა. ტ.-ის წარმომადგენელმა ა. ჭ.-მ, რომლითაც მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სადავო ბინა ა. ტ.-მა შეიძინა საკუთარი სახსრებით, ბინის შეძენამდე ერთი თვით ადრე მან გაყიდა ბარნოვის ქ.¹116ა-ში მდებარე, მისი და მისი ქალიშვილის კუთვნილი ოროთახიანი ბინა და აღნიშნული თანხით იყიდა სადავო ბინა. ვ. ქ.-ი მაშინ საქართველოში არ იმყოფებოდა. სასამართლომ არასწორად ჩათვალა სადავო ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებად და არასწორად გამოიყენა საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლები, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში დავა მიმდინარეობს არა მეუღლეთა მიერ რეგისტრირებულ ქორწინებაში შეძენილ ქონებაზე, არამედ იმ ქონებაზე, რომელიც ა. ტ.-ს შეძენილი ჰქონდა ქორწინების რეგისტრაციამდე. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა საქოწინო და საოჯახო კოდექსის 23-ე მუხლის მესამე ნაწილი. ბინაში ჩატარებული რემონტის შედეგად არ მომხდარა ბინის ფასის მნიშვნელოვანი გადიდება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ა. ტ.-ი და ვ. ქ.-ი ქორწინების რეგისტრაციაში იმყოფებიან 1995წ. 13 დეკემბრიდან. სადავო ბინა შეიძინეს 1996წ. ივნისში ქორწინების რეგისტრაციის პერიოდში. სააპელაციო სასამართლომ დავის გადაწყვეტის დროს სწორად გამოიყენა საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე და 22-ე მუხლები. 21-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო საკუთრებას. მეუღლეებს აქვთ ამ ქონების სარგებლობის, მისი ფლობისა და განკარგვის თანაბარი უფლებები. აღნიშნულიდან გამომდინარე სააპელაციო სასამართლომ სადავო ბინა სწორად ჩათვალა მეუღლეთა საერთო საკუთრებად და მათი წილი თანაბრად განსაზღვრა. სააპელაციო სასამართლომ სწორად არ გაიზიარა ა. ტ.-ის მოსაზრება, რომ სადავო სახლი შეძენილია იმ ფულით, რომელიც მან აიღო მისი საკუთარი ბინის გაყიდვის შედეგად. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. მხოლოდ ის გარმოება, რომ ა. ტ.-ის ბინის გაყიდვა წინ უსწრებს სადავო ბინის ყიდვას არ შეიძლება ჩაითვალოს იმის დამადასტურებლად, რომ ბინა ა.ტ.-ის თანხით არის შეძენილი. საქმეში წარმოდგენილია ვ. ქ.-ის ახლო ნათესავების მიერ იმავე პერიოდში ბინის გასხვისების ხელშეკრულებები. აქედან გამომდინარე, იმის განსაზღვრა ზუსტად თუ რომელი თანხა იქნა გადახდილი სადავო ბინაში შეუძლებელია. სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა საქორწინო და საოჯახო კოდექსის 21-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმადაც მეუღლეებს თანაბარი უფლებები აქვთ ქონებაზე იმ შემთხვევაშიც, თუ ერთ მათგანს არ ჰქონდა დამოუკიდებელი შემოსავალი.
რაც შეეხება ა. ტ.-ის შეგებებულ სარჩელს ვ. ქ.-ის და მისი შვილის სადავო ბინიდან გამოსახლების შესახებ სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა იგი იმ საფუძვლით, რომ ვ. ქ.-ი სადავო ბინის თანამესაკუთრეა.
პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 410-ე მუხლით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ა. ტ.-ის წარმომადგენლის ა. ჭ.-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 13 მარტის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.