Facebook Twitter

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 3კ-827-01 15 მაისი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),

ლ. გოჩელაშვილი, რ. ნადირიანი

სარჩელის საგანი: ნაგებობის საჯაროდ გაყიდვის აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ი-იას გ. მ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 3520 აშშ დოლარის გადახდა. გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი 21791-1998წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 5 ნოემბრის დადგენილებით სასამართლოს გადაწყვეტილება შეიცვალა თანხის ოდენობის ნაწილში და მოპასუხე თ. ი-იას დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში. 1999წ. აგვისტოში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება Dდაიწყო. იმავე წლის 10 სექტემბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის განჩინებით თ. ი-იას საზედამხედველო საჩივარი სასამართლოს აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე არ დაკმაყოფილდა.

გ. მ-ძის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება მიექცა თ. ი-იას საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაზე მდებარე ... თბილისში. 1999წ. 28 მაისს გამართულ საჯარო ვაჭრობით ბინა 7000 ლარად შეისყიდა გ. ლ-შელმა.

თ. ი-იამ სარჩელით მიმართა სასამართლოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურის ტერიტორიული ორგანოს – კრწანისი-მთაწმინდის რაიონის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებისა და გ. ლ-შელის წინააღმდეგ და მოითხოვა 28.05.1999 წელს ნაგებობის საჯაროდ გაყიდვის აქტის ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ საჯარო ვაჭრობა ჩატარდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის იმ ნორმების დარღვევით, რომლებიც ითვალისწინებენ მოვალის უფლებას მონაწილეობა მიიღოს აღსრულების პროცესში, დაესწროს აღსრულების მიმდინარეობას, მორიგდეს კრედიტორთან, იდავოს ქონების ფასზე და ა.შ. აღმასრულებელმა ისარგებლეს მოვალის ავადმყოფობით და ბინა მნიშვნელოვნად დაბალ ფასში გაყიდეს.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 1999წ. 9 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თ. ი-იამ გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის პერიოდში მოპასუხედ აღმასრულებლების – მ. ჟ-შვილისა და ნ. კ-შვილის ნაცვლად ჩაბმულ იქნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონისა და ისანი-სამგორის რაიონის სააღსრულებო ბიუროები, ხოლო მ. ჟ-შვილი და ნ. კ-შვილი – მესამე პირებად მოპასუხის მხარეზე.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილებით თ. ი-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998წ. 30 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ი-იას გ. მ-ძის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 3520 აშშ დოლარი. თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 5 ნოემბრის დადგენილებით სასამართლო გადაწყვეტილება შეიცვალა თანხის ოდენობის ნაწილში და მოპასუხეს თ. ი-იას დაეკისრა 3200 აშშ დოლარის გადახდა ეროვნულ ვალუტაში.

სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი 2/791-1998წ. რომლის საფუძველზეც აღსრულება დაიწყო 1999წ. აგვისტოში. აღსასრულებლად მიექცა მოვალის საკუთრებაში არსებული ბინა მდებარე ... თბილისში. აუქციონი პრესის საშუალებით გამოცხადდა და დანიშნული იყო თავდაპირველად 1998წ. 16 სექტემბერს, რომელიც არ შედგა მყიდველთა გამოუცხადებლობის გამო. აუქციონი მეორედ – 1999წ. 17 მაისს დაინიშნა, მაგრამ გადაიდო იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო სამსახურში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. მესამედ, აუქციონი 1999წ. 28 მაისს დაინიშნა. ამის შესახებ გამოქვეყნდა პრესაში. ამ დღეს გამართული საჯარო ვაჭრობით ბინა 7000 ლარად შეისყიდა მოპასუხე გ. ლ-შელმა, რომელმაც აუქციონის დამთავრებისთანავე აუქციონის მომწყობ სასამართლოს აღმასრულებელს გადაუხადა შესყიდული ქონების საფასური - 7000 ლარი. აღნიშნული თანხიდან 3200 აშშ დოლარის შესაბამისი 6 400 ლარი სათანადო ხელწერილით აღმასრულებელმა გადასცა თ. ი-იას კრედიტორ გ. მ-ძეს, ხოლო 600 ლარი მესამე პირ ნ. კ-შვილთან ინახება, რადგან თ. ი-იამ თანხის მიღებაზე უარი განაცხადა.

სააპელაციო სასამართლომ სარჩელზე უარის თქმის იურიდიულ საფუძვლად მიუთითა: სამოქალაქო კოდექსის 187-ე მუხლი და მ. ლ-ელი მიიჩნია კეთილსინდისიერ შემძენად, რადგან ამავე კოდექსის 307-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მყიდველი ნივთის მესაკუთრე ხდება ფასის გადახდის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მ. ლ-ელმა (მყიდველმა) დაუყოვნებლივ, აუქციონის დამთავრებისთანავე გადაიხადა თანხის სრული ოდენობა და “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 75-ე მუხლის შესაბამისად მას, როგორც აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებამოსილ პირს, გადაეცა შესაბამისი განკარგულება ქონების საჯარო ვაჭრობით შეძენის თაობაზე, რომელიც გამოცხადებისთანავე ძალაში შევიდა. ამავე კანონის 76-ე მუხლი, მიუთითებს, სააპელაციო სასამართლო, ითვალისწინებს აუქციონზე შეძენილი ქონების უფლების გადაცემის განკარგულების გაუქმებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალური შემოთავაზებული ფასი აუქციონზე ქონების შემძენის მიერ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ იქნება შეტანილი სააღსრულებო ბიუროს დეპოზიტურ ანგარიშზე. კანონი აუქციონზე შეძენილ ქონებაზე უფლებათა გადაცემის გაუქმების სხვა შემთხვევებს არ ითვალისწინებს.

სასამართლომ გააუქმა საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღისაგან გაათავისუფლა გ. ლ-ელის სახელზე რიცხული სადავო ბინა.

საკასაციო საჩივრის ავტორი მოითხოვს აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლებით:

- საქმე განიხილა სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ, რადგან ორი მოსამართლე – დ. თ-ძე და მ. ჯ-შვილი, ადრე მონაწილეობდა ამ საქმის განხილვაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” პუნქტის საფუძველზე აღნიშნული გარემოება გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

- გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს ის გარემოება, რომ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის – მ. ჟ-შვილის სათანადო წესით მოწვევის გარეშე, რის გამოც მოპასუხეს საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების საშუალება არ მიეცა.

- სასამართლომ 2001წ. 27 მარტს არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სასამართლოს აცილების თაობაზე.

- გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლი, რადგან აუქციონი არ იყო დანიშნული ამავე კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. ასევე, არ უნდა გამოეყენებინა 187-ე მუხლი, “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონი 75-ე და 76-ე მუხლები.

- აუქციონის ჩატარებისას აღმასრულებელმა დაარღვია “სააღსრულებო წარმოების შესახებ” კანონის მე-8, მე-17, მე-18, 21-ე, 25-ე, 26-36-ე, 42-ე, 49-ე, 71-77-ე, 84-ე, 90-91-ე, 113-ე მუხლების მოთხოვნები, რაც სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა.

კასატორი მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია, მაგრამ ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია იმ მოსამართლეების მიერ, რომლებიც საქმის განხილვაში ადრე მონაწილეობდნენ. აღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ზ” პუნქტით გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ასეთი დარღვევა სახეზეა. მოცემულ შემთხვევაში კასატორის მითითება ამ გარემოებაზე უსაფუძვლოა, რადგან მითითებული ნორმა გულისხმობს იმ შემთხვევას, როცა დარღვეულია ამავე კოდექსის 29-ე მუხლის მოთხოვნა.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ მითითებულ მოსამართლეებს აღნიშნული საქმე არც პირველი ინსტანციით განუხილავთ და, არც საკასაციო სასამართლოში. ამდენად, მათი მონაწილეობა სააპელაციო წესით საქმის განხილვაში კანონიერია.

- პალატა ასევე ვერ გაიზიარებს კასატორის მითითებას სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის დარღვევაზე, რადგან დადგენილია, რომ ჯერ ერთი, მ. ჟ-შვილი სასამართლომ საქმის განხილვაში მიიწვია დადგენილი წესით; მეორე, იგი მოცემულ დავაში მხარეს არ წარმოადგენს. მ. ჟ-შვილი მესამე პირად არის ჩაბმული მოპასუხის მხარეს.

- პალატას უსაფუძვლოდ მიაჩნია კასატორის პრეტენზია სააპელაციო სასამართლოს მიერ 2001წ. 27 მარტს დაყენებული შუამდგომლობის განუხილველად დატოვების შესახებ, რადგან საქმის მასალებით, ასეთი შუამდგომლობის (მოსამართლეთა აცილების შესახებ) არსებობა არ დასტურდება. ამასთან, მხარის მიერ 2001წ. 27 მარტს სასამართლო სხდომის ოქმზე შენიშვნები არ არის შეტანილი.

საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის მითითებას იმის შესახებ, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია. დაუსაბუთებლობაში იგულისხმება სასამართლოს მიერ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა დარღვევა. მოცემულ საქმეზე სასამართლომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში არ მიუთითა იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაც აუქციონის ჩატარების კანონიერების საკითხის შესამოწმებლად აუცილებელია. კერძოდ, “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილია ის წესი და პირობები, რისი დაცვაც სავალდებულოა აუქციონის დანიშვნისა და ჩატარებისას; სასამართლომ არ გამოარკვია აუქციონის ჩატარების დროს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოება, როგორიცაა მხარეებისათვის აუქციონის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ შეტყობინება.

საკასაციო პალატა ნაწილობრივ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ მხარეს აუქციონის კანონით დადგენილი წესების დარღვევით ჩატარებისას მიადგა მატერიალური ზიანი, შეუძლია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით იდავოს სარჩელით, მაგრამ ეს ყველა შემთხვევაში ასე არ არის. პალატა განმარტავს, რომ თუ აუქციონის ჩატარების დროს სასამართლო აღმასრულებლის მიერ უხეშად დაირღვა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონით დადგენილი აღსრულების წესი და პირობები, ასეთ შემთხვევაში უნდა გაუქმდეს აუქციონის შედეგები, რადგან კანონი თანაბარ პირობებში აყენებს ქონების მესაკუთრეს (იმ პირს, რომლის ქონება უნდა გაიყიდოს და იმას, ვინც აუქციონზე ქონება შეიძინა). პირს (მხარეს), რომლის ქონებაც იძულებით აუქციონით უნდა გაიყიდოს, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს აუქციონში. ამიტომ მითითებული კანონის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის, მე-18 მუხლისა და 71-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასამართლო აღმასრულებელი ვალდებულია მხარეებს აუწყოს აუქციონის ჩატარების დრო და ადგილი, განუმარტოს მხარეებს მათი უფლებები და მოვალეობები, დაეხმაროს მათ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვაში.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო პალატას სწორედ ეს საკითხი უნდა გამოერკვია და ამის შემდეგ მიეღო გადაწყვეტილება. აღნიშნულის გამო უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაბრუნდეს. საქმის ხელახლა განხილვის დროს სასამართლომ დამატებით უნდა გამოიკვლიოს საქმის მასალები და დაადგინოს აუქციონის ჩატარების დროს დაცული იყო თუ არა “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის მოთხოვნები.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 29 მაისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.