3კ-874-02 11 ოქტომბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ.Mგოგიშვილი (თავმჯდომარე),
მ. წიქვაძე,რ. ნადირიანი
დავის საგანი: პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარება და რეაბილიტირებულად ცნობა.
აღწერილობითი ნაწილი:
ა. მ.-ე (ხ.-ა) 1944 წელს ოჯახთან ერთად სსრკ სახელმწიფო თავდაცვის კომიტეტის ¹6279 დადგენილების საფუძველზე გადასახლებული იქნა საქართველოდან უზბეკეთის რესპუბლიკაში, სადაც იმყოფებოდა აღრიცხვაზე 1956 წლამდე. 1956წ. 28 აპრილს სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით დაბრუნდა საცხოვრებლად ქ. ახალციხეში. 2001წ. 2 თებერვალს მან შეიცვალა გვარი ხ.-ა _ მ.-ედ და აღიდგინა ეროვნება _ ქართველი.
ა. მ.-ემ 09.11.01წ. განცხადებით მიმართა სასამართლოს და ,,საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე მოითხოვა პოლიტიკურ რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულად აღიარება, რაც მას საპენსიო საკითხების მოსაგვარებლად ესაჭიროებოდა.
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილებით განმცხადებელს უარი ეთქვა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. მ.-ემ, რომელმაც მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირვანდელი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილებით ა. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2002წ. 9 იანვრის გადაწყვეტილება, ა. მ.-ის განცხადება დაკმაყოფილდა და იგი ცნობილი იქნა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად და რეაბილიტირებულად.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსმა ვლადიმერ ჯ.-ემ.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლით მივიდა დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე მოქმედების განხორციელების თაობაზე.
მოცემულ დავაში მოპასუხე საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, რის გამოც დავა უნდა ჩაითვალოს ადმინისტრაციულად და მისი გადაწყვეტა უნდა მოხდეს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესების თანახმად.
ადმინისტრაციულ დავათა განხილვის წესი არსებითად განსხვავდება სამოქალაქო დავათა განხილვის პროცედურისგან.
ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში მონაწილე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმე მორიგებით დაამთავროს და უარი თქვას სარჩელზე ან ცნოს სარჩელი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარმოსადგენად.
სსკ-ს მიხედვით მტკიცებულებას სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლო თავისი ინიციატივით არ იღებს გადაწყვეტილებას დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის შესახებ.
აღნიშნულის გამო, პალატა თვლის, რომ როდესაც ადმინისტრაციულ დავას იხილავს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე, ირღვევა კანონმდებლობით დადგენილ ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვის უმთავრესი პრინციპი და დავა წყდება იმ აუცილებელი ნორმების გამოყენებისა და გათვალისწინების გარეშე, რაც ადმინისტრაციულ წარმოებას სამოქალაქო საქმეთა სასამართლო წარმოებისაგან განასხვავებს.
პალატა თვლის, რომ საპროცესო ნორმების ამგვარ დარღვევას შეიძლება შედეგად მოჰყვეს საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების მიღება. ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლო არ იყენებს იმ საპროცესო ნორმებს, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც შეუძლებელი ხდება გადაწყვეტილების კანონიერებისა და მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება.
ვინაიდან მოცემული დავა განხილულია თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მიერ, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს კანონის დარღვევა, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და განსახილველად დაუბრუნდეს საოლქო სასამართლოს შესაბამის პალატას.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს სოცუზრუნველყოფის ერთიანი სახელმწიფო ფონდის ახალციხის რაიონული განყოფილების უფროსის ვ. ჯ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 6 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.