Facebook Twitter

საქმე # 080141124010188793

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

საქმე №9I-25 24 იანვარი, 2025 წელი

გ-ძე თ, 9I-25 ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ლევან თევზაძე (თავმჯდომარე),

მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სსიხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის განაჩენით:

1.1. თ. გ-ძე, - დაბადებული ... წლის .. ნოემბერს, - ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით:

2.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის განაჩენით თ. გ-ის მიმართ დანიშნული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით შეიცვალა ჯარიმით - 1000 ლარით.

3. თბილისის საქალაქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით:

3.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

3.2. თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

3.3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა ძირითადმა სასჯელმა სრულად შთანთქა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 16 მარტის განაჩენითა და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით თ. გ-ის მიმართ დანიშნული ძირითადი სასჯელი ჯარიმა - 1000 ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ-ეს სასჯელის ზომად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 3 წელი. მასვე, დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა - 4000 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თ. გ-ს მოხდილ სასჯელში ჩაეთვალა დაკავებაში ყოფნის დრო - 2018 წლის 8 სექტემბრიდან იმავე წლის 12 სექტემბრის ჩათვლით.

3.4. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 5 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 10 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2021 წლის 9 თებერვლის განჩინებით:

4.1. თ. გ-ძე გათავისუფლდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული პირობითად ჩათვლილი სასჯელისა და გამოსაცდელი ვადისაგან. მსჯავრდებულ თ. გ-ს აღუდგა „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ჩამორთმეული უფლებები, გარდა იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებისა.

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით:

5.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით და მიესაჯა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობითად.

5.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 2 წლით, 11 თვითა და 25 დღით თავისუფლების აღკვეთას, რაც ჩათვლილია პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. დანიშნული სასჯელიდან - 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა - ჩაეთვალა პირობითად - 5 წლის გამოსაცდელი ვადით.

5.3. მასვე ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონის საფუძველზე, 10 წლით ჩამოერთვა საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; 6 თვით - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2018 წლის 7 ნოემბრიდან იმავე წლის 29 ნოემბრის ჩათვლით.

6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით:

6.1. თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა: საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (2022 წლის 9 აგვისტოს ეპიზოდი) - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 15 აგვისტოს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა - 7 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა დანარჩენი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.

6.2. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი. სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სრულად შთანთქა ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის ვადა აეთვალა დაკავების დღიდან - 2022 წლის 7 სექტემბრიდან.

6.3. ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, მსჯავრდებულს 5 წლით ჩამოერთვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, 10 წლით - საადვოკატო საქმიანობის, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის, საჯარო სამსახურში საქმიანობის, პასიური საარჩევნო და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლებები, ხოლო 15 წლით - საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 1 ივნისის განაჩენი დარჩა უცვლელად.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2024 წლის 26 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი არ იქნეს დაშვებული განსახილველად.

9. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით:

9.1. დამტკიცდა საპროცესო შეთანხმება. თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მიესაჯა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო განაჩენის გამოტანის დღიდან - 2023 წლის 11 აგვისტოდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 2 ივლისიდან იმავე წლის 6 ივლისის ჩათვლით.

10. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 26 სექტემბრის განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის შესახებ განჩინებით:

10.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2024 წლის 28 ნოემბრის განაჩენით თ. გ-ს მიმართ დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ თ. გ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა. მას სასჯელის მოხდა დაეწყო 2022 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 2 ივლისიდან იმავე წლის 6 ივლისის ჩათვლით.

11. 2024 წლის 9 ოქტომბერს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის №14 დაწესებულებიდან, „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის აღსრულების მიზნით, მიიღო მსჯავრდებულ თ. გ-ის პირადი საქმე.

12. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინებით მსჯავრდებულ თ. გ-ის მიმართ გავრცელდა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონი, კერძოდ:

· ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის საფუძველზე, თ. გ-ძე გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით დანიშნული სასჯელის - 1 წლით თავისუფლების აღკვეთისაგან.

· ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, თ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (09.08.2022 წლის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელი - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა;

· ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (15.08.2022 წლის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა;

· ერთი მეექვსედით შეუმცირდა საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (17.08.2022 წლის ეპიზოდში) დანიშნული სასჯელი - 7 წლით თავისუფლების აღკვეთა და განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის საფუძველზე სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (2022 წლის 17 აგვისტოს ეპიზოდში) დანიშნულმა და ამნისტიით შემცირებულმა სასჯელმა - 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქა სხვა სასჯელები და საბოლოოდ მას განესაზღვრა 5 წლითა და 10 თვით თავისუფლების აღკვეთა. თ. გ-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2022 წლის 7 სექტემბრიდან. მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის დრო - 2022 წლის 2 ივლისიდან იმავე წლის 6 ივლისის ჩათვლით. განაჩენი სხვა ნაწილში დარჩა უცვლელად

13. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება გაასაჩივრა მსჯავრდებულმა თ. გ-მ, რომელიც ითხოვს გასაჩივრებულ განჩინებაში ცვლილების შეტანას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ განიხილა საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

2. ,,ამნისტიის შესახებ” 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა). ამავე კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლით (გარდა მე-2 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), მე-3 მუხლით, მე-4 მუხლით (გარდა მე-4 მუხლის მე-4 ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) ან მე-5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სასჯელის შემცირება ვრცელდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ რეალურ სასჯელზე, პირობით მსჯავრსა და გამოსაცდელ ვადაზე, აგრეთვე სხვა სასჯელზე (გარდა ჯარიმისა, ქონების ჩამორთმევისა, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვისა და სამხედრო წოდების ჩამორთმევისა).

3. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 16 მარტის განაჩენით თ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (2016 წლის 14 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 130 საათით, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2017 წლის 1 აგვისტოს განჩინებით შეიცვალა ჯარიმით - 1000 ლარით, რაზედაც არ ვრცელდება ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მოქმედება.

4. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, გაუნახევრდეს დანიშნული სასჯელი განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის არმქონე პირს, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო წარმოებისა ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებისა, წარმოებისა, შეძენისა, შენახვისა, გადაზიდვისა ან გადაგზავნისა). ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირი, რომელმაც ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ან „გ“−„ე“ ქვეპუნქტებით, გათვალისწინებული დანაშაული, მასზე ამ მუხლის პირველი ან მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ამნისტიის გავრცელების მიზნით ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება, თუ იგი ნასამართლევი იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIII თავით გათვალისწინებული ნარკოტიკული დანაშაულის (გარდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო გასაღებისა, ფსიქოტროპული ნივთიერების ან მისი ანალოგის უკანონო გასაღებისა, ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისა ან მცენარე კანაფის ან მარიხუანის უკანონო გასაღებისა) ჩადენისთვის.

5. მოცემულ შემთხვევაში დგინდება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 5 თებერვლის განაჩენით განსაზღვრული ქმედების (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა არაერთგზის) ჩადენის დროს თ. გ-ძე ნასამართლევი იყო როგორც ნარკოტიკული, ასევე საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად, მასზე ვერ გავრცელდება ,,ამნისტიის შესახებ’’ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი და მეხუთე პუნქტების დანაწესი. თუმცა საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სახეზეა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული შეღავათის გამოყენების წინაპირობა, კერძოდ:

6. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, ერთი მეექვსედით უნდა შეუმცირდეს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი პირს, რომელზედაც არ ვრცელდება ამ კანონის პირველი−მე-3 მუხლებით გათვალისწინებული ამნისტია და რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული დანაშაული არ ჩაუდენია.

7. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 1-ლი პუნქტით და მსჯავრდებულ თ. გ-ს ერთი მეექვსედით შეუმცირა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 1 ივნისის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით (09.08.2022 წლის ეპიზოდი), 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებითა (15.08.2022 წლის ეპიზოდი) და 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’, ,,დ’’ ქვეპუნქტებით (17.08.2022 წლის ეპიზოდი) დანიშნული სასჯელი.

8. ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის 1-ლი მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უნდა გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან პირი, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული, რომელიც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, თუ თითოეული დაზარალებული ამ კანონის აღსრულებისას გამოძიების ორგანოს ან სასამართლოს წინაშე თანხმობას განაცხადებს, რომ აღნიშნულ პირზე გავრცელდეს ამ პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია. ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ დაზარალებული ფიზიკური პირი გარდაცვლილია ან ვერ იძებნება, იმავე პუნქტში აღნიშნულ პირზე ამნისტია გავრცელდება, თუკი ამაზე თანხმობას ამ კანონით დადგენილი წესით განაცხადებს დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ერთი სრულწლოვანი, ქმედუნარიანი წევრი (დედა, მამა, მეუღლე, შვილი), ხოლო თუ დაზარალებულ ფიზიკურ პირს ოჯახის ასეთი წევრი არ ჰყავს ან დაზარალებული ფიზიკური პირის ოჯახის ასეთი წევრი ვერ იძებნება, აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული ამნისტია აღსრულდება.

9. დადგენილია, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით თ. გ-ის მიერ ჩადენილ ქმედებაზე დაზარალებულად ცნობილი იყო თ. ლ-ი. საქმეში არსებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ წარმოდგენილი N68227008144 გარდაცვალების აქტის ჩანაწერით დგინდება, რომ თ. ლ-ი გარდაიცვალა 2022 წლის 24 ნოემბერს. ამასთან, საქმეში წარმოდგენილია ე. ჯ-ის განცხადება, რომელიც უთითებს, რომ არის აწ გარდაცვლილი თ. ლ-ის დედა და იგი თანხმობას აცხადებს თ. გ-ის მიმართ გავრცელდეს 2024 წლის 17 სექტემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონი. ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულიად კანონიერად იხელმძღვანელა ,,ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული მუხლით და თ. გ-ძე გათავისუფლდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2023 წლის 11 აგვისტოს განაჩენით დანიშნული სასჯელისაგან.

10. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მსჯავრდებულ თ. გ-ის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ხოლო გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „ამნისტიის შესახებ“ 2024 წლის 17 სექტემბრის საქართველოს კანონით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მსჯავრდებულ თ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 9 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ლ. თევზაძე

მოსამართლეები: მ. გაბინაშვილი

ნ. სანდოძე