¹ 3კ/877-01 29 მარტი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
ქ. გაბელაია, თ. კობახიძე
დავის საგანი: ნივთების დაბრუნება და ბინაში შესახლება (ძირითად სარჩელში), ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (შეგებებული სარჩელი).
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. ჩ-ძე არის მოპასუხეების ც. და ჯ. ბ-ძეების რძალი _ მოპასუხე ვ. ბ-ძის ცოლი. ვ. და ქ. ბ-ძეებს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი _ ბ., დაბადებული 1999 წელს. 2000 წლის სექტემბერში ქ. ბ-ძე-ჩ-ძემ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისაგან ოქროს ნივთების, საძინებელი გარნიტურის დაბრუნება და ქუთაისში, ... მდებარე ჯ. ბ-ძის საკუთრების ბინაში შესახლება შემდეგი საფუძვლით: ოქროს ნივთები მისი საკუთრებაა, ნაწილი აჩუქა დედამთილმა, ნაწილი _ ნათესავებმა ნიშნობასა და ქორწილში. მშობიარობის შემდეგ დედამთილმა ც. ბ-ძემ დროებით სთხოვა ოქროს ნივთები ლომბარდში ჩასადებად. მან გადასცა ოქროს ნივთები, რომელიც მისთვის აღარ დაუბრუნებიათ. გარდა ამისა, გათხოვების შემდეგ მზითვში მიიტანა 1100 აშშ დოლარად ღირებული საძინებელი გარნიტური, რომელიც დღეისათვის მოპასუხეების სახლში დგას. მოპასუხეებმა იგი გამოაგდეს ბინიდან, სადაც ცხოვრობდა გათხოვების შემდეგ და აღარ უშვებენ, მას კი სხვა საცხოვრებელი არა აქვს.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს საძინებელი გარნიტურის მოსარჩელისათვის დაბრუნების ნაწილში, ხოლო ოქროს ნივთების დაბრუნების და ბინაში შესახლების ნაწილში სარჩელი არ ცნეს. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001 წლის 3 იანვრის გადაწყვეტილებით ქ. ბ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხეებს დაევალათ მოსარჩელისათვის საძინებელი გარნიტურის დაბრუნება. სარჩელს ოქროს ნივთების დაბრუნების შესახებ ეთქვა უარი. სასამართლოს გადაწყვეტილებით ქ. ბ-ძე მცირეწლოვან შვილთან ერთად შესახლდა ქუთაისში, ... მდებარე ბინაში. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით: დადასტურებულად მიიჩნია, რომ ოქროს ნივთები მოპასუხე ც. ბ-ძემ 1998 წლის აპრილში ნიშნობაზე აჩუქა მოსარჩელე ქ. ჩ-ძეს და ვინაიდან ნიშნობა წინ უსწრებდა ქორწინების რეგისტრაციას, სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის მიხედვით ქორწინების რეგისტრაციამდე შეძენილი ქონება წარმოადგენს თითოეული მეუღლის საკუთრებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის თანახმად მოპასუხეებს აქვთ საკმაო საფუძველი ქ. ჩ-ძისათვის ხსენებული ნივთების ჩუქების გაუქმებისათვის, რადგან მოსარჩელემ გამოიჩინა აშკარა უმადურობა მოპასუხე ც. ბ-ძის მიმართ, რაც დასტურდება მისი ცემის ფაქტით. სასამართლომ ჩათვალა, რომ ოქროს ნივთების ლომბარდში დაგირავება მოხდა ნებაყოფლობით და აღებული თანხა მოხმარდა ოჯახის საერთო ინტერესებს. სასამართლომ ასევე დადასტურებულად მიიჩნია, რომ მოსარჩელე რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობდა მოპასუხეთა ბინაში. მოპასუხეებმა მიიღეს ოჯახის წევრად. ბინა ირიცხება მოპასუხე ბ. ბ-ძის სახელზე, ქ. ბ-ძე არის კეთილსინდისიერი მფლობელი და სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 161-ე, 162-ე მუხლების თანახმად შეუძლებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს როგორც ვ., ც. და ჯ. ბ-ძეებმა, ისე _ ქ. ჩ-ძემ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების ოქროს ნივთების დაბრუნებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმების შესახებ. ასევე არ დაკმაყოფილდა ჯ., ვ. და ც. ბ-ძეების სააპელაციო საჩივარი გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ქ. ჩ-ძის ბინაში შესახლების ნაწილში. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ც. და ვ. ბ-ძეების შეგებებული სარჩელი. ცვლილება შევიდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, ქ. ჩ-ძე-ბ-ძეს დაეკისრა ვ. და ც. ბ-ძეების სასარგებლოდ 10 გრამიანი ოქროს რგოლის ბეჭდისა და ბრილიანტის თვლიანი ბეჭდის დაბრუნება. დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი. სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მართალია მოპასუხეებს რაიონულ სასამართლოში არ დაუყენებიათ მოთხოვნა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, მაგრამ ჩათვალა, რომ მოპასუხეთა შესაგებელმა შეგებებული სარჩელის ფორმა მიიღო. სასამართლომ მიიჩნია, რომ მათი სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია, რადგან ჩ-ძემ გამოხატა აშკარა უპატივცემლობა დამაჩუქრებლის მიმართ.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ქ. ჩ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში შემდეგი საფუძვლით:
სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლი, რომლის ძალითაც სასამართლოს უფლება არა აქვს, თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნოს მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია. სააპელაციო სასამართლოში მხარეს არ წარუდგენია სარჩელი კანონით გათვალისწინებული წესით.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს ასევე, ც., ვ. და ჯ. ბ-ძეებმა, რომლებიც ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას შემდეგი საფუძვლით:
სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლი. ქ. ჩ-ძე არ უნდა ჩაითვალოს კეთილსინდისიერ მფლობელად, რადგან მისი ბინაში ჩასახლებაზე შეთანხმება მესაკუთრესთან არ ყოფილა. სახლის მესაკუთრე არის ინვალიდი, ფსიქიკურად დაავადებული ადამიანი და მის ოროთახიან ბინაში რძლის და ბავშვის შესახლება არღვევს მის, როგორც მესაკუთრის უფლებებს.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები და თვლის, რომ ორივე მხარის საკასაციო საფუძველი კანონიერია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ჩათვალა, რომ “რაიონული სასამართლო არ გასცდენია მოთხოვნის ფარგლებს, შეგებებული სარჩელი იყო დაყენებული მოპასუხეთა მხრიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში თუმცა არასრულყოფილი, არამართებული ფორმით (რაც გულისხმობს წერილობით წარდგენილ შეგებებულ სარჩელს). საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს ასეთ მსჯელობას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის თანახმად, შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 177-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შედგენილი უნდა იყოს წერილობითი ფორმით და პასუხობდეს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს. მოცემულ შემთხვევაში ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების შესახებ სარჩელი კანონით დადგენილი წესით წარდგენილი არ ყოფილა. ამდენად, პალატა იზიარებს კასატორ ჩ-ძის მოსაზრებას, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლო გასცდა მოთხოვნის ფარგლებს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია და გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, სააპელაციო სასამართლომ კი ამ ნაწილში გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა.
საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 159-ე, 161-ე მუხლები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ სადავო ბინის მესაკუთრე არის მოსარჩელე ჯ. ბ-ძე, რომელიც სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, უყენებს პრეტენზიას ნივთის მართლზომიერ მფლობელს და მოითხოვს მფლობელობის შეწყვეტას. ასეთ ვითარებაში, სასამართლოს უნდა ემსჯელა ამავე კოდექსის 163-ე მუხლით. აღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ არასაკმარისად დაასაბუთა გასაჩივრებული გადაწყვეტილება, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის è”ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
სასამართლომ საქმის ხელახალი განხილვის დროს უნდა გამოიკვლიოს, რამდენად მართლზომიერია სადავო სახლის მესაკუთრე ჯ. ბ-ძის პრეტენზია ქ. ჩ-ძის მიმართ მფლობელობის უფლების შეწყვეტის შესახებ, რადგან მესაკუთრეს სამოქალაქო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, შეუძლია მართლზომიერ მფლობელს მოსთხოვოს ნივთის დაბრუნება და მფლობელობის შეწყვეტა, თუ მისი პრეტენზია დასაბუთებულია. გარდა ამისა, გაარკვიოს აყენებენ თუ არა მოპასუხეები შეგეგებულ სარჩელს და წარდგენის შემთხვევაში იმსჯელოს მასზე. ასევე, გაარკვიოს თუ რომელი ოქროს ნივთი ვის მიერ იქნა ნაჩუქარი და ისე გადაწყვიტოს საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქ. ჩ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს, ასევე დაკმაყოფილდეს ვ., ჯ. და ც. ბ-ძეების საკასაციო საჩივარი.
გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს იმავე პალატას.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება