Facebook Twitter

¹ 3კ/878-01 25 იანვარი, 2002 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა

შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),

ქ. გაბელაია,თ. კობახიძე

დავის საგანი: მინდობილობის და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:

დიდუბის რაიონის სასამართლოს 1997 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ბ.-ის” სარჩელი მ. ლ-ძის მიმართ და თ. ა-ძე გამოსახლდა ქ. თბილისში, ... მდებარე, მის სახელზე რიცხული პრივატიზებული ბინიდან.

თ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს “ბ.-ისა” და მ. ლ-ძის მიმართ, მინდობილობისა და გირავნობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მან ... მდებარე ბინა დროებით საცხოვრებლად დაუთმო თავის დას – მ. ლ-ძეს, რომელმაც აღნიშნული ბინა “ბ.-იდან” აღებული სესხის უზრუნვეელყოფის მიზნით, ყალბი მინდობილობის გამოყენებით დააგირავა ბანკში.

დიდუბის რაიონის სასამართლოში საქმის განხილვისას რაიონულმა სასამართლომ შეაჩერა საქმის წარმოება და საქმე გადააგზავნა პროკურატურაში, რათა გამოძიებას დაედგინა მინდობილობის კანონიერებისა და მ. ლ-ძისა და ნოტარიუს ს. ბ-ძის ბრალეულობის საკითხი. დიდუბის რაიონულმა პროკურატურამ 1999 წლის 4 ოქტომბერს გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ს. ბ-ძის ქმედებაში დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, რის შემდეგაც საქმის წარმოება დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში განახლდა.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლო დაეყრდნო დიდუბის რაიონის პროკურატურის დადგენილებას სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის და შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამმართველოს დასკვნებს, რომლის მიხედვითაც მინდობილობები ნამდვილია.

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2000 წლის 29 მარტის განჩინებით უცვლელი დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ექსპერტიზის დასკვნები არ არის კატეგორიული ხასიათის, რის გამოც სასამართლოს მიერ, მხოლოდ აღნიშნულ დასკვნებზე დაყრდნობით მინდობილობის ნამდვილობის დადგენა უსაფუძვლოა. თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და გამოვიდა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. ა-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი თ. ლ-ძის სახელზე გაცემული მინდობილობა და “ბ.-სთან” დადებული ხელშეკრულება. სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო განმეორებითი გრაფიკული კომისიური ექსპერტიზის 2001 წლის 1 თებერვლის კატეგორიულ დასკვნას, რომლის მიხედვითაც თბილისის ¹23 სახელმწიფო სანოტარო კანტორის სარეესტრო წიგნში ¹... რიგითი ნომრის გასწვრივ ხელმოწერა ა-ძე შესრულებული არ არის თ. ა-ძის მიერ, არამედ ხელმოწერა შესრულებულია მ. ლ-ძის მიერ.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა სს “ბ.-ის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ დ. ნ-ძემ, რომლითაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი საფუძვლით: სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში არ მიიღო დიდუბის რაიონის პროკურატურის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. სასამართლოს მიერ კატეგორიული დასკვნად მიჩნეული განმეორებითი გრაფიკული კომისიური ექსპერტიზის დასკვნას ხელს არ აწერს საექსპერტო კომისიიის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მიიჩნევს, რომ მოცემულ საკითხზე კატეგორიული დასკვნის გაკეთება შეუძლებელია გამოსაკვლევ ხელმოწერაში მცირე გრაფიკული მასალის გამო. აღნიშნულიდან გამომდინარე დასკვნა არ ატარებს კატეგორიულ ხასიათს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ 1996 წლის 5 დეკემბერს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე მ. ლ-ძის მიერ მისი დის თ. ა-ძის სახელზე რიცხულ ბინაზე 1996 წლის 24 დეკემბერს დაიდო გირავნობის ხელშეკრულება მასა და სს “ბ.-ს” შორის იმავე წლის 27 დეკემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად. თ. ა-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მინდობილობის ბათილად ცნობის შესახებ იმ საფუძვლით, რომ მინდობილობაზე ხელმოწერა მას არ ეკუთვნის.

პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებით ერთმნიშვნელოვნად დადგენილია მინდობილობის ნამდვილობა და არ არსებობს საფუძველი მისი ბათილობისა.

საქმეზე ჩატარებული განმეორებით გრაფიკული კომისიური ექსპერტიზის 2001 წლის 1 თებერვლის დასკვნის თანახმად თ. ა-ძის სახელით მ. ლ-ძის სასარგებლოდ გაცემული 1996 წლის 5 დეკემბრის მინდობილობაზე შესრულებული ხელმოწერა და იმავე თარიღით დათარიღებული თ. ა-ძის შესრულებული ხელმოწერა განლაგებული თბილისის სახელმწიფო სანოტარო კანტორის სარეესტრო წიგნში რიგითი 3-2811 გასწვრივ შესრულებულია ერთი და იგივე პირის მიერ. ხელმოწერა არ ეკუთვნის თ. ა-ძეს, არამედ შესრულებულია მ. ლ-ძის მიერ. აღნიშნული კატეგორიული კომისიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია მინდობილობაზე თ. ა-ძის ხელმოწერის არარსებობა.

სამოქალაქო კოდექსის 103-ე მუხლის I ნაწილის თანახმად გარიგება შეიძლება დადებული იქნას წარმომადგენლის მეშვეობით. ამავე კოდექსის 107-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად უფლებამოსილების მიცემა ხდება მარწმუნებლის ნების გამოვლენის საფუძველზე. წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭება (მინდობილობის გაცემა) წარმოადგენს გარიგებას და მის მიმართ გამოიყენება გარიგების წესები. სამოქალაქო კოდექსის 106-ე მუხლის თანახმად წარმომადგენლის მეშვეობით გარიგების დადების შემთხვევაში მთავარია მარწმუნებლის (მინდობილების მიმცემი პირის) ნების გამოვლენა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელე თ. ა-ძეს მ. ლ-ძისათვის მინდობილობა არ მიუცია. სანოტარო წესით დამოწმებულ მინდობილებაზე და სანოტარო რეესტრში თ. ა-ძის ხელმოწერა არ არის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად საოლქო სასამართლოს პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. მოცემულ შემთხვეაში კასატორის მიერ წამოყენებული პრეტენზია არც დამატებითია და არც დასაბუთებული.

ასეთ ვითარებაში პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ მინდობილობა უცილოდ ბათილი (არარა) გარიგებაა და შესაბამისად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მის საფუძველზე დადებული გირავნობის ხელშეკრულებაც

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

სს “ბ.-ის” საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

დარჩეს უცვლელად თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.