გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-878-02 1 ნოემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: მ. წიქვაძე (თავმჯდომარე),
რ. ნადირიანი,
მ. გოგიშვილი
სარჩელის საგანი: ვალის დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
სს “გ-ის" ზუგდიდის ¹24 ფილიალის განცხადების საფუძველზე ხობის რაიონული სასამართლოს 2000წ. 25 ოქტომბრის გადახდის ბრძანებით შპს “ა. ხ. მ-ს" დაეკისრა 45508 ლარი. აღნიშნული გადახდის ბრძანება გაასაჩივრა მოპასუხემ და მისი მოთხოვნის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა სასარჩელო წარმოების წესით.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1995 წელს მოპასუხე მეურნეობის მიერ “გ-ის" ხობის ფილიალიდან სესხად გატანილი იყო 27680 ლარი. აღნიშნული დადასტურებულია მოპასუხის ბალანსის მონაცემებით. მოსარჩელემ მოითხოვა 2000წ. ოქტომბრამდე აღნიშნული თანხა ყოველთვიური 2%-ის დარიცხვით, რაც შეადგენდა 65906 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 1994წ. 16 დეკემბრის, 1995წ. 16 იანვრისა და 23 მაისის ხელშეკრულებებით მეურნეობას ბანკიდან სესხის სახით უნდა მიეღო 1650000000 კუპონი, მაგრამ როგორც კონტროლის პალატის რევიზიით დადგინდა მეურნეობას 1650000000 კუპონი არ მიუღია და ამ თანხის მიღება არც სხვა რაიმე დოკუმენტით დასტურდება, ე.ი. ნაცვლად 16 მილიარდ 104 მილიონი კუპონისა, მათ მიიღეს 14 მილიარდ 555 მილიონი კუპონი, რაც 1995წ. ოქტომბერში ლარის შემოღების შემდეგ შეადგენდა 14555 ლარს. მოპასუხის მოსაზრებით, აღნიშნული თანხა უნდა ჩაითვალოს ძირითად თანხად, რაც შეადგენს 34183 ლარს.
სასამართლო სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოცემული ურთიერთობა მოაწესრიგონ ახალი სამოქალაქო კოდექსით.
ხობის რაიონული სასამართლოს 2001წ. 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოსარჩელეს უარი ეთქვა 1995წ. 16 იანვრის სესხის სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის აღდგენაზე; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57676 ლარი.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მოდავე მხარეთა შორის დაიდო სამი ხელშეკრულება, კერძოდ, 1994წ. 16 დეკემბერს 5900000000 კუპონზე, მეორე ხელშეკრულება დაიდო 1995წ. 16 იანვარს 8555000000 კუპონზე, ხოლო მესამე ხელშეკრულება დაიდო 1995წ. 23 მაისს 1050000000 კუპონზე. სამივე ხელშეკრულებით მთლიანი თანხა შეადგენდა 16 მილიარდ 104 მილიონ კუპონს.
ვინაიდან მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ახალი სამოქალაქო კოდექსის ძალაში შესვლამდე, სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიონულ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი. ადრე მოქმედი კოდექსი კი სააპელაციო პალატის აზრით, ნომინალიზმის პრინციპს არ იცნობდა და რადგან კუპონმა განიცადა ჰიპერინფლაცია, პალატამ მიიჩნია, რომ უნდა გაზიარებულიყო მოსარჩელის გაანგარიშება და 16 მილიარდი 104 მილიონი კუპონი უნდა ჩათვლილიყო 27680 ლარის ეკვივალენტად. აღნიშნული დასკვნა დაეყრდნო ასევე მოპასუხე, საზოგადოების დირექტორის 1999-2000წ. წერილებს, სადაც იგი ადასტურებდა, რომ ბანკიდან მიღებული ჰქონდა 27680 ლარი.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ 1994წ. 16 დეკემბრისა და 1995წ. 23 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოთხოვნის ნაწილში ხანდაზმულობის ვადა დარღვეული არ იყო, რადგან აღნიშნული ხელშეკრულებებით სესხის დაბრუნების ვადა განსაზღვრული არ არის. ხოლო 1995წ. 16 იანვრის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სესხის დაბრუნების ვადა _ 1996წ. 16 თებერვალი, რის გამოც სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) 75-ე მუხლის საფუძველზე მიიჩნია, რომ ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის _ 8555000000 კუპონის შესაბამისი 14704 ლარის მოთხოვნა ხანდაზმულია.
სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 1994წ. 16 დეკემბრისა და 1995წ. 23 მაისის ხელშეკრულებები დადებული იყო წლიური 60%-ით, თვეში 5%, რაც სამოქალაქო კოდექსის (1964წ.) მე-4 მუხლის მეორე ნაწილის არ ეწინააღმდეგებოდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული თანხა (27680-14704) 12976 ლარი დარიცხულ პროცენტთან ერთად 2000წ. 17 ოქტომბრამდე შეადგენდა 57799 ლარსა და 75 თეთრს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა 57799 ლარი და 75 თეთრი.
ეს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელიც მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებას სარჩელზე უარის თქმის შესახებ შემდეგი საფუძვლებით:
1. სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, კერძოდ, სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ ორ ხელშეკრულებაში არ იყო გათვალისწინებული დაბრუნების ვადა. კასატორის მოსაზრებით, ყველა ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნა ხანდაზმული იყო და თავად მოსარჩელე მოითხოვდა ხანდაზმულობის ვადის აღდგენას.
საქმეში არ მოიპოვება არც ერთი ხელშეკრულების დედანი, რომლითაც შეიძლებოდა დადგენილიყო რეალური პირობები, ასლებში კი არ იკითხება არსებითი პირობები;
2. სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა 1964წ. სამოქალაქო კოდექსი, რადგან რაიონულ სასამართლოში მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის მიმართ გამოყენებული იქნებოდა ახალი სამოქალაქო კოდექსი.
კასატორი თვლის, რომ სასამართლოს უნდა გამოეყენებუნა სკ-ს 391-ე მუხლი.
კასატორის აზრით, გაუგებარია, რა საფუძველზე მოახდინა საოლქო სასამართლომ თანხის გამოთვლა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა განმარტებები და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ს 384-ე მუხლის თანახმად სააპელაციო ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხოლოდ იმ ფარგლებში, რასაც მხარეები მოითხოვენ.
დადგენილია, რომ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოცემულ საქმეზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოსარჩელეს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 57676 ლარის გადახდა. სააპელაციო პალატამ მოპასუხის სააპელაციო საჩივრის საფუძველზე გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და მოპასუხეს დააკისრა 57799 ლარის გადახდა ე.ი. 123 ლარით მეტი, ვიდრე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ჰქონდა მოპასუხეს დაკისრებული. ამდენად, სასამართლომ მოპასუხის, მისივე საჩივრის საფუძველზე, საუარესოდ შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც დაარღვია სსკ-ს 384-ე მუხლის მოთხოვნა.
სააპელაციო პალატამ რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გააუქმა იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს არ უნდა გამოეყენებინა ახალი სამოქალაქო კოდექსი, მაშინ, როდესაც პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეთანხმდნენ, რომ მათ შორის სადავო ურთიერთობა მოწესრიგებულიყო ახალი სამოქალაქო კოდექსით. პალატა თვლის, რომ რაიონულმა სასამართლომ სკ-ს 1507-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად სწორად გამოიყენა კანონი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატას არ უნდა გამოეყენებინა 1964წ. რედაქციის სამოქალაქო კოდექსი, რადგან მხარეთა შორის ერთხელ უკვე არსებობდა შეთანხმება ახალი სამოქალაქო კოდექსის გამოყენების თაობაზე.
საქმის მიხედვით, ასევე, სააპელაციო პალატის გადწყვეტილებით, დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან დადებული სამი ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოითხოვდა ძირითად თანხას (27680 ლარს) კანონით დადგენილი 2%-ის დარიცხვით, სულ მოითხოვდა 65906 ლარს. სასამართლომ ერთი ხელშეკრულება, რომლის საგანი იყო სადავო თანხის თითქმის ნახევარი ცნო ხანდაზმულად, ხოლო დანარჩენ თანხას დაარიცხა ყოველთვიური 5%, ე.ი. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მიაკუთვნა მხარეს იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა, რითაც დაარღვია სსკ-ს 248-ე მუხლის მოთხოვნები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ დაარღვია საპროცესო ნორმები, რასაც შედეგად მოჰყვა საქმეზე არსაწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ უნდა დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ს 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
შპს “ა. ხ. მ-ის" საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
გაუქმდეს ამ საქმეზე ქუთაისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 16 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.