გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 3კ-879-01 25 ივლისი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ხიმშიაშვილი (თავმჯდომარე),
თ. კობახიძე, ქ. გაბელაია
დავის საგანი: განჩინებაში დაშვებული მათემატიკური შეცდომის გასწორება.
აღწერილობითი ნაწილი:
მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1998წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. კ-ეს ვ. ს-ის სასარგებლოდ დაეკისრა ბინის ქირის გადახდა 1996წ. 2 აგვისტოდან 1998წ. 22 ოქტომბრამდე 195 ლარის ოდენობით, ხოლო ყოველთვიურად – 7,50 ლარის ოდენობით. ვ. ს-ეს უარი ეთქვა ც. კ-ის სადავო ფართიდან გამოსახლებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 1998წ. 20 ნოემბრის განჩინებით მთაწმინდის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაუქმდა მხოლოდ ც. კ-ის მიმართ ბინის ქირის დაკისრების ნაწილში იმ მოტივით, რომ სასამართლომ დაუშვა უზუსტობა, ბინის ქირა იანგარიშა ერთ კვ.მ-ზე დაუბეგრავი მინიმუმის 1%-ის ოდენობით, მაშინ, როდესაც მისი ოდენობა უნდა განსაზღვრულიყო დაუბეგრავი მინიმუმის 3%-ით 1 კვ.მ-ზე, ანუ 23 ლარით და 38 თეთრით. 1995 წლიდან 1998 წლამდე დაკისრებული ქირის ოდენობა გაიზარდა 607 ლარამდე და 88 თეთრამდე.
1999წ. 29 ოქტომბერს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საზედამხედველო წესით განხილულ იქნა ვ. ს-ის საჩივარი. იგი არ დაკმაყოფილდა, უცვლელი დარჩა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 1998წ. 20 ნოემბრის განჩინება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის 2000წ. 28 ივლისის განჩინებით განუხილველად იქნა დატოვებული თ. კ-ის განცხადება საქალაქო სასამართლოს 1998წ. განჩინებაში ბინის ქირის დაანგარიშებისას დაშვებული შეცდომის გასწორების შესახებ. სასამართლომ განჩინება გამოიტანა შემდეგი მოტივით: მან მიიჩნია, რომ განმცხადებელის მიერ გაშვებული იყო უსწორობის გასწორების შესახებ განცხადების შეტანის კანონით განსაზღვრული ერთთვიანი ვადა.
2000წ. 29 ნოემბერს ც. კ-ემ განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის 1998წ. 20 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული მათემატიკური შეცდომის გასწორება, საქალაქო სასამართლოს 1998წ. 20 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის იმგვარად გადაწყვეტა, როგორც 1998წ. 22 ოქტომბრის გადაწყვეტილებაშია შემდეგი საფუძვლით: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ დაშვებულ იქნა მათემატიკური შეცდომა, კერძოდ, მისი ოჯახის სულადობის და დაკავებული ფართის მიხედვით ქირა უნდა განსაზღვრულიყო დაუბეგრავი მინიმუმის 1%-ით და არა 3%-ით საქართველოს კანონის “საცხოვრებელი სადგომით სარგებლობისას წარმოშობილი ურთიერთობების შესახებ” მე-4 მუხლის II ნაწილის შესაბამისად.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 მაისის განჩინებით ც. კ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო:
სააპელაციო სასამართლოს 2001წ. 2 მაისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. კ-ემ იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ არასწორად გამოიანგარიშა ბინის ქირის ოდენობა და ნაცვლად დაუბეგრავი მინიმუმის 1%-სა განსაზღვრა 3%-ით. აღნიშნული განჩინება მას არ ჩაბარებია. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ შეიტყო სასამართლო აღმასრულებლისაგან, რომელმაც აცნობა, რომ გადასახდელი აქვს დაახლოებით 800 ლარი ბინის ქირა და გააფრთხილა საოჯახო ნივთების შესაძლო დაყადაღების შესახებ. იგი განიცდის მძიმე ეკონომიურ მდგომარეობას, რის გამოც აღნიშნული თანხის გადახდა მძიმე ტვირთად დააწვება მის ოჯახს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 ივნისის განჩინებით კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და სსკ-ს 417-ე მუხლის მიხედვით გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, კერძო საჩივრის შინაარსი და თვლის, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო კოლეგიის მიერ ც. კ-ის მიერ ვასილ ს-ის სასარგებლოდ გადასახდელი ბინის ქირის ოდენობა განისაზღვრა დაუბეგრავი მინიმუმის 3%-ის ოდენობით.
ც. კ-ემ მიიჩნია, რომ აღნიშნული თანხა არასწორად იყო დაანგარიშებული და საქალაქო სასამართლოს განჩინებაში არსებული მათემატიკური უზუსტობის გასწორების მოთხოვნით მიმართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომლის 2000წ. 28 ივლისის განჩინებით განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. ც. კ-ემ იგივე მოთხოვნით ხელახლა შეიტანა განცხადება თბილისის საოლქო სასამართლოში.
პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ც. კ-ეს სწორად ეთქვა უარი განცხადების დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო და განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გადასინჯვის მექანიზმს, გარდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებისა, არ ითვალისწინებს, ამიტომ განმცხადებელს უფლება არ ჰქონდა გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით მიემართა თბილისის საოლქო სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ც. კ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დარჩეს უცვლელი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2001წ. 2 მაისის განჩინება.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.